Sunday, July 28, 2013

ერდოღანის გამოცდა თუ თურქული გაზაფხული?!


2013 წლის მაისი თურქეთმა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით დაასრულა. არეულობა თურქეთში რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ერდოღანის მთავრობის გადაწყვეტილებამ, გეზის პარკის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აეშენებინათ, პროტესტის დიდი ტალღა გამოიწყვია. მოგვიანებით  დემოსტრანტრთა მოთხოვნები შეიცვალა. მათ ქვეყნის ახლანდელი პრემიერ–მინისტრის რეჯიფ თაიფ ერდოღანისა და მისი მთავრობის გადადგომა სურდათ...
ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე თურქმა ერმა, მუსტაფა ქემალ ათათურქის თაოსნობით, სეკულარული სახელმწიფო ჩამოაყალიბა. ათათურქის თურქეთი დღეს უკვე რეგიონის წამყვანი ძალაა, გლობალური ამბიციებით.  მიუხედავად ამისა, ქვეყანას ძალიან სერიოზული პრობლემების გადალახვა უწევს.
თურქეთის ისტორია ახალ განზომილებაში რეჯიფ თაიფ ერდოღანის მთავრობამ გადაიყვანა. ერდოღანი ქვეყნის ოცდამეხუთე პრემიერ–მინისტრი გახლავთ. მან 2002 წელს დააარსა სამართლიანობისა და განვითარების (AKP) პარტია. თურქეთის ხელისუფლებას სათავეში 2002 წელს ჩაუდგა. გაიმარჯვა 2007 წლის არჩევნებშიც.  2011 წელს კი თურქეთის მოსახლეობამ ერდოღანსა და მის გუნდს ნდობა მესამე საპარლამენტო ვადით გამოუცხადა.  პრემიერ–მინისტრისა და მისი პარტიის როლი თურქეთის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ქმნიან თურქეთის ახალ ისტორიას. სწორედ მათზეა დამოკიდებული, რა მიმართულებას აირჩევს ქვეყანა.
ერდოღანის მთავრობამ ქემალისტური რესპუბლიკის გარდაქმნა დაისახა მიზნად. 2011 წლის არჩევნების შემდეგ, აქტიური მუშაობა  დაიწყეს 1983 წელს სამხედრო ხელისუფლების მიერ დაწერილი კონსტიტუციის ცვლილებებზე, რათა ქვეყანაში საპარლამენტო მოდელი საპრეზიდენტოთი შეეცვალათ.თურქეთში შემცირდა  სამხედროების პოლიტიკური გავლენა, გატარდა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები. ქვეყანამ დაძლია 2001 წლის ეკონომიკური კრიზისი. მისივე მმართველობის დროს, შეიზღუდა სიტყვისა და პრესის თავისუფლება. გამკაცრდა კონტროლი ინტერნეტის გამოყენებაზე, ტელევიზიაზე, თავისუფალ შეკრებებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია.
ცვლილებები შეეხო თურქეთის საგარეო კურსსაც. განსხვავებით ათათურქის თურქეთისა, ერდოღანის თურქეთი აშშ–სთან მოკავშირეობაზე აღარ არის ორიენტირებული. რუსეთ–თურქეთის ურთიერთდამოკიდებულება გაიზარდა.2010 წლის მაისში ჩვიდმეტ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს მიზნად ისახავდა  თურქეთ–რუსეთს შორის ენერგეტიკასა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას. ორქვეყანას შორის ოცდაათდღიანი უვიზო რეჟიმი დამყარდა. ერდოღანის პრემიერ–მინისტრობის დროს საბერძნეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა,  მოსაგვარებელი  პრობლემების სიაში, ქურთების საკითხთან ერთად, კვიპროსი კვლავ შედის. 
1983 წლიდან თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა მისი ეს სურვილი დღემდე დაუკმაყოფილებელია, სხვადასხვა მიზეზით. ექსპერტების შეფასებით ქვეყანამ თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი მუსლიმი მეზობლებისკენ მიმართა. თანამედროვე თურქეთმა საგარეო პოლიტიკაში ე.წ. ნეოოსმანისტური კურსი აირჩია.ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაცვლად, თურქეთმა რეგიონში გავლენის სფეროს გაძლიერება განიზრახა.   ურთიერთობა გაუარესდა ისრაელთან. დაპირისპირება აქტიურ ფაზაში 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შევიდა.   ეს კი პროდასავლური პოლიტიკიდან აშკარა გადახრაა. ისრაელთან დაპირისპირების სანაცვლოდ, ურთიერთობა გაუმჯობესდა ირანთან.
ექსპერტები ერდოღანის მმართველობას, ავტორიტარულთან ერთად, ისლამისტურადაც აფასებენ. ისლამის პოზიციებმა თანდათანობით დაიწყო გაძლიერება. ეს აისახა განათლების რეფორმაშიც, რომელიც 2012 წელს დაამტკიცა პარლამენტმა. საშუალო სკოლებში დაიწყეს ყურანის სწავლება, უმაღლეს სასწავლებლებში კი აღარ არის აკრძალული ჰიჯაბის ტარება. პრემიერ–მინისტრი ამ გადაწყვეტილებას ამყარებს  არგუმენტით, რომ  ახალი თაობა მეტად ღვთისმოსავი უნდა იყოს.
სწორედ ერდოღანის ავტორიტარიზმის, მისი მთავრობისა და პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტად მიიჩნევენ 2013 წლის მაისსა და ივნისში  საპროტესტო ტალღის დაწყებას. პატარა ორგანიზაციამ, კონკრეტული ლიდერის გარეშე, გარემოს დასაცავად გამართა აქცია, რომელიც დიდ დემონსტრაციაში გადაიზარდა. 2013 წლის გაზაფხულზე თურქეთში განვითარებულ მოვლენებს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. პროცესებს ადარებდნენ არაბულ გაზაფხულს,  1989 წლის რევოლუციას, 1968 წლის მაისს.
არეულობა სტამბულში 28 მაისს დაიწყო. მოსახლეობა დაუპირისპირდა მთავრობის გადაწყვეტილებას, გეზის პარკის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აეშენებინათ. გეზის პარკი, ქალაქის ცენტრში, სტამბულის ევროპულ ნაწილში,  თაქსიმის მოედანზე მდებარეობს.
გეზის პარკთან უკმაყოფილოთა   პატარა ჯგუფი შეიკრიბა . მოგვიანებით,  პოლიციამ, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით, მათი დაშლა განიზრახა, რასაც შედეგად სტამბულში არეულობა მოჰყვა. პროტესტის ტალღამ თურქეთის 78 ქალაქი მოიცვა. პოლიცია მათ დაშლას ცდილობდა. ქვეყნის მასშტაბით 7 500 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის  ზოგიერთი სერიოზულადაც. თურქეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდის მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, ოთხასზე მეტი აქტივისტი კი დააკავეს.  11 ივნისს თაქსიმის მოედანზე პოლიციამ უკან დაიხია.
13 ივნისს  მთავრობამ, პარკის რეკონსტრუქციის თაობაზე, რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა . სანაცვლოდ კი დემონსტრანტები უნდა დაშლილიყვნენ.  მიუხედავად ხელისუფლების ამგვარი პოზიციისა,  აქციის მონაწილეები დაშლას მოთხოვნების საბოლოო შესრულებამდე არ აპირებდნენ.  15 ივნისს პოლიციამ მოედანი ძალის გამოყენებით გაწმინდა.
ძალადობამ და დიდმა არეულობამ ქვეყანა 22 ივნისს კვლავ მოიცვა. ერთ–ერთი პოლიციელის, რომლის ტყვიასაც ემსხვერპლა ეთემ სარ’სულუქი,  განთავისუფლებას შედეგად კვლავ აქცია მოჰყვა.  29 ივნისს სტამბულში თაქსიმის მოედანზე, ასევე ანკარაში,  კვლავ დაიწყო მასობრივი დემონსტრაცია. 7 ივლისს  სტამბულის აზიურ ნაწილში გაიმართა ფესტივალი, რომელშიც მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი აპროტესტებდნენ ანტისამთავრობო და ბუნების დამცველი დემონსტრაციის  დარბევას, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
8 ივლისს ხელისუფლებამ გეზის  პარკი გახსნა. პარკში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მოსახლებამ მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილება მოიწონა.
თურქეთში განვითარებული მოვლენები, ბოსფორის უნივერსიტეტის მეცნიერმა,  ქორაი ჩალშ’ქანმა შეაფასა როგორც გარდამტეხი ეტაპი სამართლიანობისა და განვითარების (AKP) პარტიისათვის. ის ერდოღანს ახასიათებს თავდაჯერებულ და ავტორიტარულ პოლიტიკოსად, რომელიც არასოდეს არავის აღარ დაუჯერებს.   პრემიერ–მინისტრს საპრეზიდენტო სისტემაზე დაფუძნებული კონსტიტუციის დამტკიცება სურს. რის შემდეგაც მას შესაძლებლობა ექნება ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს. მეცნიერის აზრით, ერდოღანის ეს გეგმა, განვითარებული მოვლენების შემდეგ, საფუძველს მოკლებულია.
პრემიერ–მინისტრისა და მისი გუნდის რეაქცია საპროტესტო აქციებზე გააკრიტიკა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროკავშირმა და გაერომ.
ათათურქის თურქეთმა თითქმის საუკუნე იცოცხლა. მოსახლეობა თურქთა მამად წოდებული მმართველის მიერ ჩამოყალიბებულ სეკულარულ რესპუბლიკას ვერ ელევა. ერდოღანის მთავრობამ კი სახელმწიფო მოწყობის ამგვარ პრინციპებზე უარი თქვა და საკუთარი მიმართულება აირჩია.  თურქეთი არ არის სამეფო, რომლის განკარგვაც მხოლოდ დედაქალაქიდან შეიძლება. დიდ ქალაქებში მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ  განწყობილი მოსახლეობა მეტია, ვიდრე პროვინციებში.  რაიონებში უფრო მეტი მომხრე ჰყავს ახლანდელ მთავრობას, ვიდრე ქალაქებში. აქ მეტია სეკულარულად განწყობილი მოსახლეობა, რომლებიც უპირისპირდებიან  ერდოღანის ერთპიროვნულ მმართველობას. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ პრემიერ–მინისტრსა და მის პარტიას ბევრი თანამოაზრე ჰყავს.
ამდენად, მართალია, თაქსიმის მოედნიდან თაჰრირამდე ძალიან შორია, მაგრამ არაბულ გაზაფხულთან ახლოს მყოფი თურქული გაზაფხული, ფაქტია, რომ არ განვითარდა. 

ნორა გამყრელიძე
ფოტოები: www.bbc.co.uk 

5 comments:

  1. Dzalian saintereso statiaa, moxibluli var.
    Dzalian kargad aris gadmocemuli is vitareba rac turketshi mimdinareobda.
    Warmatebas gisurvebt Nora

    ReplyDelete
  2. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს. აღნიშნულ მოვლენებს არც თურქეთისთვის ჩაუვლია უკვალოდ. მისასალმებელია, რომ ქართული საზოგადოება დაინტერესებულია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესით და ვითარების სიღმისეულად შესწავლას ცდილობს. ამას ადასტურებს ქართულ პრესასა თუ ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიების სიმრავლე. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რაოდენობა ხარისხის მაჩვენებელი არ არის. ხშირია უხეში შეცდომები და ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია. წინამდებარე წერილში ასევე დაშვებულია რამდენიმე შეცდომა და უზუსტობა, რაზეც გვსურს ყურადღება გავამახვილოთ. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხებით დაინტერესება მისასალმებელია. პირველი შეცდომა „პერიოდიზაციაშია“ დაშვებული. შევეცდებით ჩვენი შენიშვნები პუნქტებად ჩამოვწერო.
    1) რაში გამოიხატება ახალი ისტორია ? ისტორიის პერიოდიზაცია საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ უახლესი ისტორიის ეპოქაში, რაც ახალ ისტორიას ეხება ეს არის დროის მონაკვეთი 15 საუკუნიდან 19 საუკუნის ბოლომდე ან 20 საუკუნის დასაწყისამდე. სხვადასხვა მეცნიერები ახალი ისტორიის დასაწყისსა და დასასრულს (ანუ უახლეს ისტორიის დასაწყისს) სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებს უკავშირებენ.
    http://www.princeton.edu/~achaney/tmve/wiki100k/docs/List_of_time_periods.html

    2) ქემალისტური რესპუბლიკის გარდაქმნა ?
    ჩემი აზრით აუცილებელია ზუსტი ფაქტები და ცნობები მოიყვანოთ იმის შესახებ თუ რა მოიმოქემად რეჯეპ თაიფ ერდოღანის მთავრობამ. მართალია თქვენ ახსენებთ, რომ თურქეთში შემცირდა სამხედროების პოლიტიკური გავლენა, გატარდა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ არ გაქვთ ნახსენები თუ რა ზომები მიიღო თურქეთის მთავრობამ სამხედროების წინააღმდეგ. მთავრობამ დაიწყო ყოფილი გენერლებისა და სამხედროების მასიური დაპატიმრებები. http://www.al-monitor.com/pulse/originals/2013/02/military-arrests-turkey-coup-attempt-generals.html

    3) .2010 წლის მაისში ჩვიდმეტ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს მიზნად ისახავდა თურქეთ–რუსეთს შორის ენერგეტიკასა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას. აქაც იქნებ გეხსენებინათ ის ფაქტები რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობა გაფუჭდა.
    http://www.google.com/cse?cx=008394624914148611446%3A92ukkxs1mo0&q=agreement#gsc.tab=0&gsc.q=agreement&gsc.page=1
    შეგიძლიათ იხილოთ თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებები რის შემდეგაც მარტივად მივხვდებით, რომ ჩვიდმეტი ხელშეკრულება რუსეთთან და მითუმეტეს ენერგეტიკის სფეროში არ შეიძლება ჩაითვალოს რამე განსაკუთრებულად. ენერგეტიკის სფერო ძალზედ მნიშვნელოვანია თურქეთისთვის მით უმეტეს რუსეთთან შეთანხმება, რუსეთი ხომ ენერგომატარებლებით უმდიდრესი ქვეყანაა.

    4) ექსპერტების შეფასებით ქვეყანამ თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი მუსლიმი მეზობლებისკენ მიმართა. თანამედროვე თურქეთმა საგარეო პოლიტიკაში ე.წ. ნეოოსმანისტური კურსი აირჩია
    რატომ უთხრეს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე? ჩემი აზრით აუცილებელია იმ მიზეზთა ჩამონათვალის ხსენება თუ რატომ უთხრეს უარი თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
    რამდენად მიღებულია ტერმინი „ნეოოსმანისტური“? როგორც ორთოგრაფიულად ასევე შინაარსით. თუ მიღებულია რას გულისხმობს? მხოლოდ ტერიტორიებს (ზეგავლენის გავრცელება თუ უშუალოდ შემოერთება), დამოკიდებულება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ და რაც მთავარია რელიგიური ასპექტი? (სახალიფო, და ხალიფა) ანუ სუნიტური სამყაროს ლიდეერობა და დაპირისპირება შიიტურ სამყაროსთან (ისტორიული ფაქტი). მაშინ დავკონკრეტდეთ რომელი მუსლიმი მეზობლების მიმართ აიღო თურქეთმა საგარეო პოლიტიკური კურსი.

    ReplyDelete
  3. 5) ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაცვლად, თურქეთმა რეგიონში გავლენის სფეროს გაძლიერება განიზრახა.
    რომელ რეგიონზეა საუბარი პირველ რიგში? ახლო აღმოსავლეთზე ალბათ, მაგრამ შუა აზია და ბალკანები არ აინტერესებს? როდის არ უნდოდა გავლების სფეროს გაძლიერება და რატომ გადაწყვიტეს რომ ეს ხდება „ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაცვლად“ როდის თქვა უარი ამაზე?
    http://www.mfa.gov.tr/relations-between-turkey-and-the-european-union.en.mfa თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადება ცხადყოფს იმას, რომ თურქეთი არც დღეს ამბობს უარს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ და ევროკავშირი ერთად ვხვდებით მომავალს. შესაბამისად თურქეთის საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია ევროკავშირთან ურთიერთობაზე. ჩვენი სტრატეგიული მიზანია ევროკავშირის წევრობა„ ევროკავშირთან ურთიერთობა თურქეთის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, ამის ფონზე, ევროკავშირის წევრობა ჩვენი სრტრატეგული არჩევანია“
    თქვენ ასევე ახსენეთ, რომ ერდოღანის პრემიერ–მინისტრობის დროს საბერძნეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გაუმჯობესდა. საბერძნეთი ხომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა?
    შესაბამისად აღნიშნული ფრაზა, რომ თითქოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაცვლად თურქეთის რესპუბლიკამ სხვა პოლიტიკური კურსი აირჩია ნამდვილად მცდარია, რადგან სიტყვა „ნაცვლად“ სრულიად ცვლის წინადადების აზრს.

    6) საშუალო სკოლებში დაიწყეს ყურანის სწავლება
    ვფიქრობ აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყურანის წავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითია სკოლებში.
    http://www.hurriyetdailynews.com/quran-lesson-enters-in-school-curriculum.aspx?pageID=238&nid=28053
    რაც შეეხება იმას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში დაუშვეს ჰიჯაბის ტარება ეს შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც დემოკრატიული რეფორმა, რადგან აღნიშნული რეფორმა ადამიანის უფლებების დაცვაა. დემოკრატიის ღირებულებებიდან გამომდინარე ხომ აუცილებელია რელიგიისა და სინდიდის თავისუფლება.
    შესაბამისად თქვენი მოსაზრება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია არ არის გამყარებული ფაქტებითა და არგუმენტებით.

    7) მეცნიერის აზრით, ერდოღანის ეს გეგმა, განვითარებული მოვლენების შემდეგ, საფუძველს მოკლებულია. რომელ მეცნიერზეა საუბარი ? ან რომელ ფაქტებზე დაყრდნობით გამოთქვამს საკუთარ აზრს ? არასწორია „ბოსფორის უნივერსიტეტის მეცნიერმა ქორაი ჩალშ’ქანმა“.
    არსებობენ უნივერსიტეტის პროფესორები, მაგრამ უნივერსიტეტის მეცნიერი არასწორი ფორმულირებაა. ასევე არასწორადაა ნათარგმნი გვარი, რადგან თურქული გვარები ქართულად აპოსტრობით არ გადმოდის, საკუთრივ თურქულად აპოსტროფით მხოლოდ ბრუნვის ნიშანი გამოიყოფა.

    8) რაიონებში უფრო მეტი მომხრე ჰყავს ახლანდელ მთავრობას, ვიდრე ქალაქებში.
    სრულიად გაუგებარია რას ნიშნავს რაიონებში, რადგან ადმინისტრაციულად თურქეთი დაყოფილია პროვინციებად (ილი). ვფიქრობ მართებული იქნებოდა - თურქული მეტროპოლიებისგან მოშორებულ პროვინციებში.

    9) ამდენად, მართალია, თაქსიმის მოედნიდან თაჰრირამდე ძალიან შორია, მაგრამ არაბულ გაზაფხულთან ახლოს მყოფი თურქული გაზაფხული, ფაქტია, რომ არ განვითარდა. საერთოდ გაურკვეველია ეს მოსაზრება, რა იგულისხმება ამაში ? თუ რაიმე ურთიერთკავშირს ხედავთ ამ ორ ფაქტს შორის მაშინ ჯერ ჩემი აზრით უნდა გამარტოთ საკუთრივ არაბული გაზაფხული და შემდეგ შეიძლება მხოლოდ ფაქტებით იპოვოთ რამე კავშირი (საერთოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თუ არსებობს, მაშინ გამოთქმული მოსაზრება რომ „არ შედგა“ არასწორია, რადგან დღესაც გრძელდება გამოსვლები სტამბოლში, შესაბამისად დასკვნა ან ნაჩქარევადაა გაკეთებული ან „გაზაფხული“ მართლა სეზონური გაგებითაა ნახმარი.

    იმედია მომავალში უფრო ყურადღებით შეისწავლით საკითხს, რათა მსგავსი შეცდომებისგან დაიზღვიოთ თავი

    ReplyDelete
  4. ძალიან სასიამოვნოა, რომ დაინტერესდით ჩვენი სტატიით და ასე დეტალურად დაამუშავეთ ის. ჩვენი პოსტი შეეხება სტამბულში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს, დასაწყისში კი, მოკლე ისტორიული წანამძღვრები მხოლოდ შინაარსის უკეთ გაგებას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კომენტარების უმრავლესობა სწორედ დასაწყისი ნაწილის შესახებ რეკომენდაციებს წარმოადგენს, ჩვენთვის სასიხარულოა, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ბლოგით დაინტერესებაზე. ამასთანავე, თქვენი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ თქვენს ნაშრომს თურქეთის ისტორიისა და მისი პოლიტიკის ანალიზის შესახებ.

    ReplyDelete
  5. დიდი მადლობა, რომ დააფასეთ ჩემი მოსაზრებები.

    გეთანხმებით, რომ ისტორიული წანამძღვრები, შინაარსის სწორედ გაგებას ემსახურება, მაგრამ თუ ვაწყდებით უამრავ შეცდომას, როგორც ფაქტების არასწორი გაგება და ანალიზია, მაშინ სტატიას სრულად უცვლის აზრს და მკითხველი შეჰყავს შეცდომაში, რაც ჩემი ღრმა რწმენით არ არის თქვენი მიზანი.
    (ნებისმიერი მოვლენის ანალიზისას, აუცილებელია ისტორიული ფაქტების ფრთხილად და სწორად გაანალიზება, რადგან ისტორიიდან ამოგლეჯილი და ცალკე მდგომი მოვლენები არ არსებობს)

    თუ სრულად და დაკვირვებით წაიკითხეთ ჩემი რეკომენდაციები, მაშინ მარტივი შესამჩნევია, რომ პუნქტები სრულად მოიცავს სტატიას. მართალია, თქვენი სტატია ეხება დღევანდელ მოვლენებს, მაგრამ გადაჭრით გაქვთ ნათქვამი, რომ "თურქული გაზაფხული ფაქტია, რომ არ განვითარდა", თუ გადავხედავთ პრესას დავიანხავთ, რომ დღესაც ადგილი აქვს საპროტესტო გამოსვლებს, ხშირია დაპირისპირებები პროტესტანტებსა და სამართალდამცავებს შორის. აქედან გამომდინარე გადაჭრით იმაზე საუბარი, რაც ჯერ არ დამთავრებულა და კვლავ მიმდინარეობს არასწორია.

    ჩემი აზრით აუცილებელია, რომ მსგავსი თემები ფრთხილად განვიხილოთ, სრულად ჩავწვდეთ მოვლენების არსს, რათა თავი დავიზღვიოთ შეცდომებისგან.

    ReplyDelete