Friday, October 31, 2014

გაეროს მოდელირება სალერნოში (გაგრძელება)

მოდელირების მე-3 დღემაც არანაკლებ საინტერესოდ ჩაიარა. დებატებმა კიდევ უფრო აქტიური სახე მიიღო და კამათიც იმიგრაციის თემის გარშემო გაცხარდა. იდეათა დაპირისპირება ძირითადად გამოიწვია საზღვრების გაძლიერებისაკენ მიმართული ფონდების ბიუჯეტის განაწილების მექანიზმმა. დელეგატთა ნაწილი თვლიდა, რომ თანხა თანაბრად უნდა განაწილებულიყო ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან სხვა შემთხვევაში ადგილი ექნებოდა უსამართლობას; თუმცა წარმომადგენელთა მეორე მხარე მიიჩნევდა, რომ ასეთი პროპორციული დაყოფა არ მოიტანდა კარგ შედეგს და ფონდების ბიუჯეტი უნდა გადანაწილებულიყო საჭიროებისამებრ. დებატები დასრულდა აბსოლუტური კონსესუსით, რაც ნიშნავდა იმას, რომ საკომიტეტო სამუშაოები უნდა გადასულიყო ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაზე - რეზოლუციის შემუშავებაზე. აღნიშნული პროცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან Working Paper საჭიროებდა ცვლილებებს. კამათი რეზოლუციის შემუშავების დროსაც აქტიურად გაგრძელდა, რადგან Working Paper-ის შესწორებისას კომიტეტის პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე ამოიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რამაც უკმაკოფილება გამოიწვია საბერძნეთისა და კვიპროსის დელეგატებში. აღნიშნული გარემოებების გამო, რეზოლუციის შემუშავების საბოლოო ეტაპი შემდეგი სესიისათვის გადაიდო.   

ხანგრძლივი კამათისა და შრომის შემდეგ მეოთხე დღეს მივიღეთ პირველი რეზოლუცია, უკანონო იმიგრაციის შესახებ. ჩვენ განვიხილავდით ჩრდილოეთ აფრიკიდან და შუა აზიიდან ევროპაში არაკანონიერად გადაადგილებული ადამიანების საკითხს, რომელთა რიცხვიც საკმაოდ გაიზარდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ისლამური სახელმწიფოს ქმედებების შემდეგ. ჩვენ უნდა მოგვეძებნა გამოსავალი, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად სამხრეთ ნაწილში არიან განლაგებულნი, რამენაირად დავხმარებოდით იმიგრანტების მიღებაში, გადანაწილებაში და შემდეგ მათ მოვლაში. ასევე მოგვეძებნა გზები, იმიგრანტების მშობლიური ქვეყნებიდან არალეგალურად წამოსვლის თავიდან ასაცილებლად. თვითონ სამუშაო პროცესი ძალიანი საინტერესო იყო და შედეგიც კარგი მივიღეთ. რეზოლუციას ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მისი შინაარსი კი ასეთი იყო - პირველ რიგში ის, რომ ევროკავშირს უნდა გაეხანგრძლივებინა და უფრო მეტად უნდა დაეფინანსებინა სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ამ საკითზე მუშაობენ. მაგალითად, ერთერთი მათგანი  Asylum Migration and Integration Fund (AMIF), რომლის ბიუჯეტის გაზრდაც იმის ხარჯზე ხდება, რომ ყველა ევროკავშირის წევრს მოეთხოვება მისი დაფინანსება, თუმცა ყველას სხვადასხვაგვარად, რაოდენობის განმსაზღვრელი ძირითადად GDP და ცალკეული ქვეყნის, საკუთარი ბიუჯეტიდან არაკანონიერ იმიგრანტებზე დახარჯული თანხა იქნება. ასევე შევიმუშავეთ გეგმა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის ქვეყნებმა დადგენილი თანხა და მივიღეთ სპეციალური დადგენილება, რომ ყველაფერზე, რაც ამ ფონდიდან დახარჯულ თანხას შეეხება, ქვეყნებმა სისტემატიურად უნდა წარმოადგინონ რეპორტები, რადგან არ მოხდეს მისი არასწორად დახარჯვა. ეს რეზოლუცია კიდევ რამდენიმე პუნქტს მოიცავს, თუმცა დანარჩენებს აღარ გავიხილავ.

შემდეგ დაიწყო, როგორც აღმოჩნდა, ყველასთვის დიდად საინტერესო ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის განმხილველი სამიტი. რუსეთის წარმომადგენელი, რომელიც იტალიელი იყო, ძალიან კარგი და გამოცდილი დელეგატი აღმოჩნდა, რამაც დებატები კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ძირითადი საკითხები უკრაინის კრიზისი, სავაჭრო ურთიერთობები და რუსეთის ენერგეტიკული მარაგი იყო. ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნა იყო, რუსეთს შეეწყვიტა ყირიმის ანექსაცია და გაეყვანა ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. მხოლოდ ამის შემდეგ განიხილებოდა სანქციების შეწყვეტის საკითხი. რუსეთიც, თავის მხრივ, არ აღიარებდა საკუთარი ქმედებების არალეგალურობას და ამბობდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან რუსი ჯარისკაცები. ამ დღეს ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ რუსეთთან, რადგან დროც შედარებით ნაკლები იყო დარჩენილი.

დადგა სხდომების ბოლო დღეც, თუმცა რუსეთის ფედერაციასთან მცირე შეთანხმებაც კი არ გვქონია და დღის პირველი ნაწილი ისევ კამათს დავუთმეთ. შემდეგ მივხვდით, რომ დრო ძალიან ცოტა გვრჩებოდა და რაიმე გადაწყვეტილებამდე უნდა მივსულიყავით. გადაწყვეტილებას, წინა თემისგან განსხვავებით, რეზოლუციის სახე არ უნდა ჰქონოდა. ჩვენ უნდა მიგვეღო ან შენთანხმება, რომელსაც ევროკავშირის ყველა ქვეყანა და რუსეთის ფედერაციაც ეთანხმებოდა, ან დეკლარაცია, რომელსაც მხოლოდ ევროკავშირის რამოდენიმე ქვეყანა და რუსეთის ფედერაცია ეთანხმებოდნენ.
დიდი ხნის მუშაობის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელთან ერთად ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე პუნქტი, რომლებზეც შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. ის ძირითადად მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
  • ევროკავშირის სანქციები არ შეეხებოდა რუსეთის ბუნებრივი აირის მარაგს.
  • რუსეთის ფედერაციაც თავის მხრივ თანხმდებოდა, რომ არ მოხდებოდა ფასების ხელოვნურად აწევა.
  • შემზღუდველი ზომები არ უნდა შეხებოდა იმ ნავთობ-კომპანიებს, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ რუსეთის მთავრობას.
შეთანხმებაში საუბარი იყო რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების გაზრდაზე და სხვა.


საბოლოოდ, ჩვენ ვეცადეთ გვეპოვა გზა, რომ ევროკავშირის პრინციპებიდან გადახვევის გარეშე მაქსიმალურად შეგვემცირებინა მოკავშირე ქვეყნებისთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანი. ამ შეთანხმებასაც ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი .

Friday, October 3, 2014

პირველი დღეები სალერნოში

საქართველოს პირველად ჰქონდა პატივი მიეღო მონაწილეობა გაეროს მოდელირებაში, რომელიც ჩატარდა იტალიაში, კერძოდ სალერნოში.  პირველი დღე დიდი დაძაბულობით არ გამოირჩეოდა . პირველ რიგში ჩატარდა გახსნის ცერემონიალი , რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ UNISAMUN –ის პრეზიდენტი მირკო მონტური , ასევე UNISAMUN2014 -ის გენერალური მდივანი ნორბერტ ჟერნიაკი, მონაწილეობისთვის მადლობა გადაგვიხადა და წარმატება გვისურვა სალერნოს უნივერსიტეტის რექტორმა აურელიო ტომასეტიმ.

სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ფლორენციიდან მოწვეულია ამერიკის გენერალური კონსული კოლომბია ა. ბაროსე, რომელმაც ისაუბრა თუ როგორი მნიშვნელოვანია ასეთ პროექტებში მონაწილეობის მიღება , თუ რა დიდი გამოცდილების მიღება შეიძლება და განსაკუთრებით მნიშველოვანია მათვის ასეთ პროექტში მონაწილეობა , ვინც თავის კარიერას დიპლომატიის კუთხით აგრძელებს. გახსნის ცერემონიის შემდეგ ჩვენმა Chairperson-ებმა გაგვაცნეს ის ძირითადი წესები , რომელიც უნდა იყოს დაცული სესიების დროს. ამის შემდეგ განვიხილეთ საკითხი უნდა იყოს თუ არა იტალიური სამზარეულო გავრცელებული ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ყველა პროცედურის დაცვისა და დებატების შემდეგ გამოტანილ იქნა დასკვნა , რომ იტალიური სამზარეულო იქნება პრიორიტეტული იმ შემხვევაში თუ უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციის ხარისხი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი საკვები. ევროპულ კომიტეტს სტუმრად ჰყავდა ექსპერტი , რომელთან ერთადაც განვიხილეთ რუსეთთან დაკავშირებული საკითხები ევროპასთან და უკრაინასთან მიმართებაში. აქ საქართველოს დელეგაციასა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გაიმართა დაძაბული დებატები. 

საერთო ჯამში დღემ პროდუქტიულად ჩაიარა , მივიღეთ საკმაო ინფორმაციია პროცედურების შესახებ და საღამოს  ავღნიშნეთ პროექტის ოფიციალური გახსნა.

მეორე დღეს უკვე დავიწყეთ მუშაობა პირველ მთავარ თემაზე: იმიგრაცია ევროკავშირში. დასაწყისიდანვე საკმაოდ საინტერესო გამოდგა, რადგან გახსნითი განცხადებების შემდეგ დაიწყო საკმაოდ საინტერესო დებატები. შეიძლება ითქვას, რომ რეზოლუციის საწყისი ვარიანტის ჩამოყალიბებას დიდი გართულებებით არ ჩაუვლია. მივედით იმ დასკვნამდე, რომ უნდა მოხდეს ქვეყნების დაფინანსება და ასევე ვმუშაობთ „Frontex” ის პროგრამაზე. დანიის წარმომადგენელმა დასვა საკითხი, რომ უსამართლობაა ყველა ქვეყანამ თანაბარი თანხა გადაიხადოს, ამიტომ ვმუშაობთ ბიუჯეტის შედგენის ვარიანტზე. ყველაზე რეალური არის რაღაც პროცენტის აღება თითოეული ქვეყნის GDP დან. რეზოლუცია საბოლოო სახეს მესამე დღეს მიიღებს.