Monday, October 28, 2013

რიგითი ირანელები სანქციებს მიღმა



სპარსული სახელმწიფო არაბულ სამყაროში, შიიტური ქვეყანა სუნიტებს შორის- ეს ირანია, სპარსეთის ყურის ყველაზე გავლენიანი, ამ რეგიონში მოსახლეობით ყველაზე მეტი და ეკონომიკურადაც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო.

თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრს საუბრობენ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს ისტორია რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.  შესაბამისად, ძალიან საინტერესოა, რა გავლენას ახდენს ეს პროცესი ჩვეულებრივ ირანელებზე, როგორ აისახება მათზე თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც პოლიტიკოსები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იღებენ.

1967 წელს თეირანში, აშშ-ს დახმარებით, აიგო მცირე, ხუთმეგავატიანი რეაქტორი. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან შაჰმა გადაწყვიტა, შეექმნა ატომურ ენერგიაზე მომუშავე სადგურების ინფრასტრუქტურა.  ამისათვის კი ირანს სჭირდებოდა დახმარება, რისთვისაც  საფრანგეთს, დასავლეთ გერმანიასა და სამხრეთ აფრიკას მიმართა. იმ პერიოდში მიაჩნდათ, რომ შაჰის მიზანი ატომური იარაღით აღჭურვა იყო. ეს ვარაუდი მართლაც გამართლდა. ამდენად, ირანის ბირთვული პროგრამა, 1979 წლის ირანი ისლამური რევოლუციის შემდეგ კი არა, მანამდე დაიწყო.

ბუშერის რეაქტორის პროექტი მალევე შეჩერდა. ერაყთან ომის დროს, ირანს ბირთვული პროგრამისათვის, ცხადია, აღარ ეცალა, მაგრამ 90-იანი წლებიდან დაიწყო ბირთვული პროგრამის ხელახლა აღორძინება.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ირანის ბირთვული პროგრამა დასავლეთს არ
აღაშფოთებდა. მაგრამ 2002 წლის აგვისტოში ერთ-ერთმა ირანულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანთან ახლოს, ნათანზიში პროგრამასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობდა.  ფაქტია, ირანი ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს ბირთვული ენერგიის კვლევის სფეროში, ეს კი ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, აწარმოოს ბირთვული იარაღის მთავარი კომპონენტი- მაღალგამდიდრებული ურანი.

2003 წლიდან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანს, საფრანგეთს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, ბირთვული მარაგის გამდიდრების სფეროში ირანის შეჩერების მიზნით.  აღსანიშნავია, რომ ევროპის სამივე ქვეყანა ევროკავშრის ეგიდითა და აშშ-ს მხარდაჭერით მოქმედებს. 2006 წელს აშშ-ს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ მსოფლიო წინ აღუდგებოდა ირანის ატომური იარაღით აღჭურვას.  ამავე წლის ივლისში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო 1696-ე რეზოლუცია, რომლითაც ირანს გამდიდრების შეჩერება და შეიარაღებული კონტროლისაკენ მიმართული სხვა მნიშვნელოვანი ზომების გატარება მოეთხოვებოდა.

2011 წელს ფრანგული გამოცემა LE FIGARO წერდა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ფლობდა მტკიცებულებას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სამხედრო ხასიათისა იყო.  ამავე წელს საფრანგეთმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, განეხილა ირანის ატომურ იარაღზე  მუშაობის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადება.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მომხრე იყვნენ, იმ შემთხვევაში თუ ირანი არ დაემორჩილებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით ირანის იმდროინდელმა პრეზიდენტმა აჰმადინეჯადიმ განაცხადა, რომ ყველა ეს ბრალდება საფუძველს მოკლებული იყო და ირანი უარს არ იტყოდა ბირთულ პროგრამაზე.

2012 წელს სტამბულში, მსოფლიოს ექვსი დიდი სახელმწიფოს, ჩინეთის, აშშ-ს, რუსეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ამ შეხვედრის მიზანი იყო თეირანის დარწმუნება, რომ შეეჩერებინათ 2010 წელს დაწყებული ურანის გამდიდრება, თუმცა ამ შეხვედრაზე სანქციების საკითხი არ განხილულა.

აღსანიშნავია, თეირანი მიიჩნევს, რომ ირანის ატომური პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ბუნებრივია, დასავლეთს ამის არ სჯერა, ამიტომაც ურანის გამდიდრების შეჩერებისა და ბირთვული პროგრამის გამჭვირვალობის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 2012 წელსვე ამერიკის კონგრესმა მხარი დაუჭირა ირანისათვის ახალი, უფრო მკაცრი სანქციების შემოღებას.  აღსანიშნავია, რომ სანქციები დაწესდა ირანის ენერგო და ნავთობსექტორზე, ასევე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ფინანსურ ინსტიტუტებზე.

სანქციები დაუწესეს იმ კომპანიებსა თუ პირებს, რომლებიც ირანის მთავრობასთან ურანის მოპოვებისათვის თანამშრომლობდნენ, მათ, ვინც თანამშრომლობდნენ ირანის ნავთობისა და გაზის საწარმოებთან. ირანი კი ყველა ამ სანქციასა თუ დიპლომატიურ ნაბიჯს დროის  ტყუილად კარგვად მიიჩნევდა.

წელს ვაშინგტონმა კვლავ გამოთქვა მზადყოფნა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკების პროცესის დაწყებაზე. 2013 წლის იანვარში ირანმა მუშაობა დაიწყო ურანის გამდიდრების პროცესის დაჩქარებაზე.

ოქტომბერში კი, ჟენევაში, ირანმა  და მსოფლიოს ექვსმა დიდმა სახელმწიფომ  კვლავ განიხილეს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა პრობლემის გადასაწყვეტად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამმად ზარიფიმ განაცხადა, რომ ირანს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა სურს და ქვეყანას შეუძლია, ბირთვული ტექნოლოგიები მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით გამოიყენოს.

მანამ, სანამ ირანის მიერ წარმოდგენილ გეგმას დასავლეთი დიდი სიფრთხილით განიხილავს, ირანის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე.

ივლისში ირანმა დაკარგა ყველაზე ცნობილი დრამატურგი და რეჟისორი მაჰმუდ
ოსთად-მუჰამმადი, რომელიც თეირანში, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოსთად-მუჰამმადის ქალიშვილი მანა დარწმუნებულია, რომ მამამისის სიკვდილი ნაწილობრივ მაინც არის გამოწვეული დასავლეთის მხრიდან ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით. “ეს იყო ექიმის დასკვნა, რომელიც მამაჩემის სამედიცინო ტესტს ეფუძნება” განაცხადა მანამ.

ხუთი ათწლეულის განმავლობაში, ზოგიერთი ძალიან ცნობილი ირანული პიესა სწორედ  ოსთად-მუჰამმადს ეკუთვნის, თითოეული ისტორია ირანელების ყოველდღიური ცხოვრებიდან, მათ სიყვარულსა და სიმარტოვეზეა.

2011 წელს რეჟისორს დაუსვეს ღვიძლის კიბოს დიაგნოზი. მას ონკოლოგმა დაუნიშნა კიბოს წამალი ნეხავარი. ექიმის დასკვნისა და სამედიცინო ტესტის მიხედვით, წამალს უნდა შეეჩერებინა კიბოს გავრცელება.

“ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ თუ ის ამ რთული სიტუაციიდან გამოძვრებოდა, გამოჯანმრთელდებოდა და ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა,” აღნიშნა მისმა ქალიშვილმა.

მაგრამ გასული წლის დასაწყისიდან,  მალევე, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და დასავლურმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღეს მისი ბირთვული პროგრამის  შესაკავებლად, ირანელ ექიმებს, ფარმაცევტებსა და პაციენტებს ნეხავარისა და სხვა წამლების, რომლებიც ეფექტურად მკურნალობდნენ დაავადებას, შოვნა უფროდაუფრო გაუჭირდათ.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ  დასავლეთის სანქციები მხოლოდ ხელისუფლებისათვის არის შემუშავებული და არა რიგითი ირანელებისათვის.

მაგრამ ირანის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, დასავლეთის აკრძალვები  ირანულ ბანკებზე სიტუაციას ართულებს, სამედიცინო პროდუქციის, რომელზეც არ ვრცელდება სანქციები, იმპორტიც კი შეუძლებელია.

“ჩვენ სერიოზული დეფიციტი გვაქვს  წამლების, მაღალი ფასის გამო მათი ყიდვა შეუძლებელია,” განაცხადა  ერთ-ერთმა ფარმაცევტმა იმენ ჰეირანიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ათობით პაციენტი უკავშირდება იმ იმედით, რომ შეიძლება  ძნელად საშოვნი წამლები მას მაინც ჰქონდეს.

წელს, პრაქტიკულად აღარ შემოდიოდა წამალი თეირანში. ოთხი თვის განმავლობაში ოსთად-მუჰამმადი წამლის გარეშე დარჩა.

“მოულოდნელი იყო, თვრამეტი თვის განმავლობაში ადვილად შეგვეძლო წამლის ყიდვა, მაგრამ ახლა ასე არ იყო. ჩვენ არ ვიცოდით რა უნდა გვექნა,” განაცხადა მანამ.

25 ივლისს ირანმა დაკარგა საყვარელი დრამატურგი. მისი ქალიშვილი დარწმუნებულია, რომ მამამისი დასავლური სანქციებისა და პოლიტიკური კონფლიქტის მსხვერპლად იქცა.

“სანქციები გავლენას ადამიანებზე ახდენენ და არა პოლიტიკურ ჯგუფებზე,” განაცხადა მანამ. 

ნორა გამყრელიძე


წყარო:


ფოტოები:

1.http://www.presstv.ir/detail/2013/07/27/315775/iranian-playwright-director-dies-at-63/
3. http://www.elcivics.com/united_nations_1.html

Sunday, October 27, 2013

საპრეზიდენტო არჩევნები 2013


საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. წლევანდელი არჩევნები არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ მეექვსეა. სანამ 2013 წლის არჩევნებს შევეხები, გადავხედოთ წინა გამოცდილებას.


1991 წელს, პირველად მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც 87,03%-ით გაიმარჯვა მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა, ზვიად გამსახურდიამ. პირველმა პრეზიდენტმა ძალიან ცოტა ხნით შეძლო მართვის სადავეების შენარჩუნება, რადგან ქვეყანაში არეულობა დაიწყო. ზვიად გამსახურდიამ დატოვა საქართველო, ამიტომ 1992 წლის მარტში დე-ფაქტო მმართველი გახდა ედუარდ შევარდნაძე. იმავე წლის შემოდგომაზე არჩევნების გზით ედუარდ შევარდნაძე გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ზვიად გამსახურდიამ ამავე წელს სცადა მართვის სადავეები კვლავ მის ხელში გადასულიყო, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ის გარდაცვლილი იპოვეს -  მისი საქმე დღემდე გახსნილი არ არის.

1995 წელს ჩატარდა მეორე საპრეზიდენტო არჩევნები, ამჯერად 74,04%-ით გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის კანდიდატმა - ედუარდ შევარდნაძემ. 2000 წელს შევარდნაძე მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი, თუმცა ვადის გასვლამდე მოუწია პოსტის დატოვება.

2003 წლის შემოდგომაზე პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა აქცია, რომელსაც “ვარდების რევოლუცია” ეწოდა. 22 ნოემბერს ქუჩის აქციების პარალელურად ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობდა. სწორედ ამ სხდომის ჩასაშლელად მიხეილ სააკაშვილი პირადად ეუძღვა ხალხს პარლამენტის შენობაში. მეორე დღესვე, 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა. 4 იანვარს ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც 96,27%-ით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი - მიხეილ სააკაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთი პროცენტული მაჩვენებლით ჩაუდგა სახელმწიფოს სათავეში, ქვეყანაში მიმდინარე გამოსვლების გამო საჭირო გახდა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2009 წლის 5 იანვარს. ამ არჩევნებშიც 53,47 პროცენტით მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ეს არ არის რიგგარეშ. ამჯერად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თავისი ვადა სრულიად ამოწურა და მზად არის დატოვოს თანამდებობა. წლევანდელი არჩევნები წინა არჩევნებისგან ბევრი ფაქტორით განსხვავდება. წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებს 23 კანდიდატი - აქედან 17 არ წარმოადგენს არცერთ პარტიას.

წინასაარჩევნო კვლევები ჩაატარა რამდენიმე ოგანიზაციამ - ერთ-ერთი მათგანია ამერიკული ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI). 2013 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით პირველ ადგილზე გიორგი მარგველაშვილი იყო 39%-ით, მეორეზე დავით ბაქრაძე 18%-ით და მესამეზე ნინო ბურჯანაძე 7%-ით. 26%-მა უარი თქვა პასუხზე, ან განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. სექტემბერში საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა სხვა ორგანიზაციამაც სახელად Greenberg Quinlan Rosner. მათი მონაცემებით გიორგი მარგველაშვილი რეიტინგში პირველი იყო 43%-ით. დავით ბაქრაძე მეორე ადგილზე გავიდა 22%-ით, მესამეზე ნინო ბურჯანაძე 8%-ით, მეოთხეზე კი, 5%-ით “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი - გიორგი თარგამაძე. ამ ორგანიზაციამ ოქტომბერშიც ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით მარგველაშვილის რეიტინგი 48%-ს შეადგენდა, ბაქრაძისა კი 23%-ს.

ცესკო ორ საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს აცნობდა ამომრჩეველთა აქტივობას. 10:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 6,8%-მა მიიღო. ცესკოს სპიკერის განცხადებით: “არ ყოფილა არსებითი ხასიათის დარღვევები და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა”. 12:00 საათის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა 17,15%-მა მიიღო მონაწილეობა.

საარჩევნო პროცესი განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა.

კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველები - რიგაში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დაიგვიანა, რის გამოც კენჭისყრის პროცესი დაგვიანებით დაიწყო. ათენში, სადაც ყველაზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, ის მოქალაქეები, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან ვერ აძლევენ ხმას, რამაც გამოიწვია პროტესტი მათი მხრიდან. რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების რაოდენობა შეადგენს 3 979 ადამიანს. კანონის მიხედვით ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის გამო  სოფლების, დვანისა და დიცის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ გადმოსვლა ხმის მისაცემად. 

ცესკოს სპიკერმა საუბრა საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზეც. კრწანისის N5 უბანზე იმყოფებოდა კანონით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი წარმომადგენელი, მათ მაშინვე დაატოვებინეს უბანი. კრწანისის N12 უბანზე სამმა ადამიანმა პირადობის მოწმობა წარადგინა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე და კომისიამ მათ არ მიაღებინა არჩევნებში მონაწილეობა. საბურთალოს N63 უბანზე ლუქებთან დაკავშირებით დაისვა რამდენიმე კითხვა, თუმცა ლუქი ცესკოს განცხადების მიხედვით, ლუქთან დაკავშირებით, პრობლემა არ არსებობდა.

წლევანდელ არჩევნებზე (პირველად) განსაკუთრებული პირობებია შექმნილი შეზღუდული უნარის მქონე ამომრჩევლებისთვის. ყველა უბანზე დარიგდა ბრალის შრიფტით დაბეჭდილი ჩარჩოები, რისი დახმარებითაც ამომრჩევლებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატი და ხმა მისცენ უცხო პირის დახმარების გარეშე. ბრაილის შრიფტიანი ჩარჩოების შემოტანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შარშანდელი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ქვეყანაში არის 4772 უსინათლო ამომრჩეველი.

15:00 საათის მონაცემებით საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამომრჩეველთა 32,05%-მა მიიღო მონაწილეობა. 17:00 საათისთვის კი - 39,07%-მა.

საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა კავკასიის რეგიონში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოში წარმატებულად არჩევნების ჩატარებას. ის დარწმუნებულია, რომ საქართველო აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატია ნამდვილად მწიფდება ამ ქვეყანაში.

20:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ამომრჩეველთა რაოდენობამ 46,6%-ს მიაღწია.

20:00 საათისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგებს:

GFK-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით:
გიორგი მარგველაშვილი 66,7%,
დავით ბაქრაძე 20,2%,
ნინო ბურჯანაძე 7,5 %,
შალვა ნათელაშვილი 2,1%,
 გიორგი თარგამაძე 1,1%.

ACT ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით:
გიორგი მარგველაშვილი 68,0%,
დავით ბაქრაძე 17,12%,
ნინო ბურჯანაძე 9,9%,
შალვა ნათელაშვილი 2,2%,
გიორგი თარგამაძე 1,0%.

SOCIS-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით:
გიორგი მარგველაშვილი 66%
დავით ბაქრაძე 16%
ნინო ბურჯანაძე 9%

„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით:
გიორგი მარგველაშვილი 53,17%
დავით ბაქრაძე 8,87%
ნინო ბურჯანაძე 10,71%
შალვა ნათელაშვილი 6,5%


ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ და მოძრაობა „სამართლიანობა უნდა აღდგეს“ ეგზიტპოლის მსვლელობისას გამოიკითხა 21178 ამომრჩეველი. მიუხედავად ეგზიტპოლის ასეთი შედეგებისა, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ აპირებს საკუთარი ხმების დაცვას, მისივე თქმით, საქართველოში სოციოლოგიური გამოკვლევები არ მუშაობს და მეორე ტურში ის და გიორგი მარგველაშვილი შეხვდებიან.

განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემაც. მან ქართველ ხალხს მიულოცა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება, გიორგი მარგველაშვილს კი - არჩევნებში გამარჯვება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სურათი გამოკვეთილია, ის მაინც ძირითად შედეგებს დაელოდება. ასეა თუ ისე, მან უკვე აღიარა დამარცხება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლის შედეგებმა მას მოლოდინი გაუმართლა. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ კარგის დანახვა შეუძლია და ასევე დაამტკიცა, რომ ბრძენია. მან ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამომრჩევლებსა და გუნდის წევრებს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქართველ ერს. მან აღნიშნა, რომ მარგველაშვილი რადიკალურად განსხვავებული პრეზიდენტი იქნება. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ყოველი არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა, ემსახურება დემოკრატიის განვითარებას და ყველამ პატივი უნდა სცეს უმრავლესობის არჩევანს, რადგან სწორედ უმრავლესობა წყვეტს ასეთ საკითხებს.

ჯერ გარკვეული არ არის, თუ როგორ გადანაწილდა ზუსტად ხმები, რადგან ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ეგზიტპოლების შედეგები გვაქვს, მაგრამ უკვე ვიცით ავღანეთში საარჩევნო უბან „ერედვზე“ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები. მათი მიხედვით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
დავით ბაქრაძე - 318 ხმა
გიორგი მარგველაშვილი 285 ხმა
შალვა ნათელაშვილი 25 ხმა
ნინო ბურჯანაძე 14 ხმა

მარიამ კვარაცხელია

წყარო:


ფოტოები:

1. http://www.geonews.ge/uploads/images/6094saakashvili-420x0.jpg

Wednesday, October 23, 2013

“მტკივნეული შეხსენება იმისა, რომ სამყაროში წარმოუდგენელი ბოროტება არსებობს…” ( ჯონ კერი)


21 სექტემბერს, კენიის დედაქალაქ ნაირობიში მოხდა ის, რასაც ნამდვილად არავინ ელოდა. შეიარაღებული, ნიღბიანი მამაკაცები ქალაქის ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში შევიდნენ და ტყვეების აყვანა დაიწყეს. 72 ადამიანი მოკლეს, 200 კი დაიჭრა. თავდასხმა შეფასდა, აღმოსავლეთ აფრიკის  უდიდესი ტერორისტულ აქტად, 1998 წლის შემდეგ, როდესაც ალ-კაიდა თავს დაესხა ამერიკის შეერთებული შტატების ორ საელჩოს.
გადარჩენილი თვითმხილველები მძიმე სურათს აღწერენ: მშობლები შვილებს ეფარებოდნენ, ხალხი სავნტილაციო შახტებში ძვრებოდ, მაღაზიის გამყიდველები და კონსულტანტები მანეკენების უკან იმალებოდნენ. ძალიან მალე, სავაჭრო ცენტრის იატაკი მთლიანად სისხლით დაიფარა. ასევე აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელები საკმაოდ კარგად გაწვრთნილები იყვნენ, მათი ნასროლი თითოეული ტყვია მიზანს აღწევდა.
სავაჭრო ცენტრი “ვესტგეიტი” აღქმული იყო, როგორც კენიის განვითარების დასტური, ნიშანი იმისა, რომ ქვეყანას მტკიცედ აქვს განზრახული წინსვლა. სავაჭრო ცენტრი არის ყველაზე მდიდრული დაწესებულება ნაირობიში,  ძვირიანი მაღაზიებითა და უძვირფასესი პროდუქციით. სწორედ ამიტომაც გახდა ის ტერორისტებისათვის ერთ-ერთი სამიზნე. ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გააფრთხილეს კენიის მთავრობა და უსაფრთხოები ნორმების გამკაცრებისკენ მოუწოდეს. ამასთანავე, არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება,  რატომ მოხდა თავდასხმა კონკრეტულად ვესტგეიტზე და არა სხვა სავაჭრო ცენტრზე. ამის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო პირველ სართულზე მდებარე კაფე, რომლის მეპატრონეც წარმოშობით ებრაელია. 
არსებობს კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი, რომელიც ძალიან ბევრმა თვითმხილველმა დაადასტურა. ტერორისტები ხმამაღლა ყვიროდნენ და მოუწოდებდნენ მუსლიმებს, დაეტოვებინათ შენობა მანამ, სანამ ისინი სხვა ტყვეებს აიყვანდნენ.
როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, ზუსტად გათვლილი ოპერაცია. ხუთივე სართულზე ერთდროულად დაიწყო თავდასხმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქტი იყო წინასწარ დაგეგმილი, ტერიტორია კი კარგად შესწავლილი. შაბათს კი უამრავი ადამიანი ატარებს დროს სავაჭრო ცენტრში.
ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან? თავდასხმის დღესვე გახდა ცნობილი თუ ვინ იყო დამნაშავე. პასუხისმგებლობაც მალევე აიღ საკუთარ თავზე აშ-შაბაბმა, ისლამურმა სამხედრო დაჯგუფება, რომელიც დაფუძნდა სომალიში. ისინი გამოირჩევიან საკუთარი სისასტიკით, რითიც ალ-კაიდას ამსგავსებენ. მათ ყველაზე გახმაურებული დასჯის ფორმა აქვთ გოგონებისათვის, რომლებსაც კისრამდე მიწაში ათავსებენ და ქვებით ქოლავენ. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ყველას ეგონა, აშ-შაბაბი განადგურდა და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა, ამ ფაქტის შემდეგ, ბევრი იმაზეც კი ალაპარაკდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
თავდასხმის მიზეზად დასახელდა 2011 წელს კენიის ჯარის სომალიში შესვლა.
განცხადება ასე ჟღერდა: “კენია მანამ ვერ მიიღებს სიმშვიდეს, სანამ საკუთარ ჯარს არ გამოიყვანს სომალიდან.” რადიოს პირდაპირ ეთერში განცხადება აშ-შაბაბის წარმომადგენელმა ალი მუჰამმად რაიჯმა გაავრცელა. განცხადებები კეთდებოდა თავდასხმამდეც და მის შემდეგაც, ინფორმაციის გავრცელების წყაროდ კი სოციალურ ქსელ ტვიტერს (Twitter) იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საიტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმ დაბლოკა სხვადასხვა მომხმარებელი, დაჯგუფების წევრები რამდენიმე სახელით ავრცელებდნენ მუქარას.
კენიის პრეზიდენტმა, უჰურუ კენიატამ, განაცხადა, რომ კენია არ აპირებს უკან დახევას და შესაფერის პასუხს გასცემდნენ თავდამსხმელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრში მისი რამდენიმე ნათესავი დაიღუპა, მაგრამ მიუხედავად ამისა ის არ აპირებს დანებებას.  მთავრობის ოფიციალური განცხადებით 72 ადამიანი დაიღუპა, 200 დაიჭრა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები, რომელთა ასაკიც 2-დან 78 წლამდე მერყეობს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კენიის სამხედრო ნაწილმა რამდენიმე თავდამსხმელი შაბათსვე აიყვანა, თუმცა საინფორმაციო გამოშვებები მხოლოდ ერთ შემთხვევას ადასტურებდნენ და ამ შემთხვევაშიც დამნაშავე კლინიკაში გარდაიცვალა. თვითმხილველების თქით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ქალი იყო. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია ჯართან ერთად ცდილობდა ქვედა სართულები დაეკავებინათ და იქ მყოფი მოქალაქეები გაეთავისუფლებინათ.
კვირას დილით ოფიციალურად განაცხადეს, რომ შენობის უდიდეს ნაწილს პოლიცია აკონტროლებდა, მიმდინარეობდა ტყვეების გათავისუფლება. ტერორისტები კი მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებდნენ. მიუხედავად ამისა, ცეცხლს არ წყვეტდნენ, ისინი იყენებდნენ AK-47-ის ტიპის ცეცხლსასროლ იარაღსა და ხელყუმბარებს.
კენია ითვლება აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნად. ამიტომაც, ხშირია მსგავსი ტიპის თავდასხმები. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სეთი მასშტაბის ტერორისტული აქტი არ დაფიქსირებულა 1998 წლის შემდეგ, როდესაც ალ-კაიდა თავს დაესხა ამერიკის საელჩოს, რასაც 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პარალელურად, ტანზანიაში აშშ-ს კიდევ ერთ საელჩოს დაესხნენ თავს. 2002 წელსაც დაფიქსირდა შედარებით მცირე მასშტაბის თავდასხმა, რომელიც ებრაულ სასტუმროზე განხორციელდა. 2011 წლამდე აშ-შაბაბი თავს დაესხა ტაძრებს, აღმოსავლეთ კენიაში, მეჩეთებს ნაირობიში და სასაზღვრო პოსტებს. ეს ყველაფერი გახდა იმის მიზეზი, რომ კენიამ გაგზავნა რამდენიმე ათასიანი სამხედრო ძალა სომალიში, რათა დაეცვა საკუთარი საზღვრების ურღვეობა. მაგრამ, ოპერაციის მიმდინარეობისას მთავარი მიზანი შეიცვალა და სომალიში მშვიდობის დამყარებად იქცა.

ბევრმა მომხდარი ისრაელს დაუკავშირა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ილანა სტეინმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა ებრაელების კუთვნილებაში მყოფ კაფესთან დაიწყო, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამ შემთხვევაში ისტორია ისრაელს არ ეხებოდა. თავდასხმისას ტერიტორიაზე ისრაელის ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან სამი უვნებელი გადარჩა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

მანამ, სანამ ტვიტერის ადმინისტრაცია კიდევ ერთ პროფილს გაუუქმებდა აშ-შაბაბის წევრებს, მათ გაავრცელეს განცხადება, რომ არავითარი თანამშრომლობა არ შედგებოდა, ცენტრში მყოფი ტერორისტები ბოლომდე იბრძოლებდნენ. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე თავდამსხმელმა, რომელიც პირველი შეიჭრა ცენტრში, გამოიცვალა სამოსი და ტყვეებთან ერთად დატოვა შენობა, მათ შორის იყო რამდენიმე ქალი ტერორისტი.
კენიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ 23 სექტემბერს, ორშაბათს, ოპერაცია დასრულდებოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. 1000-მდე მძევალი გაათავისუფლეს, მაგრამ თავდამსხმელები მყარად იყვნენ გამაგრებული ბოლო, მეხუთე სართულზე. ორმხრივ სროლას რამდენიმე სამხედრო პირი შეეწირა. ჩამოინგრა მესამე სართულის ჭერი, რასაც დამატებით მსხვერპლი მოყვა.
24 სექტემბერს ოპერაცია ოფიციალურად დასრულდა. 11 თავდამსხმელის ცოცხლად შეპყრობა შეძლეს. ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სპეციალური დანაყოფები ჩაერთო. პრეზიდენტმა კენიატამ განაცხადა, მიუხედავად ასეთი ტრაგედიისა, კენიელებმა დაინახეს და დაუმტკიცეს საკუთარ თავს, რომ ერთად დგომით ყველანაირი პრობლემის გადალახვას შეძლებდნენ.
გარდა იმ დანაკარგისა, რაც კენიამ მოქალაქეების სახით განიცადა, კიდევ ერთი პრობლემა იყო- ქვეყანამ დაკარგა ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში “აშენებდა”. ადგილობრივი ვალუტა დოლართან მიმართებაში საგრძნობლად გაუფასურდა, რამაც შეიძლება კენიას სერიოზული დარტყმა მიაყენოს.

ამერიკის შეერთებული შტატები კი თავდასხმას ძალიან დიდ საფრთხეს უწოდებს და თვლის, რომ ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, ეს მხოლოდ დასაწყისია.


ნიკოლოზ ჩარკვიანი

წყარო:

1.     http://www.nytimes.com/2013/09/22/world/africa/nairobi-mall-shooting.html?pagewanted=1&_r=0

2.      http://www.cnn.com/2013/10/17/world/africa/kenya-mall-attack-footage/

3.     http://www.nytimes.com/2013/09/24/world/africa/kenya-presses-assault-against-militants-in-mall.html

4.     http://www.nytimes.com/2013/09/23/world/africa/kenya-mall-carnage-shows-shabab-resilience.html

5.     http://www.nytimes.com/2013/09/26/world/africa/us-sees-direct-threat-in-attack-at-kenya-mall.html

ფოტოები:

1.http://www.nytimes.com/slideshow/2013/09/21/world/africa/20130922_NAIROBI2_337-1.html

2.http://www.nytimes.com/slideshow/2013/09/21/world/africa/20130922_NAIROBI2_337-3.html

3.http://www.nytimes.com/slideshow/2013/09/21/world/africa/20130922_NAIROBI2_337-11.html

4.http://www.nytimes.com/slideshow/2013/09/21/world/africa/20130922_NAIROBI2_337-17.html

5.http://www.nytimes.com/slideshow/2013/09/21/world/africa/20130922_NAIROBI2_337-20.html