კონფერენციის მეორე დღე უნივერსიტეტში საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. ჰოსტელიდან ყველანი ერთად გავეშურეთ უნივერსიტეტისკენ, სადაც 09:50-ზე ვორქშოფი იწყებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტში ძალიან კარგი გარემოა - ყველაფერი იმისათვის, რომ სწავლის პროცესი არა დამღლელი, არამედ საინტერესო და სასიამოვნო გახადოს. მივესალმები იმ ფაქტს, რომ კონფერენცია არ ატარებს დამღლელი ლექციების ხასიათს. მონაწილეებს არ გვიწევს მხოლოდ ვუსმინოთ მოწვეულ სტუმარს, “case study” მეთოდი საშუალებას გვაძლევს ჩვენც აქტიურად ვიყოთ ჩართული პროცესში და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რაც, ჩემი აზრით, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და გამოსადეგია.
ვორქშოფების პირველი 3 საათი დაეთმო ქეისის ანალიზს. დავიყავით ჯგუფებად და განვიხილეთ PKW – Polski Koncern Warzywny ქეისი, რომელშიც გაერთიანებული იყო რეალური ფაქტები ამოღებული რამდენიმე კომპანიიდან: გაზეთების, წვენებისა და კოსმეტიკის მწარმოებლების. მას შემდეგ, რაც ქეისის შინაარსს გავეცნობოდით და სიღრმისეულად გავაანალიზებდით, მოცემული გვქონდა დავალება. 1 საათი და 15 წუთი გვქონდა იმისათვის, რომ ქეისის ფარგლებში აღმოგვეჩინა ყველა ის ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც იდგა კომპანია და არგუმენტებით დაგვესაბუთებინა ჩვენი არჩევანი. შესაბამისად, უნდა მოგვეძებნა ხერხებიც ამ პრობლემების გადასაჭრელად.

შემდეგი 1 საათის მანძილზე კი უნდა გვემუშავა ამ კომპანიის ფარგლებში ახალი პროდუქციის ხაზის შექმნაზე, უნდა გაგვეწერა მარკეტინგული გეგმა მოცემული ინფორმაციის მიხედვით: მიზნობრიი ბაზარი, ადგილმდებარეობა, ბრენდი, კომუნიკაცია, ბიუჯეტი. ეს არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, თანაც დროის სიმცირე გარკვეულ დაბრკოლებას ქმნიდა, თუმცა მაინც გავართვით თავი, თანაც, ვფიქრობ, წარმატებით. დავალების მზადების პროცესში ვორქშოპის ხემძღვანელი თვალყურს ადევნებდა ყველა ჯგუფის მუშაობის პროცესს, მოდიოდა თითოეულთან, ისმენდა ჩვენს იდეებს და გარკვეულ რჩევებს გვაძლევდა. ეს გვეხმარებოდა იმაში, რომ სწორი კურსი შეგვენარჩუნებინა. დავალებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ მას უნდა აერჩია 2 გუნდი, რომელიც პრეზენტაციას წარადგენდა. ერთ-ერთი სწორედ ქართული დელეგაცია აღმოვჩნდით. ჩვენი შემუშავებული იდეები აუდიტორიას რატიმ და ლევანმა გააცნეს. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. ყველამ აღნიშნა, რომ ნამდვილად სწორად გვქონდა აღმოჩენილი ქეისის ძირითადი დეტალები. ქეისის განხილვა, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენი გამოცდილებისათვის.
ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ ვორქშოპების მეორე ნაწილს წარუძღვა Independent Students Association-ის წარმომადგენელი გოგონა, რომელიც ადრე P&G-ში მუშაობდა და მან სწორედ ამ გამოცდილების შესახებ გვიამბო. პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პირველ რიგში მან ბრენდის და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. შემდეგ იყო სახალისო სავარჯიშო ბრენდების ამოცნობაზე, რომელშიც მთელი აუდიტორია აქტიურად იყო ჩაბმული და საკმაოდ წარმატებულად გავართვით თავი - ყველა ბრენდის ამოცნობა შევძელით. ამის შემდეგ კი გვესაუბრა Facebook მარკეტინგზე, რომელსაც მოყვა ასევე სახალისო და საინტერესო ქვიზი: დაგვირიგეს ფურცლები, თითოეულ მათგანზე 2-2 სურათით, რომელიც Facebook-ის გასართობი გვერდებიდან იყო ამოღებული და თითოეული ემსახურებოდა გარკვეულ მარკეტინგულ კამპანიას, ჩვენ უნდა ამოგვერჩია თითოეულ ფურცელზე რომელ სურათს ჰქონდა უფრო მეტი გამოხმაურება. როგორც აღმოჩნდა, დიდი პოპულარობით სარგებლობს არა უბრალოდ ინფორმაციული, არამედ ისეთი პოსტები, რომლებიც ხალხს რაიმეს ეკითხება და მისგან პასუხს მოითხოვს, ან მისი ცხოვრებიდან რაიმე მომენტს ახსენებს, ასევე დიდი გამოხმაურება აქვს ჩვილ ბავშვთა ფოტოებს, რადგანაც მშობლებში ემოციურ მომენტს აღვივებს. ამ ქვიზს ჩემმა გუნდმა ყველაზე წარმატებულად გაართვა თავი, ყველაზე მეტი სწორი პასუხი დავაგროვეთ სხვა გუნდებთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში 6 საათზე მეტი გავატარეთ, ვორქშოპები იმდენად საინტერესო იყო, რომ არ დავღლილვართ. დღევანდელი სადილი იტალიური სამზარეულოს კერძებისგან შედგებოდა. ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ყოველ დღე სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ კერძებს ვაგემოვნებთ. ამით ეს კონფერენცია საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ სტუდენტები გავიცნოთ სხვა ქვეყნებიდან, არამედ გავეცნოთ მათ კულტურასაც.
სადილის შემდეგ გაიმართა ტური ძველ ქალაქში, გიდის თანხლებით. დღესდღეობით ვარშავაში მხოლოდ 20%-ია ძველი ქალაქიდან შემორჩენილი, მათ შორის კი გამორჩეულია სამეფო სასახლის მოედანი. იქ მყოფებს გაგვიჩნდა გრძნობა, რომ არა თანამედროვეობაში, არამედ ძველ დროში ვიმყოფებოდით. მოედნისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ასევე ვნახეთ პრეზიდენტის რეზიდენცია, ეროვნული ბიბლიოთეკა და ადამ მიცკევიჩის ძეგლი. აქვე ერთი საინტერესო ამბავი გადაგვხდა: აღმოჩნდა, რომ ქართული დელეგაცია კონფერენციის დანარჩენ წევრებს ჩამოვრჩით და რუკაზე ვეძებდით გზას, ამ დროს კი დაბნეულებს მოულოდნელად თავზე პოლონელი ბიჭი დაგვადგა და დახმარება შემოგვთავაზა. როდესაც გაიგო, რომ ქართველები ვიყავით, აღფრთოვანდა, რადგანაც თავად სულ რამდენიმე დღის წინ ყოფილა საქართველოში. ასე რომ, გზის პოვნაში დაგვეხმარა და სანამ დანარჩენ მონაწილეებამდე მივაღწევდით დაგვემგზავრა და რამდენიმე პოლონური სიტყვაც აგვათვისებინა. მიხარია, რომ პოლონეთში ასეთი თბილი და გულისხმიერი ხალხია J მოკლედ რომ ვთქვათ, ძველი ქალაქის ტური ვარშავაში საკმაოდ ინფორმატიული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
გვიან საღამოს კი უკვე ტრადიციისამებრ წვეულება გველოდა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბში. ამასთან ერთად ჩვენი ქართული დელეგაციის ერთ-ერთი წევრის სალომე ჭიჭინაძის დაბადების დღე დგებოდა...
სალომე კეკუტია
No comments:
Post a Comment