Thursday, March 22, 2012

თავისუფალი პარლამენტის სემინარი “დიქტატორული მმართველობის ფორმები”



თავისუფალი პარლამენტის მორიგი სემინარი, რომლის მთავარი თემაც იქნება დიქტატორული მმართველობის ფორმები. სემინარი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ესენია მოწვეული სტუმრის მოხსენება (ლექცია), “თავისუფალი პარლამენტის” წევრების პრეზენტაციები კონკრეტულ მმართველებზე, მონაწილეების მუშაობა ჯგუფებში და ნამუშევრის წარდგენა, პრეზენტაციები.


მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია აპლიკაციის შევსება. აპლიკაციის შესავსებად მიყევით ბმულს.



ჩატარების ადგილი: აგრარული უნივერსიტეტი;

ჩატარების თარიღი: 31.03.2012, 14:00

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეობის ღირებულება: 5 ლარი, რომელიც სრულად დაფარავს საკანცელარიო ხარჯებს, ასევე შესვენებას ყავაზე.

Sunday, March 18, 2012

მეხუთე სესიის დელეგაციის ხელმძღვანელები

მეხუთე სესია სულ უფრო გვიახლოვდება და ჩვენც ვცდილობთ ყველაფერი მაქსიმალურად იყოს ორგანიზებული, რადგან თავისუფალი პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ორგანიზებულობაა.

ამჯერად გთავაზობთ სამუშაო დელეგაციებსა და დელეგაციის ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაციას, ვიფიქრეთ მსგავსი ინფორმაცია დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ დელეგაციის ხელმძღვანელები, რაც უფრო გაგიმარტივებთ მათთან ურთიერთობას უშუალოდ მუშაობისას.

ნინუცა აფციაური (ამერიკის დელეგაცია)

ვარ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებს, რაც უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ზოგადად ცხოვრებაში. ჩემი აზრით, მთავარი ურთიერთობებია და ის თუ რა დამოკიდებულება გაქვს გარემოსთან. ჩემთვის საამაყოა წოდება, რომ ვიქნები საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ჩემი კონცენტრაცია შორეული აღმოსავლეთია, კერძოდ, ვსწავლობ იაპონურ ენას. ბევრისთვის იაპონია მხოლოდ ეგზოტიკაა, ჩემთვის კი სამაგალითო ქვეყანა და ცივილიზაცია. ის მიზიდავს მთელი მისი კულტურით, ფილოსოფიით,  საზოგადოების ბუნებით. იაპონიის განსაკუთრებულობა გამოიხატება მის დამწერლობაში. მიყვარს მისი სირთულე და უნიკალურობა.
ჩემს ჩართულობას თავისუფალ პარლამენტში, განაპირობებს ის ადრენალინი, რომელსაც ყოველ სესიაზე განვიცდი. ეს არის ემოცებისა და ძალების მოკრების უწყვეტი ორი–სამი დღე. თემები, რომლებსაც განვიხილავთ ყველაზე საინტერესოდ მიმაჩნია. ვფიქრობ, ეს არის უდიდესი გამოცდილება, რომელსაც ჩემს მომავალ პროფესიასა და საქმიანობაში განვახორციელებ. მინდა, ვმოღვაწეობდე ისეთ სფეროში, სადაც მსჯელობა მუდამ დაუკავშირდება იმას, თუ როგორ გავხადოთ თითოეული ადამიანისთვის ცხოვრება უკეთესი.
თავისუფალი დროის გატარება ყველაზე მეტად ჩემს პატარა დასთან ერთად მიყვარს. მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, რადგანაც ხშირად ბავშვები დიდებზე ჭკვიანები არიან. ასევე ძალიან მსიამოვნებს ჩემს იტალიელ მეგობრებთან ურთიერთობა და იმ დროის გახსენება, როცა იტალიურ სკოლაში ვსწავლობდი და რომის მითიურ უბნებში დავსეირნობდი.

დავით ჩიქოვანი (ამერიკის დელეგაცია)

პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 21 თებერვალი 1992 წელი
დაბადების ადგილი: სოხუმი, საქართველო 

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი 
განათლება:
ამჟამად სტუდენტი
სასწავლებელი:
კავკასიის უნივერისტეტი
კავკასიის სამართლის სკოლა 
სპეციალობა:
სამართალმცოდნეობა
საქმიანობა:
2010 წლიდან დღემდე – კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თანათავმჯდომარე
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავი ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს, არ მსიამოვნებს საკუთარ თავზე საუბარი, ამიტომ ძალიან მოკლედ ვიტყვი: ვარ უბრალოდ (და არა უბრალო) დავით ჩიქოვანი… სხვა კუთხით სხვამ შემაფასოს :) 

მარიამ მეგრელიშვილი (ევროპის დელეგაცია)

დავიბადე და გავიზარდე თბილისში, აქვე დავამთავრე სკოლა, რომელიც საუკეთესო ეპოქად რჩება დღემდე ჩემს ცხოვრებაში. ეხლა კი ვარ 20 წლის და ვსწავლობ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი. ასევე ვწერ ხანდახან სტატიებს ჟურნალ „ტაბულაში“.
მომავალში ვგეგმავ, რომ გავხდე ჟურნალისტი, აუცილებლად წარმატებული და ჩემი საქმე აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს არაბულ ენას, რომელსაც ეხლა ვსწავლობ უნივერსიტეტში. არაბული ენა ჩემთვის ცალკე სამყაროა, რომლის საფუძვლიანად შესწავლაც ერთ-ერთ მიზნად მაქვს დასახული. საბოლოო ჯამში კი ვისურვებ, რომ მივაღწევ ალ-ჯაზირაში კონფლიქტების ჟურნალისტად მუშაობას.
ზოგადად მხიარული ადამიანი ვარ, ხანდახან ზედმეტადაც კი. მიყვარს ჩემ მეგობრებთან ერთად ყოფნა, გართობა, ცეკვა და ა.შ. და კიდევ ძალიან მიყვარს მუსიკა და ექსტრემალური სპორტი. (თუ ჟურნალისტი ვერა მთასვლელი აუცილებლად გავხდები).
რაც შეეხება ჩემს მოღვაწეობას თავისუფალ პარლამენტში, მისი დაფუძნების დღიდან ჩართული ვარ პროექტში და ძალიან მიხარია რომ დღესდღეობით უკვე ბევრ წარმატებას ვაღწევთ. შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალ პარლამენტში მოღვაწეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი პროცესია ჩემთვის ამ ეტაპზე. 
  
ქეთევან ბრეგვაძე (ახლო აღმოსავლეთის დელეგაცია)

  დავიბადე 1992 წლის 19 აგვისტოს. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, აზია-აფრიკის ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, კონცენტრაციით-ახლო აღმოსავლეთი. ვსწავლობ არაბულ ენას. ამჟამად ვარ მეორე კურსზე.
გარდა იმისა რომ ვარ სტუდენტი, ვცდილობ უფრო ჩართული ვიყო ჩემს პროფესიასთან დაკავშირებულ საქმიანობებში, ასეთს კი „თავისუფალი პარლამენტი’’ წარმოადგენს. თავისუფალ პარლამენტთან ჩემი კავშირი მისი დაარსების დღიდან იწყება-თავიდან როგორც დელეგატის როლში, შემდეგ კი როგორც კომიტეტის თავმჯდომარე. ამ პროექტმა უდიდესი გამოცდილება და ცოდნა მომცა.
ამჟამად ჩემი საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ სწავლითა და მეგობრებთან ერთად თავისუფალი პარლამენტის ორგანიზებით შემოიფარგლება, რაც ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. რაც შეეხება მომავლის გეგმებს, იმედი მაქვს, რომ  საკუთარ პროფესიასთან ბევრად უფრო მჭიდრო კონტაქტი მექნება დასაქმების მხრივ.

ალექსანდრე ჩარკვიანი (ახლო აღმოსავლეთის დელეგაცია)

ოცი წუთია ვფიქრობ, ღირს თუ არა უფრო მეტი დავწერო საკუთარ თავზე, რადგან ვიცი ჩემი დაბადების თარიღი და სხვა წვრილმანები არაფრის მთქმელია შენთვის. ალბათ უკეთესი იქნება, თუ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: მაისში გარიჟრაღი ყველაზე სასიამოვნო რამაა რაც კი შეგიძლია გამოსცადო. ერთხელ ცადე და მთელი ღამე არ დაიძინო. დრო საინტერესო ადამიანების, მუსიკისა და წითელი ღვინის კამპანიაში გაატარე, მაგრამ არც მაშინ დახუჭო თვალები, როდესაც ნაკადულიც კი დაიძინებს. ბუნება გაისუსება და მაშინ, როდესაც იფიქრებ, რომ ყველამ დაიძინა, გაიგებ ჩიტების ჭიკ-ჭიკს. გამოაღე ფანჯარა და შეისუნთქე ცივი, სუფთა ჰაერი ალუბლის ყვავილების სურნელით. გაიყინე და ყური მიუგდე შენს გულისცემას, ბუნების ხმას და მეგობრების ხვრინვას. შეხედე ვარდისფერ აისს. მერე შენთვის მუსიკა ჩართე, ცხელი ყავა დალიე და იფიქრე. მიხვდები, რომ ბედნიერი ხარ...

თიკო მამუჩაშვილი (აფრიკის დელეგაცია)

დაბადების თარიღი: 1992 წელი, 11 იანვარი
·       ასაკი: 20 წელი
·       ზოდიაქო: თხის რქა
·       ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი; მყავს ორი და
·       განათლება: დავამთავრე ბრიტანულ–ქართული აკადემია, ვარ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი
·        დამახასიათებელი თვისებები: ენერგიული, მოტივირებული, მიზანდასახული
·       ჰობი: ფოთლებისა და ერთთეთრიანების შეგროვება; ცეკვა; ცოცხალ კონცერტებზე დასწრება
·       დამატებითი ჰობი: ბევრი ფიქრი
·       საქმიანობა: უმუშევარი
·       სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები; კონცენტრაცია შორეული აღმოსავლეთი – იაპონია;
·       დამატებითი სპეციალობა: ბიზნესის მართვა და ფინანსები
·       ჩემი აზრით: „Everything will be okay in the end, if it is not okay, it’s not the end; “შრომა აკეთილშობილებს ადამიანს; „იყო ძლიერი კომფორტულია“; „I am blissfully happy woman.
·       მოგზაურობა: 2009 წლის აგვისტოში ვიყავი ინგლისში, ლონდონში. ეს იყო ჩემი პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი საზღვრის გადაკვეთა
·       ინტერესი: მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და კარიბის ზღვის მძევლობა
·       თავისუფალი პარლამენტი: ამ ორგანიზაციის აქტიობებში პირველი სესიიდან ვარ ჩართული. ვიცი როგორია კომიტეტის ხელმძღვანელობაც და მისი წევრობაც. თავისუფალ პარლამენტში ჩართულობა დამოუკიდებლობის შეგრძნებას მმატებს, უფრო მეტად მჯერა ჩემი თავის და ჩემი მეგობრების, ვისთან ერთადაც სესიებში ვმონაწილეობ. ყოველი ასამბლეის დასასრულს მჯერა, რომ შეგვიძლია სამყაროს სასიკეთო ცვლილება შევთავაზოთ და ჩვენი არსებობა უბრალოდ ლამაზ მოგონებად კი არა, არამედ აზრიან შედეგად ვაქციოთ. 
      
ნია ნამგალაძე (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დელეგაცია)

      დავიბადე 1992 წლის 12 აგვისტოს.  დავამთავრე ქ.ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე–3 საჯარო სკოლა. მყავს დიდი ოჯახი და ძალიან კარგი მეგობრები. ვსწავლობ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში საერთაშორისო ურთიერთობებს და არაბულ ენას.                                                      
მიყვარს ლიტერატურა, აღმოსავლური კულტურა, 70–იანი წლების მუსიკა, კარგი კინო, ცეკვა, ბუნება, ცხოველები, ფეხბურთი და მადრიდის რეალი. ვაგროვებ დადებით ემოციებს და ადამიანურ ურთიერთობებს.                                                      მიყვარს სიახლეები, ცვლილებები, ახალი ადამიანები, საინტერესო თემები და იდეები. ამიტომაც ვარ თავისუფალ პარლამენტის დიდი ოჯახის წევრი პირველივე სესიიდან. ერთი წელიც არაა, რაც ვარსებობთ და ამ მცირე დროში მოვასწარით რამდენიმე განსხვავებული და მათ შორის საერთაშორისო პროექტის მომზადებაც. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენც ვსწავლობთ, ვვითარდებით და ყოველი ახალი სესია უფრო უკეთესი გამოგვდის ვიდრე წინა.
      
ნიკა ჟღერია (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დელეგაცია)

დავიბადე თბილისში 1992 წლის 9 ნოებმერს (თუ არ მეშლება 3.9კგ ვიყავი). დავამთავრე 34–ე საჯარო სკოლა, იგივე „ქართული სასწავლებელი“. ვსწავლობ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში საერთაშორისო ურთიერთობებს ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით.
მყავს არც თუ ისე დიდი ოჯახი , რომელიც ძალიან მიყვარს. ასევე მიყვარს მუსიკა, განსაკუთრებით ჯაზი. მიყვარს კალათბურთის თამაში , ცურვა და თხილამურები. ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობ ყველაფერს ოპტიმისტურად შევხედო და ყველაფერს რაღაც კარგი მხარე ვუპოვო. გარდა ამისა ძალიან მიყვარს ჩემი თავი (ყველაზე და ყველაფერზე მეტად) რადგან ვთვლი, რომ თუ შენი თავი არ გიყვარს მაშინ შეუძლებელია ვინმე შეიყვარო.
კარგ თვისებებთან ერთად მაქვს რამდენიმე ცუდიც , ერთ–ერთი მათგანი საშინელი სიზარმაცეა,რომელთანაც გამუდმებით მიწევს ბრძოლა.


სალომე მაისურაძე (სესიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის დელეგაცია)

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი. თავისუფალ პარლამენტში ჩემი მოსვლა შეიძლება ითქვას შემთხვევითობაცაა, რადგან რომ არა რამენიმე კვირით ადრე ახალგაზრდული პარლამენტის სესია, მე არ გამიჩნდებოდა სურვილი მსგავს პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ჩემ  შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ვარ მხიარული  და ამას მაშინვე შემატყობთ, როგორც კი გამიცნობთ. მომწონს უცხო ადამიანებთან ურთიერობა და სიახლეები, რომელიც ამ ურთიერთობებს მოაქვს. ბავშვობიდან მომწონდა ქართული ცეკვები და არ მიყვარდა ფორტეფიანოზე დაკვრა. სკოლაში მიყვარდა მათემატიკა და არ მიყვარდა გეოგრაფია. საყვარელი წიგნია „სამი მეგობარი“. მიყვარს ექიმები, მათი პროფესია, მაგრამ ჩავაბარე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, რომელიც არანაკლებ მაინტერესებს  და არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ვხვდები რომ იქ ვარ სადაც მართლაც მინდა რომ ვიყო. არ მიყვარს დროის უქმად გაფლანგვა და სულ ვცდილობ რომ რაიმე საქმე მქოდნეს, თუნდაც დასვენების დროს სულ რაღაც პროექტებში მინდა მონაწილეობის მიღება. 

ნიკოლოზ ჩარკვიანი (სესიის პრეზიდენტი, აფრიკის დელეგაცია)

დავამთავრე მე-18 საჯარო სკოლა, ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი. სწორედ ის, რომ დღეს მე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, ვფიქრობ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და წარმატებაა ჯერ-ჯერობით.

ვფიქრობ და ვხვდები რომ ჩემ თავზე მარტო კარგი რაღაცები მახსენდება :) ვარ აქტიური, კომუნიკაბელური (მაღალი, სიმპათიური, წარმოსადეგი, პერსპექტიული ახალგაზრდა :D). მიყვარს მუსიკა, არაბული კულტურა და ბევრი სიარული. ბოლო ისე ძალიან მიყვარს, რომ მეგობრებთან ერთად “მარათონის დღეს” აღვნიშნავ.

ჩემი ოცნებაა თითქმის ყველა არაბულ ქვეყანაში მოგზაურობა, ადგილობრივი კულტურისა და ხალხის ახლოს გაცნობა. ძალიან მინდა არაბულ ბაზარში ბევრი სიარული და ცხელი ჩაის დალევა.

რაც შეეხება თავისუფალ პარლამენტს, ვფიქრობ რომ დღეს სტუდენტებში ასე თუ ისე ცნობადი სახელია და ძალიან მიხარია, რადგან მისი დაარსების დღიდან ვარ გუნდის აქტიური წევრი.

როგორც სესიის პრეზიდენტი, ვიტყოდი, რომ მართლაც იდეალური გუნდი უკეთებს ორგანიზებას მეხუთე სესიას და ვფიქრობ, ძალიან წარმატებული იქნება, თანაც როგორც ყოველთვის კვლავ განსხვავებული ორგანიზაციის მუშაობის სიმულაციას გთავაზობთ.

როგორც აფრიკის დელეგაციის ხელმძღვანელი კი, ვიტყოდი, რომ ჩვენი დელეგაცია საუკეთესო იქნება სესიაზე, მიუხედავად არსებული მძიმე ვითარებისა. ჩვენი ლოზუნგია: “აფრიკის დროა!!!”


 
 
   




Tuesday, March 13, 2012

თავისუფალი პარლამენტის მეხუთე სესია



თავისუფალი პარლამენტის მეხუთე სესიის დელეგაციები და ხელმძღვანელები შერჩეულია!!!

მეხუთე სესია გაიმართება 28-29 აპრილს. დაგეგმილია უამრავი სიახლე, როგორც ყოველ ადგილობრივ სესიაზე, ამჯერადაც თავისუფალი პარლამენტი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. შემოგთავაზებთ ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობის სიმულაციას.

დღეს 13 მარტს, ჩატარდა კენჭისყრა და ყველა დელეგაციის ხელმძღვანელმა უკვე იცის თავისი სამუშაო დელეგაციის შესახებ. 

დაწვრილებითი ინფორმაცია სულ მალე დაიდება.


Thursday, March 8, 2012

თავისუფალი პარლამენტის პირველი სემინარი



“რელიგიის როლი მსოფლიო პოლიტიკაში”

ოთხ მარტს თავისუფალი პარლამენტის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე რელიგიის როლი მსოფლიო პოლიტიკაში. ეს თემა ავირჩიეთ, რადგან ვფიქრობთ, ხშირად პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები რელიგიის გავლენით ვითარდება. ჩვენი მოლოდინი გამართლდა და სემინარმა სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

სემინარი გაგრძელდა 5 საათი და მოიცავდა რამდენიმე ეტაპს: მონაწილეებმა მოისმინეს მოწვეული სტუმრის, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ქალბატონი თინათინ ქაროსანიძის ლექცია და თავისუფალი პარლამენტის ორგანიზატორთა პრეზენტაციები კონკრეტულ რეგიონებთან დაკავშირებით. შემდეგ დრო ჯგუფებში მუშაობას დაეთმო, ხოლო მოგვიანებით ჯგუფებმა თავისი ნამუშევარი პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. უნდა ითქვას, რომ სტუდენტებმა ძალიან კარგად შეძლეს გაეაზრებინათ მათ წინაშე დასმული პრობლემები და მიუხედავად დროის სიმცირისა არაჩვეულებრივი პრეზენტაციები მოამზადეს.
შედეგად ყველა მონაწილემ თემასთან დაკავშირებული ბევრი ახალი რამ შეიტყო, გაიღრმავა ცოდნა და მიიღო გამოცდილება, რომელიც მომდევნო სესიაში გამოადგება. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ინტერესი გამოიჩინა სემინარის მიმართ. თავისუფალი პარლამენტი სამომავლოდ კვლავ გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. ვიმედოვნებთ მომავალშიც ასეთი აქტიურები იქნებით.

გისურვებთ წარმატებას!!!

მსოფლიო სიახლეები თავისუფალი პარლამენტისგან



მოგესალმებით,

მოგეხსენებათ “თავისუფალი პარლამენტი” არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც კონცენტრირებულია სტუდენტების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვაზე. ხშირად გვეკითხებიან, თუ რა არის ჩვენი მიზანი და საერთოდ რის მიღწევას ვცდილობთ; ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ახალგაზრდობის ინფორმირებულობაა. მაშინ, როცა, ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ჩავთვალეთ, რომ აუცილებელია უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს ამ ორგანიზაციების შესახებ, ვიცოდეთ, თუ როგორ მუშაობენ და რა გავლენა აქვთ მათ გადაწყვეტილებებს თანამედროვე მსოფლიოზე.

მეორე მიზანი, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მსჯელობა და ჩვენეული გადაწყვეტილების პოვნაა. ვცდილობთ, ყველა რეგიონი მოვიცვათ და შესაბამისად ის ყველა თემა განვიხილოთ სესიების მიმდინარეობისას, რომელიც აქტუალურია კაცობრიობისთვის. განსაკუთრებული სიმწვავით უკანასკნელ სესიებზე ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის რეგიონების თემატიკა გამოირჩეოდა, თუმცა არ ჩამორჩებოდა შორეული აღმოსავლეთის რეგიონიც. “არაბული გაზაფხული,” ევროს კრიზისი და სეინდაის მიწისძვრა, სწორედ ეს თემები განიხილებოდა თავისუფალი პარლამენტის მესამე და მეოთხე საერთაშორისო სესიებზე.

ბოლო, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციის მჭიდრო ურთიერთობა სტუდენტებთან, როგორც სხვადასხვა სესიის დელეგატებთან, ასევე ყველა იმ ახალგაზრდასთან, ვინც დაინტერესებულია “თავისუფალი პარლამენტის” მუშაობით.

სწორედ ეს მიზნები გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ გამოგვეცა ელექტრონული გაზეთი, რომლითაც შევძლებდით სხვადასხვა ინფორმაციის სტუდენტებისთვის მიწოდებას. ვფიქრობ, ძალიან კარგი საშუალებაა გვქონდეს კავშირი თითოეულ თქვენთაგანთან, მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და ასევე ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
გაზეთი გამოვა ყოველი თვის ბოლო ორშაბათს და ყველა დაინტერესებულს შეეძლება გაეცნოს მას, როგორც ჩვენს Facebook–ის გვერდზე, ასევე სურვილის შემთხვევაში, შეგეძლებათ გამოიწეროთ და მიიღოთ ელექტრონულ მეილზე.

ვიმედოვნებ, დაინტერესდებით ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციით.

პატივისცემით,
ნიკოლოზ ჩარკვიანი