Saturday, August 3, 2013

რუსული დემოკრატია და ევროპული სამართლიანობა დაძმობილდნენ



ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  2013 წლის  25 ივლისის დადგენილებით,  ყოფილი მაგნატის, მიხეილ ხოდორკოვსკისა და, მისი ბიზნეს პარტნიორის, პლატონ ლებედევის სასამართლო წესით დევნა და ბრალდება არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას  საპროცესო ნორმები დაირღვა. ეს მიზნად ისახავდა საქმის ბრალდებულების წინააღმდეგ გადასინჯვის შესაძლებლობის გამოყენებას.
ხოდორკოვსკი და ლებედევი დააპატიმრეს 2003 წელს. მათ ბრალი წაუყენეს თაღლითობისა და გადასახადების დამალვისათვის. საქმის განზოგადების შემთხვევაში, ხოდორკოვსკისა და ლებედევის დაპატიმრება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური სადამსჯელო ღონისძიება ხოდორკოვსკის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინისთვის კონკურენციის გაწევის სურვილის გამოთქმის გამო. აღსანიშნავი და ლოგიკურია, რომ რუსეთის ხელისუფლება   აღნიშნულ მტკიცებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
ხოდორკოვსკისა და ლებედევს 2005 წელს მიესაჯათ 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთა. 2010 წელს ისინი კვლავ ერთად გასამართლდნენ მეორე საქმისათვის, რომელიც კომპანია „იუკოსი“–დან ნავთობის მოპარვასა და დოკუმენტების გაყალბებას ეხებოდა. გასული წლის  დეკემბერში, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ხოდორკოვსკისა და ლებედევს შეუმცირა პატიმრობის ვადა 13–დან 11 წლამდე. მსჯავრდებულები 2014 წელს განთავისუფლდებიან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებაში აღწერილია,  2005 წელს, პირველი სასამართლო პროცესისას, არ იყო გარანტირებული მხარეთა თანასწორობა და ადვოკატებზე ზეწოლა ხდებოდა. აღნიშნული დადგენილება, ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, წარმოადგენს პატიმრობაში მყოფი ხოდორკოვსკისა და ლებედევის განთავისუფლების საფუძველს.
რია ნოვოსტის ცნობით, 2013 წლის 25 ივლისს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  ახალი ინფორმაციით, შესაძლოა,  პირველ საქმესთან დაკავშირებული  გადაწყვეტილება გაუქმდეს. ეს კი საქმის ხელახალი გადასინჯვის საფუძველი გახდება.
„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ შეუძლია დაამტკიცოს პირი დამნაშავეა თუ არა, ის უბრალოდ აწესებს მინიმალურ სტანდატრებს სასამართლო პროცესისათვის. სწორედ რამდენიმე ასეთი სტანდარტი იყო დარღვეული“, – აცხადებს ხოდორკოვსკის ადვოკატი, კატარინა მოსკალენკო, The Moscow Times-თან სატელოფონო საუბრისას.
„ჩვენ ამის (დადგენილების) მისაღებად ვიბრძვით 2005 წლიდან. აღნიშნული დადგენილება ძალაში უნდა შევიდეს 3 თვის განმავლობაში. ძალიან საინტერესოა რას მოიმოქმედებს რუსეთის ხელისუფლება, რამდენადაც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში ცალსახად გაწერილია შემთხვევები, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამტკიცებს დარღვევებს. შედეგი, მათ შორის, შეიძლება იყოს პროცედუალური ნორმების დარღვევით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება“, – აცხადებს მოსკალენკო.
ვლადიმერ კრასნოვი, პლატონ ლებედევის ადვოკატი, რია ნოვოსტისთან საუბარისას აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების გათვალისწინებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საქმის ხელახალი გადასინჯვა.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა, თუმცა რუსეთს კვლავ რჩება სამართლებრივი საშუალება, დადგენილება სასამართლოს უმაღლეს პალატში გაასაჩივროს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხოდორკოვსკისა და ლებედევის რუსეთის შორეულ საპატიმროებში მოთავსება უკანონოდ მიიჩნია, რადგან პატიმრებს  თავიანთ ოჯახებთან ვეღარ აქვთ ურთიერთობა.
ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ სცნო მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ხოდორკოვსკის ფედერალური საშემოსავლო სამსახურისთვის 17.3 მილიარდი რუსული რუბლის გადახდა დაევალა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ხოდორკოვსკის სასარგებლოდ, მორალური ზიანისთვის, რუსეთის სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს 10 ათასი ევრო. ლებედევთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, თუმცა მას არაადამიანურად არ  მოპყრობიან. ამდენად, ლებედევის ადვოკატების მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
საგულისხმოა, რომ ეს არ ყოფილა ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ხოდორკოვსკისა და ლებედევთან დაკავშირებით მიღებული პირველი დადგენილება. 2011 წლის სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება აღიარებდა, ხოდორკოვსკის დაპატიმრება,სასამართლოს მიერ ბრალდებულად ცნობამდე, საპროცესო უფლებების დარღვევა იყო. თუმცა სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივაცია არც ამ შემთხვევაში დადასტურებულა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის დადგენილებას ეხმაურება ხოდორკოვსკის დედა, ლუდმილა ხოდორკოვსკაია. BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ იმედგაცრუებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს კომპეტენციას, საქმის პოლიტიკური მოტივაციის დადგენასთან დაკავშირებით. ლუდმილა ხოდორკოვსკაია ასევე ადანაშაულებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსეთის ხელისუფლების ზედმეტ შემწყნარებლობაში. ანალოგიურ პოზიციას იზიარებს, ვეტერანი უფლებადამცველი და ჰელსინკის ჯგუფის მოსკოვის ხელმძღვანელი, ლუდმილა ალექსეევა, რომლის აზრითაც, სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება „...იყო არამარტო შემწყნარებლური, არამედ ლაჩრულიც კი....“
„ჩემი შეფასება დადგენილებისადმი არის უარყოფითი. თუ ისინი აღნიშნულ საქმეში ვერ ხედავენ პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველს, მათ აქვთ მხედველობის პრობლემა“, - აღნიშნავს ალექსეევა.
 დავით ჩიქოვანი

ფოტოები: 
1. © PATRICK HERTZOG / AFP
2. http://letthemgonow.org/
3. © Антон Голубев/Reuters

No comments:

Post a Comment