Tuesday, July 16, 2013

ეგვიპტე - დაუსრულებელი რევოლუცია





2010 წლის ბოლოდან ახლო აღმოსავლეთი, კერძოდ კი არაბული სამყარო მსოფლიოს ინტერესის ცენტრშია. მოვლენები საკმაოდ სწრაფად და მძაფრად ვითარდებოდა. არაბული გაზაფხული - მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელიც 2010 წლის 18 დეკემბერს დაიწყო თუნისში. გამოსვლები უკავშირდებოდა ახალგაზრდა მოვაჭრის მუჰამმად ალ-ბუაზიზის თვითმკვლელობას, მან თავი გაუსაძლისი სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო დაიწვა. ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით ძალიან სწრაფად გავრცელდა. საპროტესტო აქციები კი ჯაჭვური ეფექტით გადაედო სხვა ქვეყნებს.

თუნისის შემდეგ 2011 წლის 25 იანვარს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა კაიროს თაჰრირის მოედანი დაიკავეს. თუნისის მსგავსად დემონსტრაციებმა შედეგი გამოიღო და 2011 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ჰუსნი მუბარაქმა თანამდებობა დატოვა. ძალაუფლება კი ეგვიპტის შეიარაღებულმა ძალებმა გადაიბარეს. ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. აქციის მონაწილეებსა და მუბარაქის მომხეებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა, რასაც ბევრი მოქალაქე ემსხვერპლა. თუმცა, მათი საქმეები დღემდე გამოუძიებელია, რაც გახდა კიდეც ერთ-ერთი მიზეზი ახალი პროტესტისა.

2012 წლის 24 ივნისს, ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა არჩევნების ოფიციალური შედეგები. მუჰამმად მურსი გახდა პირველი, დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი ეგვიპტის ისტორიაში. მან ხმების 51.7% მიიღო, მისმა ოპონენტმა, აჰმად შარიფმა, მუბარაქის მთავრობის ბოლო პრემიერმა კი, 48.3%.

მუჰამმად მურსი დაიბადა 1951 წლის 8 აგვისტოს ეგვიპტის სოფელ ალ-ადვაში. დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მოიპოვა ეგვიპტის მთავრობის გრანტი და დისერტაციაზე სამუშაოდ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწავლობდა ფიზიკას სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. სამი წლის განმავლობაში იყო ასისტენტ პროფესორი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მურსი პოლიტიკაში პირველად 2000 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პარლამენტის წევრი გახდა. ოფიციალურად დამოუკიდებელი დელეგატი იყო, ვინაიდან მუბარაქის დროს, მუსლიმ ძმებს, ძალას, რომელსაც ის წარმოადგენდა, პარლამენტში მოღვაწეობა ოფიციალურად ჰქონდათ აკრძალული. პარლამენტში მან ხუთი წელი დაჰყო. 2011 წლამდე მისი გვარი თითქმის არ გაჟღერებულა.

2011 წლის 28 იანვარს მუსლიმი ძმების 25 წევრი დააპატიმრეს, მათ შორის იყო მუჰამმად მურსი. თუმცა, იმის გამო, რომ მათ დაპატიმრებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისინი 30 იანვარს გაათავისუფლეს. რევოლუციის პერიოდში, მუსლიმი ძმების წევრებმა, ჩამოაყალიბეს პარტია, რომელსაც თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია უწოდეს, ლიდერი კი საპრეზიდენტო კანდიდატი მურსი გახდა. მურსიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის გახდებოდა პრეზიდენტი, დატოვებდა პარტიას, ვინაიდან ის იქნებოდა ეგვიპტელი ხალხის პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის. ასეც მოიქცა არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე. 2012 წლის 30 ივნისიდან მურსი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას.

მურსის ერთ-ერთი პირველი ქმედება იყო ის, რომ მან შეცვალა კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საკუთარ თავს მიანიჭა შეუზღუდავი ძალაუფლება, მიზეზად კი ხალხისა და ქვეყნის დაცვა დაასახელა. ცხადი იყო, რომ ეგვიპტელები ამას მარტივად არ შეურიგდებოდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მუბარაქის გადაყენებით დაინახეს, რომ წარმოადგენდნენ ძალას, რომელსაც შეეძლო 30 წლიანი მმართველობაც კი დაესრულებინა.

ნოემბერში თაჰრირზე კვლავ გამოჩნდნენ მთავრობით უკმაყოფილო მოქალაქეები, უკმაყოფილება დღითიდღე იზრდებოდა. რვა დეკემბერს პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება ანულირდა. ეს იყო დასტური იმისა, რომ ხალხი აღარასდროს მისცემდა მთავრობას უფლებას, გაეკეთებინა ის, რაც მათ აზრს ეწინააღმდეგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ეგონა სიტუაცია შეიცვლებოდა და შეძლებდნენ თავიანთი კონტროლისთვის დაქვემდებარებას, ეს ასე არ მოხდა. მოსახლეობის პროტესტს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი ვახსენე უკვე, ეს უკავშირდებოდა 2011 წლის დროინდელ, გამოუძიებელ საქმეებს. აქციის მონაწილეების დარბევასა და დახოცვაში ეჭვმიტანილი პოლიციელები კვლავ განაგრძობდნენ მუშაობას მაღალ თანამდებობებზე.

უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად ბევრია ეგვიპტეში, თუმცა CNN-ისა და BuzzFeed-ის ჟურნალისტები საკმაოდ მკაფიოდ გამოყოფენ რვა ძირითად პრობლემას. სია შედგენილია თავად ეგვიპტელი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე. პირველ პრობლემად სახელდება უმუშევრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ეს მიზეზი სახელდებოდა 2011 წლის რევოლუციის დროსაც, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, რაც გახდა კიდეც პროტესტის ახალი ტალღის  ერთ-ერთი უმთავრესი მოტივატორი.

მეორე მიზეზად სახელდება თითქმის გასამმაგებული კრიმინალის მაჩვენებელი. 2010 წელს შეიარაღებული ძარცვის 200 ფაქტი იყო დაფიქსირებული, 2012 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 2807-მდე გაიზარდა. ამას ემატება ქალებზე სექსუალური ძალადობის მაგალითები, რომელსაც უკვე გამოსვლების დაწყების შემდგომ უფრო მძიმე სახე ჰქონდა. Human Rights Watch-ის მონაცემების მიხედვით, 4 დღის განმავლობაში 91 ქალი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ძირითად მიზეზებად სახელდება ისიც, რომ ქვეყანაში საწვავის კრიზისია. ასევე ძალიან შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება, ხშირია შემთხვევები, რომ კლინიკებს უწყდებათ მიწოდება, რაც პირდაპირ აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ენერგიის პრობლემა ზაფხულში ხშირია ქვეყნისთვის, საწვავის მარაგით ცდილობდნენ პრობლემასთან ბრძოლას, თუმცა წელს ამის პრობლემაც შეიქმნა ქვეყანაში, რამაც საერთო ჯამში გაუსაძლისი მდგომარეობა შექმნა.

საწვავის რაოდენობის შეზღუდვამ პირდაპირი გავლენა იქონია საკვები პროდუქტების ფასებზე, საგრძნობელი ზრდა თითოეული ეგვიპტელის ოჯახზე აისახა. გაეროს მონაცემების მიხედვით მოსახლეობის 17% საკვების ნაკლებობას განიცდის, ეს მაჩვენებელი აღემატება 2009 წლის მონაცემს, როდესაც ის 14% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მურსის მთავარი დაპირება იყო გამხდარიყო ხალხის
პრეზიდენტი, მან ეს ვერ მოახერხა. ესეც ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება. მუბარაქთან დაახლოებული ფენა მუსლიმმა ძმებმა ჩაანაცვლეს, ისინი უამრავი პრივილეგიით სარგებლობდნენ. მთავრობაში მყოფები კი ამართლებდნენ პრეზიდენტის ყველა ნაბიჯს და ამბობდნენ, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდიოდა. ბოლო, მერვე მიზეზი კი, რომელიც სახელდება ეხება უშუალოდ იმას, თუ რატომ გრძელდება გამოსვლები, ამ მიზეზს მოგვიანებით დავუბრუნდები.

2013 წლის 30 ივნისს მასობრივი პროტესტის ტალღა მოედო მთელს ეგვიპტეს. მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა იყო. მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. აქციებს სათავეში ოპოზიცია ჩაუდგა, რომელიც მუბარაქის მთავრობის წევრებით არის დაკომპლექტებული. უმთავრესი როლი იმან ითამაშა, რომ პრეზიდენტს ჯარიც განუდგა და ხალხის მხარეს დადგა. მათი განცხადებით, თუ 3 ივლისამდე (48 საათში) მოთხოვნა არ შესრულდებოდა, ისინი ძალას გამოიყენებდნენ და მართვის სადავეებს თავად ჩაიბარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი არ ჰქონდათ. შეიარაღებული ძალების ეს განცხადება გაგებული იყო როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობა, თუმცა მეორე დღესვე გააკეთეს კომენტარი, რომ ისინი არ აპირებდნენ სამხედრო გადატრიალების მოწყობას, მხოლოდ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გადაიბარებდნენ ხელისუფლებას.

2 ივლისს მურსიმ სიტყვით მიმართა ხალხს და საჯაროდ დაგმო ულტიმატუმი, რომელიც მას ჯარმა წაუყენა. მისი განცხადებით, ის არ აპირებდა დაეტოვენინა თანამდებობა, ის ხალხის არჩეული პრეზიდენტი იყო და განაგრძობდა მუშაობას.

3 ივლისს შეიკრიბა სხდომა, რომელმაც მურსი ყოფილ პრეზიდენტად გამოაცხადა და ძალაუფლება ჯარს გადააბარა. სხდომას ესწრებოდნენ ეგვიპტის თავდაცვის მინისტრი აბდულ ფათაჰ ალ-სისი, ოპოზიციის ლიდერი მუჰამმად ალ-ბარადაი, ალ-აზჰარის იმამი აჰმად ალ-ტა’იბი და კოპტების პაპი თეოდოროს II. 4 ივლისის შემდეგ მუჰამმად მურსის კვალი ქრება, არავინ იცის, სად იმყოფება და რას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ამ გამარჯვებას მუსლიმი ძმების არსებობის დასასრულს უწოდებს, ექსპერტები ამბობენ, რომ მათი არსებობა ამით არ დასრულდება, შეიძლება ისევ “მიწისქვეშეთში” გადაინაცვლონ, თუმცა მაინც განაგრძობენ მოქმედებას.

ამჟამად მთავრობა შეიარაღებული ძალების ხელშია. ისინი მუშაობენ მთავრობის დაკომპლექტებაზე, პრემიერისა და მინისტრების დანიშვნაზე. პარალელურ რეჟიმში გამოსვლები გრძელდება, აქციის მონაწილეები მოითხოვენ დროებითი მთავრობის სწრაფ მოქმედებას, რომელიც რეალურ შედეგებს მოიტანს.

მერვე მიზეზი, კი რომელიც ვახსენე, სწორედ ამჟამინდელ მდგომარეობას უკავშირდება, მუბარაქის მომხრეები ამბობენ, რომ ეს იყო სამხედრო გადატრიალება და არა ხალხის სურვილი, ამიტომ მოქალაქეების არჩეული პრეზიდენტი აუცილებლად დაბრუნდება და განაგრძობს საკუთარი მოვალეობის აღსრულებას. ამის წინააღმდეგ გამოდიან დღესაც ეგვიპტელები, რითაც ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის გადაყენება იყო მათი ნება.

ძალიან საინტერესოა მურსის ვაჟის უსამა მურსის ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც CNN-მა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი ძმები და მათი მომხრეები ცდილობენ იშვიათად გამოჩნდნენ, ვინაიდან დროებითი მთავრობა სწორედ მათ სდებს ბრალს რამდენიმე სერიოზულ დანაშაულში და გამოძიებამ დააყადაღა მათი ქონება, უსამა ჟურნალისტს ერთ-ერთ მთავარ მეჩეთში შეხვდა. ძალიან საინტერესოა, თუ როგორ აღწერს კორესპოდენტი პრეზიდენტის ვაჟს და მასთან შეხვედრას. სწორედ ამიტომ ბმულს თან ვურთავ სტატიას.

აქ კი მხოლოდ ერთ ციტატას მოვიყვან ინტერვიუდან, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა უსამამ ეგვიპტის ზოგისთვის ყოფილ და ზოგისთვის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს: “მამა, შენ ხარ ლეგიტიმური ლიდერი, შენ ხარ არჩეული ლიდერი და არჩეული პრეზიდენტი. ჩვენ მივიღებთ შენს ყველა გადაწყვეტილებას, გადადგომასაც კი. შენი ოჯახი ამაყობს შენით. ღმერთმა დაგლოცოს.”

რთულია განჭვრიტო რა იქნება შემდეგ. დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას სჭირდება დიდი დრო და მრავალი ეტაპი, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ერთპიროვნული, დიქტატორული მმართველობა იყო.




ინტერვიუ ოსამა მურსისთან - http://edition.cnn.com/2013/07/11/world/meast/egypt-morsy-son-interview/index.html?hpt=imi_mid 

ნიკოლოზ ჩარკვიანი

ფოტოები მოგვაწოდა ქეთევან სვანაძემ
კაირო, 2013

1 comment:

  1. Nikoloz warmatebas gisurvebt, dzalian momewona tkveni statia.

    ReplyDelete