Wednesday, October 23, 2013

“მტკივნეული შეხსენება იმისა, რომ სამყაროში წარმოუდგენელი ბოროტება არსებობს…” ( ჯონ კერი)


21 სექტემბერს, კენიის დედაქალაქ ნაირობიში მოხდა ის, რასაც ნამდვილად არავინ ელოდა. შეიარაღებული, ნიღბიანი მამაკაცები ქალაქის ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში შევიდნენ და ტყვეების აყვანა დაიწყეს. 72 ადამიანი მოკლეს, 200 კი დაიჭრა. თავდასხმა შეფასდა, აღმოსავლეთ აფრიკის  უდიდესი ტერორისტულ აქტად, 1998 წლის შემდეგ, როდესაც ალ-კაიდა თავს დაესხა ამერიკის შეერთებული შტატების ორ საელჩოს.
გადარჩენილი თვითმხილველები მძიმე სურათს აღწერენ: მშობლები შვილებს ეფარებოდნენ, ხალხი სავნტილაციო შახტებში ძვრებოდ, მაღაზიის გამყიდველები და კონსულტანტები მანეკენების უკან იმალებოდნენ. ძალიან მალე, სავაჭრო ცენტრის იატაკი მთლიანად სისხლით დაიფარა. ასევე აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელები საკმაოდ კარგად გაწვრთნილები იყვნენ, მათი ნასროლი თითოეული ტყვია მიზანს აღწევდა.
სავაჭრო ცენტრი “ვესტგეიტი” აღქმული იყო, როგორც კენიის განვითარების დასტური, ნიშანი იმისა, რომ ქვეყანას მტკიცედ აქვს განზრახული წინსვლა. სავაჭრო ცენტრი არის ყველაზე მდიდრული დაწესებულება ნაირობიში,  ძვირიანი მაღაზიებითა და უძვირფასესი პროდუქციით. სწორედ ამიტომაც გახდა ის ტერორისტებისათვის ერთ-ერთი სამიზნე. ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გააფრთხილეს კენიის მთავრობა და უსაფრთხოები ნორმების გამკაცრებისკენ მოუწოდეს. ამასთანავე, არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება,  რატომ მოხდა თავდასხმა კონკრეტულად ვესტგეიტზე და არა სხვა სავაჭრო ცენტრზე. ამის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო პირველ სართულზე მდებარე კაფე, რომლის მეპატრონეც წარმოშობით ებრაელია. 
არსებობს კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი, რომელიც ძალიან ბევრმა თვითმხილველმა დაადასტურა. ტერორისტები ხმამაღლა ყვიროდნენ და მოუწოდებდნენ მუსლიმებს, დაეტოვებინათ შენობა მანამ, სანამ ისინი სხვა ტყვეებს აიყვანდნენ.
როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, ზუსტად გათვლილი ოპერაცია. ხუთივე სართულზე ერთდროულად დაიწყო თავდასხმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქტი იყო წინასწარ დაგეგმილი, ტერიტორია კი კარგად შესწავლილი. შაბათს კი უამრავი ადამიანი ატარებს დროს სავაჭრო ცენტრში.
ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან? თავდასხმის დღესვე გახდა ცნობილი თუ ვინ იყო დამნაშავე. პასუხისმგებლობაც მალევე აიღ საკუთარ თავზე აშ-შაბაბმა, ისლამურმა სამხედრო დაჯგუფება, რომელიც დაფუძნდა სომალიში. ისინი გამოირჩევიან საკუთარი სისასტიკით, რითიც ალ-კაიდას ამსგავსებენ. მათ ყველაზე გახმაურებული დასჯის ფორმა აქვთ გოგონებისათვის, რომლებსაც კისრამდე მიწაში ათავსებენ და ქვებით ქოლავენ. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ყველას ეგონა, აშ-შაბაბი განადგურდა და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა, ამ ფაქტის შემდეგ, ბევრი იმაზეც კი ალაპარაკდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
თავდასხმის მიზეზად დასახელდა 2011 წელს კენიის ჯარის სომალიში შესვლა.
განცხადება ასე ჟღერდა: “კენია მანამ ვერ მიიღებს სიმშვიდეს, სანამ საკუთარ ჯარს არ გამოიყვანს სომალიდან.” რადიოს პირდაპირ ეთერში განცხადება აშ-შაბაბის წარმომადგენელმა ალი მუჰამმად რაიჯმა გაავრცელა. განცხადებები კეთდებოდა თავდასხმამდეც და მის შემდეგაც, ინფორმაციის გავრცელების წყაროდ კი სოციალურ ქსელ ტვიტერს (Twitter) იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საიტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმ დაბლოკა სხვადასხვა მომხმარებელი, დაჯგუფების წევრები რამდენიმე სახელით ავრცელებდნენ მუქარას.
კენიის პრეზიდენტმა, უჰურუ კენიატამ, განაცხადა, რომ კენია არ აპირებს უკან დახევას და შესაფერის პასუხს გასცემდნენ თავდამსხმელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრში მისი რამდენიმე ნათესავი დაიღუპა, მაგრამ მიუხედავად ამისა ის არ აპირებს დანებებას.  მთავრობის ოფიციალური განცხადებით 72 ადამიანი დაიღუპა, 200 დაიჭრა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები, რომელთა ასაკიც 2-დან 78 წლამდე მერყეობს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კენიის სამხედრო ნაწილმა რამდენიმე თავდამსხმელი შაბათსვე აიყვანა, თუმცა საინფორმაციო გამოშვებები მხოლოდ ერთ შემთხვევას ადასტურებდნენ და ამ შემთხვევაშიც დამნაშავე კლინიკაში გარდაიცვალა. თვითმხილველების თქით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ქალი იყო. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია ჯართან ერთად ცდილობდა ქვედა სართულები დაეკავებინათ და იქ მყოფი მოქალაქეები გაეთავისუფლებინათ.
კვირას დილით ოფიციალურად განაცხადეს, რომ შენობის უდიდეს ნაწილს პოლიცია აკონტროლებდა, მიმდინარეობდა ტყვეების გათავისუფლება. ტერორისტები კი მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებდნენ. მიუხედავად ამისა, ცეცხლს არ წყვეტდნენ, ისინი იყენებდნენ AK-47-ის ტიპის ცეცხლსასროლ იარაღსა და ხელყუმბარებს.
კენია ითვლება აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნად. ამიტომაც, ხშირია მსგავსი ტიპის თავდასხმები. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სეთი მასშტაბის ტერორისტული აქტი არ დაფიქსირებულა 1998 წლის შემდეგ, როდესაც ალ-კაიდა თავს დაესხა ამერიკის საელჩოს, რასაც 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პარალელურად, ტანზანიაში აშშ-ს კიდევ ერთ საელჩოს დაესხნენ თავს. 2002 წელსაც დაფიქსირდა შედარებით მცირე მასშტაბის თავდასხმა, რომელიც ებრაულ სასტუმროზე განხორციელდა. 2011 წლამდე აშ-შაბაბი თავს დაესხა ტაძრებს, აღმოსავლეთ კენიაში, მეჩეთებს ნაირობიში და სასაზღვრო პოსტებს. ეს ყველაფერი გახდა იმის მიზეზი, რომ კენიამ გაგზავნა რამდენიმე ათასიანი სამხედრო ძალა სომალიში, რათა დაეცვა საკუთარი საზღვრების ურღვეობა. მაგრამ, ოპერაციის მიმდინარეობისას მთავარი მიზანი შეიცვალა და სომალიში მშვიდობის დამყარებად იქცა.

ბევრმა მომხდარი ისრაელს დაუკავშირა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ილანა სტეინმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა ებრაელების კუთვნილებაში მყოფ კაფესთან დაიწყო, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამ შემთხვევაში ისტორია ისრაელს არ ეხებოდა. თავდასხმისას ტერიტორიაზე ისრაელის ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან სამი უვნებელი გადარჩა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

მანამ, სანამ ტვიტერის ადმინისტრაცია კიდევ ერთ პროფილს გაუუქმებდა აშ-შაბაბის წევრებს, მათ გაავრცელეს განცხადება, რომ არავითარი თანამშრომლობა არ შედგებოდა, ცენტრში მყოფი ტერორისტები ბოლომდე იბრძოლებდნენ. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე თავდამსხმელმა, რომელიც პირველი შეიჭრა ცენტრში, გამოიცვალა სამოსი და ტყვეებთან ერთად დატოვა შენობა, მათ შორის იყო რამდენიმე ქალი ტერორისტი.
კენიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ 23 სექტემბერს, ორშაბათს, ოპერაცია დასრულდებოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. 1000-მდე მძევალი გაათავისუფლეს, მაგრამ თავდამსხმელები მყარად იყვნენ გამაგრებული ბოლო, მეხუთე სართულზე. ორმხრივ სროლას რამდენიმე სამხედრო პირი შეეწირა. ჩამოინგრა მესამე სართულის ჭერი, რასაც დამატებით მსხვერპლი მოყვა.
24 სექტემბერს ოპერაცია ოფიციალურად დასრულდა. 11 თავდამსხმელის ცოცხლად შეპყრობა შეძლეს. ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სპეციალური დანაყოფები ჩაერთო. პრეზიდენტმა კენიატამ განაცხადა, მიუხედავად ასეთი ტრაგედიისა, კენიელებმა დაინახეს და დაუმტკიცეს საკუთარ თავს, რომ ერთად დგომით ყველანაირი პრობლემის გადალახვას შეძლებდნენ.
გარდა იმ დანაკარგისა, რაც კენიამ მოქალაქეების სახით განიცადა, კიდევ ერთი პრობლემა იყო- ქვეყანამ დაკარგა ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში “აშენებდა”. ადგილობრივი ვალუტა დოლართან მიმართებაში საგრძნობლად გაუფასურდა, რამაც შეიძლება კენიას სერიოზული დარტყმა მიაყენოს.

ამერიკის შეერთებული შტატები კი თავდასხმას ძალიან დიდ საფრთხეს უწოდებს და თვლის, რომ ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, ეს მხოლოდ დასაწყისია.


ნიკოლოზ ჩარკვიანი

წყარო:

1.     http://www.nytimes.com/2013/09/22/world/africa/nairobi-mall-shooting.html?pagewanted=1&_r=0

2.      http://www.cnn.com/2013/10/17/world/africa/kenya-mall-attack-footage/

3.     http://www.nytimes.com/2013/09/24/world/africa/kenya-presses-assault-against-militants-in-mall.html

4.     http://www.nytimes.com/2013/09/23/world/africa/kenya-mall-carnage-shows-shabab-resilience.html

5.     http://www.nytimes.com/2013/09/26/world/africa/us-sees-direct-threat-in-attack-at-kenya-mall.html

ფოტოები:

1.http://www.nytimes.com/slideshow/2013/09/21/world/africa/20130922_NAIROBI2_337-1.html

2.http://www.nytimes.com/slideshow/2013/09/21/world/africa/20130922_NAIROBI2_337-3.html

3.http://www.nytimes.com/slideshow/2013/09/21/world/africa/20130922_NAIROBI2_337-11.html

4.http://www.nytimes.com/slideshow/2013/09/21/world/africa/20130922_NAIROBI2_337-17.html

5.http://www.nytimes.com/slideshow/2013/09/21/world/africa/20130922_NAIROBI2_337-20.html




No comments:

Post a Comment