Thursday, March 8, 2012

მსოფლიო სიახლეები თავისუფალი პარლამენტისგან



მოგესალმებით,

მოგეხსენებათ “თავისუფალი პარლამენტი” არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც კონცენტრირებულია სტუდენტების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვაზე. ხშირად გვეკითხებიან, თუ რა არის ჩვენი მიზანი და საერთოდ რის მიღწევას ვცდილობთ; ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ახალგაზრდობის ინფორმირებულობაა. მაშინ, როცა, ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ჩავთვალეთ, რომ აუცილებელია უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს ამ ორგანიზაციების შესახებ, ვიცოდეთ, თუ როგორ მუშაობენ და რა გავლენა აქვთ მათ გადაწყვეტილებებს თანამედროვე მსოფლიოზე.

მეორე მიზანი, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მსჯელობა და ჩვენეული გადაწყვეტილების პოვნაა. ვცდილობთ, ყველა რეგიონი მოვიცვათ და შესაბამისად ის ყველა თემა განვიხილოთ სესიების მიმდინარეობისას, რომელიც აქტუალურია კაცობრიობისთვის. განსაკუთრებული სიმწვავით უკანასკნელ სესიებზე ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის რეგიონების თემატიკა გამოირჩეოდა, თუმცა არ ჩამორჩებოდა შორეული აღმოსავლეთის რეგიონიც. “არაბული გაზაფხული,” ევროს კრიზისი და სეინდაის მიწისძვრა, სწორედ ეს თემები განიხილებოდა თავისუფალი პარლამენტის მესამე და მეოთხე საერთაშორისო სესიებზე.

ბოლო, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციის მჭიდრო ურთიერთობა სტუდენტებთან, როგორც სხვადასხვა სესიის დელეგატებთან, ასევე ყველა იმ ახალგაზრდასთან, ვინც დაინტერესებულია “თავისუფალი პარლამენტის” მუშაობით.

სწორედ ეს მიზნები გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ გამოგვეცა ელექტრონული გაზეთი, რომლითაც შევძლებდით სხვადასხვა ინფორმაციის სტუდენტებისთვის მიწოდებას. ვფიქრობ, ძალიან კარგი საშუალებაა გვქონდეს კავშირი თითოეულ თქვენთაგანთან, მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და ასევე ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
გაზეთი გამოვა ყოველი თვის ბოლო ორშაბათს და ყველა დაინტერესებულს შეეძლება გაეცნოს მას, როგორც ჩვენს Facebook–ის გვერდზე, ასევე სურვილის შემთხვევაში, შეგეძლებათ გამოიწეროთ და მიიღოთ ელექტრონულ მეილზე.

ვიმედოვნებ, დაინტერესდებით ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციით.

პატივისცემით,
ნიკოლოზ ჩარკვიანი

No comments:

Post a Comment