Tuesday, February 17, 2015

გაეროს მოდელირება პრაღაში - დღე 3


პირველად პრაღით მაშინ დავინტერესდი, როცა დათო ტურაშვილის „პრაღა გაზაფხულის გარეშე“ წავიკითხე. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია, გადავწყვიტე, ამ ქალაქში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წავსულიყავი. ჩემი ოცნება ახდა. 2015 წლის 8 თებერვალს პრაღის გაეროს მოდელირებაზე გავემზგავრე. 

ეს ჩემთვის პირველი მოზგაურობაა ევროპაში და ასევე პირველად ვარ გაეროს მოდელირებაზე. ყველაფერი ორმაგად მაინტერესებს. განსაკუთრებით ახალ უცხოელ მეგობრებთან ერთად სხვადასხვა საკითხის განხილვა მომწონს. საინტერესოა, როგორ ფიქრობენ შენი თანატოლები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან და ა.შ. პრაღის გაეროს მოდელირებაზე თითქმის ყველა ეროვნების ადამიანს შეხვდებით. 


მე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ვარ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო თემებს სწორედ ამ კომიტეტში განიხილავენ. მშვიდობის დამყარების გზები მთელ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, პოსტ-კონფლიქტურ ქვეყნებში - სწორედ ამაზე ვმსჯელობთ კონფერენციის მესამე დღეს. ჩვენი საკომიტეტო სხდომები ერთდროულად ინფორმაციული და სახალისოცაა. განსაკუთრებით მომეწონა ის ფაქტი, რომ ამ მოდელირებაზე მივხვდი, მხოლოდ შენი ქვეყნის გადმოსახედიდან თუ მიუდექი საკითხს, ყურადღებას არავინ მოგაქცევს, საჭიროა გლობალურად აღიქვა ესა თუ ის პრობლემა და შენი ქვეყანაც სწორედ ამ დიდი სამყაროს ნაწილად წარმოაჩინო. 

დამღლელი საკომიტეტო სხდომების შემდეგ, საღამოს ყველა კომიტეტი პაბში წავედით. საღამოს გასვლები გვეხმარება უკეთესად გავეცნოთ პრაღის ცხოვრების რიტმს და ცოტა ხნით არა ტურისტებად, არამედ მის ნაწილად ვიგრძნოთ თავი. მაგრამ რაღაც ყოველთვის შეგახსენებს იმას, რაც ხარ. პაბიდან წამოსულებმა უეცრად აღმოვაჩინეთ, რომ გზა აგვერია. საბენდიეროდ, ბევრნი ვიყავით, რის გამოც, არა თუ შეგვეშინდა, ვიმხიარულეთ კიდეც. ბევრი სიაურლის შემდეგ კი ერთ ნაცნობ ადგილს მივადექით, რომელიც მანამდე მხოლოდ სურათებში გვქონდა ნანახი - ჩვენ პრაღის ცნობილ „ჩარლზ ბრიჯთან“ ვიყავით. აი, ასე, შემთხვევით მოვხვდით ყველა ტურისტისთვის საოცნებო ადგილას. სასტუმროშიც მშვიდობით დავბრუნდით და მოუთმენლად ველით ხვალინდელ დღეს - წინ ქალაქის ტური გველის.


ანა გაგუა

No comments:

Post a Comment