Wednesday, February 18, 2015

გაეროს მოდელირება პრაღაში - დღე 5


რაც არ უნდა სამწუხარო ყოფილიყო, დადგა პროექტის ბოლო დღეც, მაგრამ სევდა არც ერთი წუთით არ იგრძნობოდა არც ერთ კომიტეტში, რამეთუ მოხდა უპრეცედენტო რამ, რასაც არავინ ელოდა. ამ ფაქტმა თითქმის ყველა კომიტეტი ერთმანეთს დააკავშირა, ფაქტობრივად ყოველგვარი ძალაუფლება გამოაცალა ხელიდან გენერალურ მდივნებს და სიტუაცია უმართავი გახადა. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ECOSOC-ის კომიტეტი ვერ იღებდა სასურველ რეზოლუციას გამომდინრაე იქიდან, რომ ამ კომიტეტს არ ჰყოფნიდა სახსრები და სჭირდებოდა სხვა ფინანსების მოძიება. შეიმუშავეს შემდეგი გეგმა: მათ არგუმენტირებულად დაასაბუთეს განიარაღების კომიტეტის (DAISEC)-ის უუნარობა და SECURITY COUNCILS-ს, რომელიც გაეროში არსებულ კომიტეტებს შორის ყველაზე პრიორიტეტულია და ნებისმიერი რამ ძალუძს, დაწყებული კონსტიტუციის შეცვლით დამთავრებული გაეროში არსებული კომიტეტების გაუქმებით, განიარაღების კომიტეტის გაუქმება სთხოვეს. საპასუხოდ, განიარაღების კომიტეტმა იგივე მოიმოქმედა SECURITY COUNCIL-ის მიმართ, თუმცაღა, გაეროს მთავარი კომიტეტის გაუქმება ვერ შეძლო. ამიტომ შემდეგ ხერხს მიმართა: განიარაღების კომიტეტმა მიმართა ისტორიული კრიზისების კომიტეტს, რომელიც 1974 წლის დროით მოქმედებდა, თვითონვე გაეუქმებინათ საკუთარი თავი, რათა მომავალში 2015 წელს, აწ უკვე კრიზისების კომიტეტს, აღარ შესძლებოდა განიარაღების კომიტეტის გაუქმება. წარმოიქმნა დროითი ლაფსუსი და მომავალი თეორიულად შეიცვალა. ამის გამო ECOSOC-ის კომიტეტს გეგმები ჩაუვარდა, თუმცაღა, ბევრი ფიქრის შემდეგ აღმოაჩინეს შეცდომა, რომლის გაპარვის შემთხვევაშიც ECOSOC-ის კომიტეტი მართლაც დამარცხდებოდა. დახურვის ცერემონიაზე კი ECOSOC-ის კომიტეტის ხელმძღვაენელებმა გამოაცხადეს, რომ რეალურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში არ არსებობს ისტორიული კრიზისების კომიტეტი, ის შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირებებისთვის, შესაბამისად, ისტორიული კრიზისების კომიტეტმა ვერ გააუქმა კრიზისების კომიტეტი წარსულში, 1974 წელს, რის შედეგადაც კრიზისების კომიტეტმა, ECOSOC-ის კომიტეტის თხოვნით, გააუქმა განიარაღების კომიტეტი და ამ კომიტეტის ბიუჯეტი, რომელიც 300 მილიონზე მეტს მოიცავდა, მთლიანად გადაეცა ECOSOC-ის კომიტეტს. 

დამეთანხმებით, ასეთი ჩახლართული სქემები იშვიათად თუ იჩენს თავს არამცთუ გაეროს მოდელირებებში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც კი. ჩვენი მთავარი მიზანი კი არის არსებული პრობლემების სწორად გაანალიზება და მათი გადაჭრის გზების ძიება. პრაღის გაეროს მოდელირება მართლაც საინტერესო და დაუვიწყარი გამოცდილების მომტანი იყო. იმედია, ქართული დელეგაციები კიდევ ბევრჯერ მიიღებენ მონაწილეობას მსგავს მოდელირებებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.


ნინო გლოველი

Tuesday, February 17, 2015

გაეროს მოდელირება პრაღაში - დღე 3


პირველად პრაღით მაშინ დავინტერესდი, როცა დათო ტურაშვილის „პრაღა გაზაფხულის გარეშე“ წავიკითხე. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია, გადავწყვიტე, ამ ქალაქში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წავსულიყავი. ჩემი ოცნება ახდა. 2015 წლის 8 თებერვალს პრაღის გაეროს მოდელირებაზე გავემზგავრე. 

ეს ჩემთვის პირველი მოზგაურობაა ევროპაში და ასევე პირველად ვარ გაეროს მოდელირებაზე. ყველაფერი ორმაგად მაინტერესებს. განსაკუთრებით ახალ უცხოელ მეგობრებთან ერთად სხვადასხვა საკითხის განხილვა მომწონს. საინტერესოა, როგორ ფიქრობენ შენი თანატოლები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან და ა.შ. პრაღის გაეროს მოდელირებაზე თითქმის ყველა ეროვნების ადამიანს შეხვდებით. 


მე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ვარ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო თემებს სწორედ ამ კომიტეტში განიხილავენ. მშვიდობის დამყარების გზები მთელ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, პოსტ-კონფლიქტურ ქვეყნებში - სწორედ ამაზე ვმსჯელობთ კონფერენციის მესამე დღეს. ჩვენი საკომიტეტო სხდომები ერთდროულად ინფორმაციული და სახალისოცაა. განსაკუთრებით მომეწონა ის ფაქტი, რომ ამ მოდელირებაზე მივხვდი, მხოლოდ შენი ქვეყნის გადმოსახედიდან თუ მიუდექი საკითხს, ყურადღებას არავინ მოგაქცევს, საჭიროა გლობალურად აღიქვა ესა თუ ის პრობლემა და შენი ქვეყანაც სწორედ ამ დიდი სამყაროს ნაწილად წარმოაჩინო. 

დამღლელი საკომიტეტო სხდომების შემდეგ, საღამოს ყველა კომიტეტი პაბში წავედით. საღამოს გასვლები გვეხმარება უკეთესად გავეცნოთ პრაღის ცხოვრების რიტმს და ცოტა ხნით არა ტურისტებად, არამედ მის ნაწილად ვიგრძნოთ თავი. მაგრამ რაღაც ყოველთვის შეგახსენებს იმას, რაც ხარ. პაბიდან წამოსულებმა უეცრად აღმოვაჩინეთ, რომ გზა აგვერია. საბენდიეროდ, ბევრნი ვიყავით, რის გამოც, არა თუ შეგვეშინდა, ვიმხიარულეთ კიდეც. ბევრი სიაურლის შემდეგ კი ერთ ნაცნობ ადგილს მივადექით, რომელიც მანამდე მხოლოდ სურათებში გვქონდა ნანახი - ჩვენ პრაღის ცნობილ „ჩარლზ ბრიჯთან“ ვიყავით. აი, ასე, შემთხვევით მოვხვდით ყველა ტურისტისთვის საოცნებო ადგილას. სასტუმროშიც მშვიდობით დავბრუნდით და მოუთმენლად ველით ხვალინდელ დღეს - წინ ქალაქის ტური გველის.


ანა გაგუა

Monday, February 16, 2015

გაეროს მოდელირება პრაღაში - დღე 4


გათენდა. პრაღისთვის დამახასიათებელი ამინდია, სუსხი და ბურუსია გარეთ. ფანჯრიდან ვიყურები და ჩემთვის ვფიქრობ, რა სასწაულია ეს სილამაზე, როგორ შეიძლება ყველაფერი ასეთი ლამაზი იყოს-მეთქი. ბოლოს გამოვდივარ ფიქრებიდან და ვემზადები კონფერენციაზე წასასვლელად. ვღელავ, დღეს უკვე საბოლოოდ უნდა მიიღოს ჩემმა კომიტეტმა რეზოლუცია და, რაღა თქმა უნდა, საპასუხისმგებლო და ამაღელვებელია ეს ფაქტი. თუმცა სასტუმროდან გასვლის წუთიდან ყოველგვარი მღელვარება ქრება და მხოლოდ სილამაზის შეგრძნება გეუფლება ადამიანს..


დღევანდელმა კონფერენციამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. დეტალები ალბათ თქვენთვისაც დამღლელი იქნება და ამიტომ ზოგადად გეტყვით, რომ მუშაობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, განსხვავებული აზრებითა და შეხედულებებით, დამერწმუნეთ, ძალიან საინტერესოა..



დღეს ადრე დავამთავრეთ კონფერენცია და ჩვენ კომიტეტთან ერთად ტურზე წავედით. დავათვალიერეთ ულამაზესი ადგილები, მოვისმინეთ ისტორიები, რომლის შესახებაც მხოლოდ სკოლაში, ისტორიის წიგნებიდან მსმენია და ალბათ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მე ამ ღირსშესანიშნავ ადგილებს პირადად ვნახავდი. მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ჩემმა მოგზაურობამ პრაღაში.. 
       



სოფო ცხოვრებაძე

Thursday, February 12, 2015

პრაღის გაეროს მოდელირება - დღე 2



პრაღის გაეროს მოელირება 2015-ს მასპინძლობს პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენ სასტუმროსთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. პრაღაში გადაადგილების ყველაზე მოხერხებული საშუალებაა ტრამვაის ხაზები, რომლითაც ჩვენ გადავადგილდებით ქალაქში, მათ შორის სასტუმროდან უნივერსიტეტში.




08:30 საათზე უკვე უნივერსიტეტში ვიმყოფებოდით, სადაც დელეგაციები დარეგისტრირდნენ, შემდგომ კი გახსნითი ცერემონია დაიწყო. ცერემონიაზე მოწვეულნი იყვნენ წარმომადგენლები ჩეხეთის სამინისტროებიდან, მათ შორის - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელი და გაეროს ოფიციალური წარმომადგენელი ჩეხეთში, რომელთა სახელთა არამცთუ დაწერა, არამედ წარმოთქმაც კი არ ძალმიძს.

11:30 საათზე დაიწყო პირველი სესია, ე.წ MOCK SESSION, სადაც ჩემ კომიტეტში გავიხილეთ და ვიმსჯელეთ საკმაოდ არაფორმალურ თემებზე, რის შედეგადაც მოხდა ძირითადი თემის არჩევა და დებატების დაწყება. პროცესი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, თუმცაღა, ნაყოფიერი. პირველი ოფიციალური სამუშაო დღე დასრულდა.




სამუშაო დღის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით და მცირეოდენი დასვენების შემდეგ წავედით THE PUB, PRAGUE 1-ში სადაც დავაგემოვნეთ ტრადიციული ჩეხური კერძები და, რაღა თქმა უნდა, ჩეხური  ლუდი. ამის შემდეგ ჩვენ ახალ მეგობრებთან ერთად სასტუროში დავბრუნდით და მესამე სამუშაო დღისთვის მზადება დავიწყეთ.


ნინო გლოველი

გაეროს მოდელირება პრაღაში - პირველი დღე



თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია გამოცდილების მიღება იმ სფეროებში, რომელშიც აპირებენ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას. ამას ისეთი აქტივობები უწყობს ხელს, როგორიცაა საერთაშორისო კონფერენციები. მე წილად მხვდა პატივი, პრაღაში გაეროს მოდელირების დელეგაციის წევრად ვყოფილიყავი არჩეული. ჩვენ ამ კონფერენციისთვის რამდენიმე თვე ვეზადებოდით, ჩაგვიტარდა არაერთი ტრენინგი არსებულ პროცედურებთან დაკავშირებით და მოახლოვდა ჩვენი გამგზავრების დღეც...


11000 მეტრის სიმაღლიდან დათოვლილი პრაღის დანახვა დაუვიწყარი სანახაობაა. ეს არის ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში, რომელმაც აღუწერელი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში.  აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროსკენ გავემგზავრეთ, გზად ბევრი საინტერესო არქიტექურული ნამუშევარი ვიხილეთ და აი, ამ დროს მივხვდი, რომ ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს პრაღა. 

სასტუმროში მისვლისთანავე გავიარეთ რეგისტრაცია და შემდეგ პროექტის გახსნით ცერემონიაზე კაფე "ლუვრში" წავედით, სადაც სხვა მრავალი დელეგაციის წევრები გავიცანით. მათ შორის ჭარბობდნენ ფრანგები, გერმანელები, სლოვაკები, თურქები. განსაკუთრებით კი ფრანგები მინდა აღვნიშნო, რომლებიც გამორჩეულები იყვნენ. გახსნითი ცერემონიის დასრულების შემდეგ ახალგაცნობილ მეგობრებთან ერთად დავბრუნდით სასტუროში, სადაც  მეორე დღისთვის მზადება დავიწყეთ.


სოფო ცხოვრებაძე


Friday, January 30, 2015

"თავისუფალი პარლამენტის" პროექტების განხილვა "ახალ ქართულ გიმნაზიაში"

დღეს "თავისუფალი პარლამენტის" წარმომადგენლები თბილისის კიდევ ერთ კერძო სკოლას, "ახალ ქართულ გიმნაზიას" ესტუმრნენ და გააცნეს ამავე ორგანიზაციისა და "კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთობლივი პროექტები, კერძოდ, "დებატების ჩემპიონატი", რომელიც ჩატარდება ლინკოლნ-დუგლასის ფორმატით 20-22 თებერვალს და პროექტი "ზამთრის სკოლა", რომლის ხანგრძლივობაც იქნება ერთი თვე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით. პროექტებმა მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია და რამდენიმე მოსწავლემ ადგილზევე გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.




Thursday, January 29, 2015

თავისუფალი პარლამენტის წევრების შეხვედრა სკოლა ''დავითიანის'' მოსწავლეებთან

29 იანვარს "თავისუფალი პარლამენტის" წარმომადგენლები თბილისის კერძო სკოლის ''დავითიანის'' მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრის თემას "თავისუფალი პარლამენტისა" და "კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთობლივი პროექტები წარმოადგენდა, კერძოდ, დებატების ჩემპიონატი, რომელიც გაიმართება 20-22 თებერვალს და მონაწილეები ლინკოლნ-დუგლასის ფორმატით იდებატებენ. ფორმატთან დაკავშირებით გაიმართება ტრენინგი და მონაწილეებს საშუალება ექნებათ საჩვენებელ დებატებშიც მიიღონ მონაწილეობა. მეორე ღონისძიება - ზამთრის სკოლა გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში და მოიცავს ლექციებსა და სასემინარო მუშაობას. მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ეკონომიკა, სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები. სკოლა ''დავითიანში'' პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, მას 50 ბავშვი ესწრებოდა - მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. შეხვედრამ ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ პროექტებში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვეს.