Wednesday, September 25, 2013

სახელმწიფოთა მიზნები და სტრატეგიები



საერთაშორისო სისტემაში ძირითად მოქმედ სუბიექტებს სახელმწიფოები წარმოადგენენ. საერთაშორისო სისტემა ანარქიულია, სისტემაში არსებული ერთეულების მოქმედების გამაკონტროლებელი ზემდგომი ძალა არ არსებობს. ანარქიულ სისტემაში ყველა სახელმწიფო თანასწორუფლებიანია, თუმცა, ეს არ გულისხმობს მათ თანასწორობას ძალისა და შესაძლებლობების მხრივ. თითოეული სახელმწიფო თანასწორია საერთაშორისო სამართლის წინაშე, ანუ მათ აქვთ სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და არსებობის უფლება. მთავარი პრობლემა ანარქიულ გარემოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის. სისტემაში მოქმედი ერთეულების (სახელმწიფოების) რიცხვის სიმრავლისა და მათი ერთმანეთისაგან განსხვავების გამო, მათ შორის თანამშრომლობისა და მშვიდობიანი ურთიერთობის შანსებიც მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში ვითარების დარეგულირება ყველა სახელმწიფოს ერთობლივი ვალდებულებაა, ამაზე არავინ ზრუნავს. შესაბამისად, ხშირად შედეგს საერთოდ ვერ ვიღებთ, რასაც ბოლოს, სისტემაში მოქმედ სახელმწიფოებს შორის, ომები და არეულობა მოჰყვება. მეორე მხრივ, წარმოუდგენელია არსებობა ისეთი ძალისა, რომელიც მთლიანად სისტემას გააკონტროლებდა. ეს „მითიური სახელმწიფო’’ ძალიან ძლიერი უნდა იყოს, იმისათვის რომ სისტემაში არსებული ყველა სხვა სახელმწიფო გააკონტროლოს, მას ყველა სხვა დანარჩენ სახელმწიფოზე (ერთად აღებული) დიდი ძალაუფლება უნდა გააჩნდეს, ეს კი თავისთავად უკვე წარმოუდგენელს ხდის ასეთი სახელმწიფოს არსებობის შესაძლებლობას. შესაბამისად, სახელმწიფოები სისტემაში თვითონვე არიან საკუთარი თავის ბატონ-პატრონები და ცდილობენ, შეძლებისდაგვარად იზრუნონ სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ამ კუთხით სახელმწიფოებს არასდროს ჰქონიათ დიდი წარმატება, იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე მუდამ მიმდინარეობდა ომები, კონფლიქტები და დაპირისპირებები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მეოცე საუკუნე თითქოს ამ ყველაფრის დაგვირგვინებას წარმოადგენდა: ორმა მსოფლიო ომმა და შემდეგ ბირთვული ომის წინაშე მდგარმა მსოფლიომ მტკივნეულად გააცნობიერა ომების საშიშროება, რომელიც გაათმაგებული სახით დადგა კაცობრიობის წინაშე იმ ტექნოლოგიური პროგრესის გამო (ვგულისხმობ ბირთვულ იარაღს), რომელსაც კაცობრიობამ მიაღწია. შესაბამისად, სახელმწიფოებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ფიქრი სისტემაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებაზე. უტოპიური იდეების მსხვრევასთან ერთად, მივიღეთ ძალიან ბევრი იდეა, რომელიც სამყაროში მშვიდობის დამყარების თეორიებს გვთავაზობს. ზოგიერთი კი პირიქით, გვეუბნება, რომ სამყარო განწირულია მუდმივი ომებისთვის და, საბოლოო ჯამში, კაცობრიობა ან განადგურდება ან კიდევ მასობრივი ტოტალიტარიზმი და დიქტატურა შთანთქავს. ამის ნათელი მაგალითია ჯორჯ ორუელის „1984’’, რომელშიც აღწერილია ტოტალიტარიზმის ჭაობში მთლიანად ჩაძირული მსოფლიო. ამ უკანასკნელის მომავალი განვითარების კიდევ ერთ ხედვას გვთავაზობს ოლდოს ჰაქსლი, რომელიც თავის ნაწარმოებში „Brave New World’’ წარმოგვიდგენს მსოფლიო მოწყობის სრულიად ახალ მოდელს, რომელშიც სოციალისტური იდეოლოგიაა გამეფებული, ადამიანები აღარ იბადებიან, ისინი ხელოვნურად „გამოჰყავთ’’ და უკანა პლანზეა გადაწეული ადამიანთა ემოციები, როგორც უარყოფითი ფაქტორი და მთავარი განმაპირობებელი ომებისა და კონფლიქტების. ის ფაქტი, რომ ადამიანების ემოციები, მათი გრძნობები კაცობრიობაში მიმდინარე ყველა ბოროტებისა და კონფლიქტის მთავარი წყაროა, ასახულია მხატვრულ ფილმში “Equilibrium’’. აქ აღწერილია მომავლის მსოფლიო, რომელშიც ადამიანები ემოციებს, გრძნობებს, ინდივიდუალიზმის შეგრძნებას წამლის გარკვეული დოზის მიღებით იკლავენ. შესაბამისად, იქმნება ადამიანების ჯგუფი, რომელიც  ერთი ყალიბისგანაა გამოჭრილი, მათ არ აწუხებთ არანაირი ემოცია თუ გრძნობა, არასდროს ბრაზობენ, არასდროს უყვართ. მათ არ სჭირდებათ განსხვავებულობის შეგრძნება. ამდენად, მათ შეუქმნეს საერთო ინტერესი - მშვიდობის შენარჩუნება - და ისინიც ამ ინტერესს ერთსულოვნად იზიარებენ. ადამიანების მიერ წამლების დროულ მიღებას მკაცრად აკონტროლებს პოლიცია. სამართალდამრღვევი სიკვდილით ისჯება… სამყაროში მშვიდობის შენარჩუნების კიდევ ერთ ალტერნატიულ თეორიას გვთავაზობს ასევე მხატვრული ფილმი “The Watchmen’’. აქ წარმოდგენილია მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ალტერნატიული სამყარო, რომელშიც ცივი ომი უკვე „ცხელ ომში’’ უნდა გადაიზარდოს. ერთ-ერთი გმირი კი ომის დაწყებას იმით აფერხებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის ერთ მილიონს დიდი აფეთქებით იმსხვერპლებს. ამ ყველაფერს კი გადააბრალებს ერთ „სუპერ-არსებას’’ (დოქტორ მანჰეტენს), რომელიც ამის შემდეგ მთელი კაცობრიობისთვის საფრთხედ აღიქმება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს, ამჯერად, საერთო მიზანი აქვთ: დაამარცხონ „სუპერ-ადამიანი’’, განდევნონ ის დედამიწიდან, როგორც მშვიდობის მთავარი ხელისშემშლელი. მათთვის უმთავრესია ახალი „ბოროტი’’ ძალისგან სამყაროს დაცვა და ავიწყდებათ, რომ ბოროტი ძალები აქამდე მხოლოდ თვითონ იყვნენ. იდეის ავტორი, თავისი საქციელის ახსნისას, სწორედ ამას ამბობს, თან ამატებს, რომ კაცობრიობას ყოველთვის სჭირდება მსხვერპლი. ეს უკანასკნელი, წესით, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის ომს უნდა მიეტანა სამსხვერპლოზე, მაგრამ, მის მიერ კაცობრიობისათვის შეთავაზებული მსხვერპლი  (1 მილიონი დაღუპული), საკმარისი იყო დროებით ომის ასაცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გაცილებით მეტი ადამიანი შეეწირებოდა.
ასეთი ალტერნატიული თეორიები ძალიან ბევრია, მათი სიმრავლე და, ხშირშემთხვევაში, განხორციელების წარმოუდგენლობა მიგვითითებს იმაზე, რა ძნელია სისტემაში მოქმედ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის არსებობა და, შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნება. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს (განსაკუთრებით) დიდმა სახელმწიფოებმა გააცნობიერეს ის ფაქტი, რომ კიდევ ერთმა მასშტაბურმა ომმა, შესაძლოა, კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს და, შესაბამისად, ყველანაირად ცდილობენ მის თავიდან აცილებას. კენეთ უოლცი იზიარებს იდეას, რომ სწორედ ბირთვული იარაღი განაპირობებს მსოფლიოში სიმშვიდეს და არა ის ფაქტი, რომ დღეს ბევრი ქვეყანაა ეკონომიკურად გადაჯაჭვული და ურთიერთდამოკიდებული  ერთმანეთზე, თუმცა ეს ეკონომიკური დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს, რომ ეკონომიკური გლობალიზაცია მართლაც მოხდა. უოლცის აზრით, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ვერასდროს უბიძგებს ქვეყნებს თავი შეიკავონ ერთმანეთთან დაპირისპირებისაგან, და ამის არგუმენტად მოჰყავს პირველ მსოფლიო ომამდე ევროპულ სახელმწიფოთა შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, მათ ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომები წამოიწყეს. ამასთანავე, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს მცირედი ეკონომიკური ურთიერთობაც კი არ აკავშირებდათ, მაგრამ მშვიდობიანად თანაარსებობდნენ ცივი ომის ოთხნახევარი ათწლეულის მანძილზე. „მშვიდობისა და ომის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები საერთაშორისო-პოლიტიკურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული, მათ შორის, სახელმწიფოთა ხელში არსებულ შეიარაღებასთან. ცივი ომის შემდეგ განვითარებული მოვლენები თვალნათლივ ადასტურებს პოლიტიკაზე ეკონომიკური ძალების გავლენის სისუსტეს’’  (არტი...; 2011:563). ის ამბობს, რომ ნაციონალიზმი, ეთნიკურობა და რელიგია მთავრობებსა და ხალხებს უბიძგებს, უარი თქვან კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზეც კი. ეს არის ის, რასაც ეროვნულ ინტერესებს უწოდებენ, ანუ ის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი, რომელიც გააჩნიათ ანარქიულ გარემოში მოქმედ სახელმწიფოებს. ხშირად სწორედ ეროვნულ ინტერესებს შორის სხვაობა ან მათი მსგავსება, ინტერესების ურთიერთდაპირისპირება ხდება ომებისა და კონფლიქტის მიზეზი, საერთაშორისო ასპარეზზე.
ეროვნული ინტერესების კონცეფცია პოლიტიკური რეალიზმის სკოლასთან არის დაკავშირებული. მაინც, რა არის ეროვნული ინტერესი? კონცეფციის ზუსტი განსაზღვრება არ არსებობს, უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ინტერესი არის რაღაც მიზანი, რომელიც სახელმწიფოს დაუსახავს და მისი მიღწევისაკენ აქტიურად ისწრაფვის. დღეს თითოეული ქვეყნის ძირითად მიზნად პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების ზრდა შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ მიზნების მიღწევისათვის კი სახელმწიფოებს ინდივიდუალურად უწევთ სათანადო პოლიტიკის გატარება. სახელმწიფოები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ძალებისა და შესაძლებლობების მიხედვით, შესაბამისად, თავის ინტერესებს სხვადასხვაგვარად ახორციელებენ. მაინც რა ძირითადი ინტერესები შეიძლება არსებობდეს? საქმე ისაა, რომ ეროვნული ინტერესებით განსაზღვრული ნებისმიერი საგარეო პოლიტიკა, აუცილებლად გულისხმობს „ერის, ქვეყნის გადარჩენას, მისი ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური ინსტიტუტების, კულტურის შენარჩუნებას. მაშასადამე, ყოველი სახელმწიფო მოწოდებულია დაიცვას საკუთარი გეოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული სახე, როცა სხვა სახელმწიფოებისგან ხელყოფა ემუქრება’’ (რონდელი; 2006:112).
რეალისტური კონცეფციიდან გამომდინარე, ადამიანები ძალაუფლების მოყვარული, ამბიციური და ეგოისტი არსებები არიან, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, სახელმწიფოებიც საერთაშორისო ასპარეზზე, რომელთაც არ ჰყავთ მაკონტროლებელი ძალა, მოქმედებენ თავისი ეგოისტური მისწრაფებებიდან გამომდინარე. თითოეული ცდილობს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გაზრდას. იმის გამო, რომ ქვეყნებს შორის არსებობს მუდმივი უნდობლობის ფაქტორი, თანამშრომლობის პირობებშიც კი მოქმედებს „სიფხიზლის ფაქტორი’’ სახელმწიფოებს შორის, ერთი სახელმწიფო არ ენდობა მეორეს, რადგან ის ამ თანამშრომლობას მისი ძლიერების მაქსიმალურად გასაზრდელად არ გამოიყენებს. ეს უნდობლობა იწვევს გამალებულ სწრაფვას სამხედრო პოტენციალის კიდევ უფრო მომატებისაკენ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად. ეს ყველაფერი კი თითოეულ ქვეყანაში იწვევს სამხედრო პოტენციალის ძალიან დიდ ზრდას, მუდმივ უნდობლობასა და კონფლიქტის მოლოდინს კი სახელმწიფოები, საბოლოო ჯამში, მართლაც კონფლიქტამდე მიჰყავთ. „საერთაშორისო პოლიტიკა, ისევე როგორც ყველანაირი პოლიტიკა, ძალაუფლებისთვის განუწყვეტელი ბრძოლაა’’ (რონდელი; 2006:113). საერთაშორისო ასპარეზზე ძალა პოლიტიკის მისაღები და ეფექტური ინსტრუმენტია, ხოლო ძლიერება - სასურველი მიზანი. სწორედ ამ ფაქტორების გამო, საერთაშორისო სისტემას ახასიათებს მარადჟამს ძალის გამოყენების, ომის შესაძლებლობა.
ყოველი სახელმწიფოს მთავარი მიზანია, დაიცვას საკუთარი ტერიტორია და ინტერესები, ნამდვილი თუ მოჩვენებითი საშიშროებებისგან. „ქვეყნებს შორის ინტეგრაცია სუსტია და იქამდე გრძელდება, სანამ იგი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ემსახურება’’ (რონდელი; 2006:113). ეროვნული ინტერესები, პირველ რიგში, გულისხმობს „მაღალი პოლიტიკის’’ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. მაშინ, როდესაც სახელმწიფებს ანარქიულ გარემოში უწევთ ურთიერთქმედება, მათთვის ეს ერთადერთი ლოგიკური არჩევანია.
„პოლიტიკაში უპირველესი ‘ჯილდო’ უსაფრთხოებაა. ამასთან თავისუფლება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული კეთილდღეობა და სხვ.’’ (რონდელი; 2006:114) სახელმწიფოს ძირითადი ფასეულობები გამოხატულია იდეოლოგიაში. ეს ფასეულობები და მიზნები არის ის ძირითადი ეროვნული ინტერესები, რომელთა მისაღწევად თუ შესანარჩუნებლად სახელმწიფო შეიძლება უზარმაზარ მსხვერპლზე დათანხმდეს.
ტრადიციულად, სასიცოცხლო ინტერესებად და ფასეულობებად ითვლება სუვერენიტეტი, ტერიოტრიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, კულტურული თვითმყოფადობა, პოლიტიკური ინსტიტუტები, სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა. სასიცოცხლო ინტერესები ხშირადაა გაიგივებული ეროვნულ უსაფრთხოებასთან. გამოყოფენ ეროვნული ინტერესების სხვადასხვა ტიპებს: სასიცოცხლო და მეორეხარისხოვან, ზოგად და განსაკუთრებულ ინტერესებს. განასხვავებენ ასევე იდენტურ, „ურთიერთშემავსებელ’’ და წინააღმდეგობრივ ეროვნულ ინტერესებს (რონდელი; 2006:115). ჯ. ფრენკელი გვთავაზობს ეროვნული ინტერესების ფორმულირების ორ დონეს: სასურველსა და ოპერაციულს (შესაძლებელს).
თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით წამოიწია წინ „ეკონომიკურმა კომპონენტმა’’. შესაძლებელია იმის თქმა, რომ ეროვნულმა ინტერესებმა ეკონომიკური „შეფერილობაც’’ კი მიიღეს. ბევრი მეცნიერი თვლის, ეკონომიკური ინტერესები და ზოგადად ეკონომიკური დამოკიდებულება იმდენად წინა პლანზე წამოიწევს, ის გახდება კონფლიქტების შემდგომი აღმოფხვრის ფაქტორი, ქვეყნები იმდენად გადაჯაჭვული იქნებიან ერთმანეთზე, ეკონომიკური კუთხით, რომ მათ ინტერესებში შევა ერთმანეთთან მშვიდობისა და თანამშრომლობის შენარჩუნება, რაკი მათ შორის დაძაბულობისა და კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში, შედეგი ორივე მხარისთვის (ან რამდენიც იქნება) უარყოფითი იქნება. შესაბამისად, სახელმწიფოთა ინტერესებში არ იქნება კონფლიქტის გაღვივება და თითოეული მხარე შეეცდება მშვიდობიანი ურთიერთდამოკიდებულება შეინარჩუნოს. ეროვნულ ინტერესებში ასევე ითვალისწინებენ გლობალურ ინტერესებსაც. თანამედროვე ეპოქაში წინა პლანზე წამოიწია გლობალურმა პრობლემებმა, რომელბიც არა ერთ და ორ, არამედ სისტემაში მყოფ ყველა სახელმწიფოს თანაბრად ემუქრება. მათი აღმოფხვრა თითოეული სახელმწიფოს საერთო ინტერესად იქცა, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის მათი ურთიერთდამოკიდებულების დონეს. თუმცა დღეს, ჩვენი აზრით, კვლავ ეროვნული ინტერესები და ძალის ფაქტორი არის სახელმწიფოს მოქმედების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, საერთაშორისო ასპარეზზე. ვერ ვუარყოფთ იმასაც, რომ ეროვნულ ინტერესებში მშვიდობა და სტაბილურობა ძალიან ხშირად არის გათვალისწინებული. როდესაც ერთი მონაწილე მაინც ფიქრობს სხვაგვარად და მისთვის ხელსაყრელი მშვიდობა და სტაბილურობა კი არა, საპირისპირო ფაქტორებია, ძალთა ბალანსი ირღვევა და სისტემაში არეულობა იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემის მონაწილე ერთმა (ან რამდენიმე) მხარემ თავისი მიზნების მისაღწევად ყველაზე ოპტიმალურ საშუალებად ძალის გამოყენება მიიჩნია.
რობერტ არტი გვთავაზობს ძალის ოთხ ფუნქციას/კატეგორიას, რომლებიც სახელმწიფოებმა შეიძლება გამოიყენონ თავისი მიზნების მისაღწევად. ესენია: თავდაცვა, დაშინება, იძულება, ტრაბახი.
თავდაცვა გამოიყენება თავდასხმის მოსაგერიებლად და/ან მის შედეგად განცდილი ზიანის შემცირებისთვის. თავდაცვისათვის მზადებამ შესაძლოა მოწინააღმდეგეს თავდასხმაზე ხელი ააღებინოს. არ არის გამორიცხული, რომ თავდაცვითი მზადება აგრესიულ ქმედებასაც ჰგავდეს. პირველი დარტყმა თავდაცვის მიზნითაც შეიძლება განხორციელდეს. ზოგადად, მსგავსი ქმედება ეფექტურია, იმიტომ რომ მტერს არ აცდი მისთვის ხელსაყრელი დროისა და ადგილის შერჩევას და თვითონ ახორციელებ შენთვის ხელსაყრელ დარტყმას, რაც ხშირად ბრძოლაში მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა.
დაშინება გამოიყენება მოწინააღმდეგის მხრიდან რაიმე ქმედების აღსაკვეთად. ეს არის შურისძიების მუქარა, თუ მოწინააღმდეგე გაბედავს   საზიანო ქმედების განხორციელებას, საპასუხო დარტყმასაც მიიღებს.
იძულება  მიმართულია დაპირისპირებული მხარის წინააღმდეგ, რათა მან შეწყვიტოს ან დაიწყოს რაიმე ქმედება.
ტრაბახი შეიძლება მუქარად აღვიქვათ. ის გამოიყენება პრესტიჟის განმტკიცებისათვის. ტრაბახი, როგორც წესი, გულისხმობს ძალის მშვიდობიან გამოყენებას, კერძოდ, ძალის დემონსტრირებას სამხედრო აღლუმების საშუალებით, უახლესი იარაღის შესყიდვით და ა.შ.
ამდენად, სახელმწიფოების მიზნები და ინტერესები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა, ყველა სახელმწიფოსთვის  საერთო და უნივერსალური ინტერესებიც არსებობს. ძალიან დიდი განსხვავებაა სახელმწიფოების მიერ მიზნების განხორციელებაში, რადგან მათ მიზნის მიღწევის საშუალებები და შესაძლებლობებიც სხვადასხვა აქვთ. პატარა და სუსტი ქვეყნის მიზანი შეიძლება გაძლიერება იყოს, მაგრამ ფაქტია, ის ამას ისე ვერ მოახერხებს, როგორც დიდი ქვეყანა. ანუ სახელმწიფოებს მიზნების მისაღწევად განსხვავებული რესურსები აქვთ. თანამედროვე სამყაროში, ომების გამანადგურებელი ეფექტის გაცნობიერების შემდეგ, ქვეყნები გაძლიერებას ურთიერთდამოკიდებულებით, ეკონომიკის გლობალიზებით (თავისუფალი ბაზრების შექმნით) ცდილობენ, თუმცა ანარქიულ სისტემაში მაინც არსებობს უნდობლობის ფაქტორი, რის გამოც კვლავაც მნიშვნელოვანია ძალის როლი. თუკი სახელმწიფო გადაწყვეტს, მისი მიზნის მისაღწევად აუცილებელია ძალის გამოყენება და მას შესაბამისი რესურსი გააჩნია, ის ძალას გამოიყენებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოება საერთაშორისო სამართლის თუ ლიბერალური პრინციპების გაზრდით ცდილობს სახელმწიფოებში მსგავსი ქმედებები აღმოფხვრას. ფაქტია, ამ მხრივ გარკვეული პროგრესი არსებობს, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
                                                                                                            ქეთევან ბრეგვაძე
გამოყენებული ლიტერატურა:
1.     რონდელი ა., საერთაშორისო ურთიერთობები, თბ., 2006
2.     არტი რ., “ძალის ოთხი ფუნქცია”, სერთაშორისო პოლიტიკა, თბ., 2011;
3.     უოლცი კ., „გლობალიზაცია და მმართველობა’’, საერთაშორისო პოლიტიკა, თბ., 2011

Tuesday, September 17, 2013

რატომ კლავს „მოჭერილი ქამრების“ პოლიტიკა?!


გაერთიანებული სამეფოს  პოლიტიკური ეკონომისტი და ეპიდემიოლოგი დევიდ სტექლერი  (David Stuckler)  და  ამერიკის შეერთებული შტატების ფიზიკოსი და ეპიდემიოლოგი სენჯაი ბასუ (Sanjay Basu) აკვირდებოდნენ ეკონომიკური დაღმასვლებისა და კრიზისის ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ეს კვლევა გამოქვეყნდა სათაურით:
 „ადამიანის სხეულის ეკონომიკა: რატომ კლავს „მოჭერილი ქამრების“ პოლიტიკა?!”

ევროპაში დაწყებული ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცის, გამკაცრების პოლიტიკის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ეს მიმდინარე პროცესია და მისი შედეგებიც გზადაგზა იჩენს თავს. CNN–ის განცხადებით, ისინი აკვირდებოდნენ მოსახლეობის ჯანმრთელობას, ხედავდნენ, „შემოჭერილი ქამრების“ პოლიტიკისგან ევროპაში როგორი ნელი მოქმედებით წარმოიქმნა  საშინელება. ეს იმ დროს, როცა პოლიტიკოსები თვალსაჩინო შედეგებზე კვლავ თვალს ხუჭავდნენ.

თავდაპირველად,  ბიუჯეტის ხარჯების გამკაცრების სქემა იმისთვის შეიქმნა, რომ შემცირებულიყო ვალები. 3 წლის  შემდეგ,  ევროპაში ბიუჯეტის შემცირება  დაიწყო, შედეგი ასეთია: მწვავე, შერეული შემცირებები საბიუჯეტო პროგრამებში არ არის გამოსავალი, უფრო პრობლემის ნაწილია და ადამიანები დიდ დანაკარგებს განიცდიან (საუბარია არამატერიალურ დანაკარგებზე).

აშშ–სა და ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში 10,000-ით მეტი თვითმკვლელობის შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე რამდენიმე წლით ადრე, ეს რიცხვი კი ისტორიულ ტენდენციას ბევრად აჭარბებს. სუიციდის ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა  ყველაზე ცუდ ეკონომიკურ მდომარეობაში მყოფ ქვეყნებში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური დაღმასვლის დროს თვითმკვლელობისა და დეპრესიების ზრდის თავიდან აცილება მეტ-ნაკლებად  შესაძლებელია: ქვეყნები, რომლებშიც ბიუჯეტი შემცირდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტების ხარჯზე, ნათლად აჩვენებდა უარეს შედეგს, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებშიც მთავრობამ სხვა სტიმულს მიმართა.

მაგალითად, საბერძნეთი საზოგადოების ჯანმრთელობის მხრივ კატასტროფის წინაშეა. იმასთვის, რომ დაეკმაყოფილებინა ბიუჯეტის დეფიციტის ის მოთხოვნები, რომლებიც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ევროპის კომისიამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წაუყენა, საბერძნეთმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი თანხა 40%–ზე მეტით შეამცირა.

როგორც საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, „ეს არ სკალპელით, არამედ ყასბის დანით მიყენებული ჭრილობებია“. საერთო დანახარჯები სახელმწიფოს მხრიდან მშპ–ს 6%–მდე დავიდა (გაერთიანებული სამეფო- 8%, გერმანია– 9%). ამის შედეგად, HIV ინფექციები, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, 200%–ით გაიზარდა, ძირითადად ნარკოტიკის მომხმარებელთა ხარჯზე, რადგან მათ მიერ გამოყენებადი ნემსების გავრცელების პროგრამა ბიუჯეტში შეკვეცეს (გაანახევრეს). ქვეყანაში მალარიის ეპიდემიაც გავრცელდა –ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მწვავე – მას შემდეგ რაც კოღოების საწინააღმდეგო სპრეის პროგრამა ბიუჯეტიდან ამოიღეს.

ეს კრიზისი შეეხო წამლებსაც, რადგან სახელმწიფო პროგრამების შემცირებასთან ერთად, მათი მომხმარებლის რიცხვი დაეცვა. 2008 წლიდან იმ ხალხის რაოდენობა, რომლებსაც არ აქვს საშუალება ჯანმრთელობას მიხედოს, 40%–ით გაიზარდა, ძირითადად პენსიონერთა ხარჯზე. პაციენტები კერძო დაწესებულებებში მკურნალობას ვეღარ ახერხებდნენ, თანხიდან გამომდინარე, ამან კი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ საავადმყოფოებში დატვირთვა 24%–ით გაზარდა. ამ ყველაფერს მოჰყვა ექიმებისა და კლინიკების გადატვირთვა. ბავშვთა სიკვდილიანობა კი 2008–დან 2010 წლამდე 40%–ით გაიზარდა. საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებმა, ექთნებმა და ექიმებმა დაკარგეს სამუშაო. ამ ყველაფრის ფონზე, მათი რიცხვი  35 ათასს აღწევდა. იმედდაკარგულმა მოსახლეობამ დაიწყო იაფასიანი წამლების გამოყენება. ანტიდეპრესანტების მოხმარებამ პიკს მიაღწია. ევროპაში თვითმკვლელობის მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა.

საყურადღებოა, იყო კი ეს შედეგები საბერძნეთის კრიზისისთვის აუცილებლად თანმდევი?! შეიძლებოდა თუ არა მათი თავიდან აცილება?! არავინ დაობს, რომ საბერძნეთის ფინანსურმა და პოლიტიკურმა ელიტამ დაუშვა შეცდომები, არც ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მხრივ გადადგმული ნაბიჯები იყო გამართლებული, მაგრამ იმ პირობებში ბერძნების გასაჭირი, შეიძლება ითქვას, გარდაუვალი იყო.

თუ ქრონოლოგიურად და დეტალურად გავაანალიზებთ კორელაციას კრიზისსა და ჯანდაცვის პრობლემებს შორის, დავინახავთ, რომ ამ სფეროში  მდგომარეობა ყველაზე მწვავე არა 2008 და 2009 წელს, არამედ 2010 წელს იყო, როდესაც ბიუჯეტის შეზღუდვები დაიწყო. ეს გვაჩვენებს, რომ კრიზისთან ერთად, ადამიანები თავად ამ ფაქტის გამო კი არ ხდებიან ცუდად, არამედ ფისკალურ პოლიტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშნელობა და სახელმწიფოს ხელში ის მომაკდინებელ იარაღად შეიძლება იქცეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 1930–იან წლებში, დიდი დეპრესიის დროს, სიკვდილიანობის დონე 10%–ით დაეცა. ეს იმ ფონზე, როდესაც თვითმკველობათა რიცხვმა დაუსაქმებელ ადამიანთა შორის საგრძნობლად იმატა 1929 წლიდან 1932 წლამდე. მაგრამ ეს მაჩვენებელი გადაწონა სიკვდილიანობის კლებამ, რაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებამ, მოსახლეობა, საწვავის ეკონომიის მიზნით, ნაკლებად გადაადგილდებოდა.

აღმოსავლეთ აზიის ფინანსურ კრიზისსაც (1997–1998 წწ.) მოჰყვა მსგავსი ტიპის პრობლემები. ინდონეზია, ტაილანდი და მალაიზია – სამი დიდი ბაზარი ჩავარდა,  ფულის ერთეული გაუფასურდა, მშპ დაეცა და უმუშევრობის დონემ განსაკუთრებით იმატა.

აღსანიშნავია, რომ  პოლიტიკოსები განსხვავებულად მოეკიდნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. ინდონეზიამ და ტაილანდმა დასახმარებლად  საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართეს, დიდად შეამცირეს HIV–ს პრევენციაზე გამოყოფილი თანხები. მალაიზიამ კი აირჩია განსხვავებული გზა, მან დაავადების პრევენციულ ღოისძიებებში ფულის ინვესტირება ამჯობინა. შედეგად, ინდონეზია და ტაილანდი იტანჯებოდა პნევმონიისა და ტუბერკულოზის კერების გამძაფრებით, მალაიზიამ კი მოახერხა ამ ეფექტების თავიდან აცილება.

საყურადღებოა კიდევ ერთი საკითხი, თუკი ბიუჯეტის ხარჯვის გამკაცრება არ მუშაობს, უფრო მეტიც – პრობლემებს ქმნის, კვლავ რატომ მიმართავენ მას ევროპელი ლიდერები?

ისტორიულად ბევრი ძლიერი ქვეყანაა ერთმანეთთან დაკავშირებული ფულადი სახსრების მოძრაობითა და გაცვლა–გამოცვლით, გადაუხდელი ვალებიც ახსოვს ისტორიას, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული. გლობალიზაციის პირობებში ფულადი ნაკადების მოძრაობა შეიძლება ისეთი იყოს, რომ ერთი ქვეყნის ფულმა მეორე გააძლიეროს. ამის მაჩვენებელი შეიძლება გახლდეთ შექმნა საერთო ფონდების, რომლებშიც სპონსორებზე გადადის ძირითადი სესხები. ფული სახელმწიფოსთვის ძალიან საფრთხილოდ დასახარჯია, ამიტომ მან უნდა დააბანდოს იქ, სადაც ჭკვიანურად იბრუნებს ფული. ძირითადად, ეს არის სამუშაო ადგილების გაზრდის მიმართულებით დახარჯული. როგორც კვლევამ აჩვენა, თითოეული ევრო, დახარჯული საზოგადოების ჯანდაცვაში, მოიტანს 3 ევროს თუ სწორად არის დაბანდებული. თუკი ეს სფერო დაზარალდება,  საბოლოოდ შეიძლება ისეთი ზარალის მომტანი გახდეს, რომ სხვა სფეროდან მოტანილმა სარგებელმა საბოლოოდ მაინც ვერ გადაწონოს.

სალომე მაისურაძე

წყარო:

Saturday, September 7, 2013

რუსეთი და ირანი უახლოეს მომავალში გააფორმებენ შეთანხმებას ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ

ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ბოლო პერიოდში გაღრმავდა, კერძოდ, ოფიციალური თეირანი  და მოსკოვი უახლოეს მომავალში გააფორმებენ შეთანხმებას ირანში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰმა გაავრცელა. თუმცა, არ გაუმახვილებია ყურადღება დოკუმენტის შინაარსსა თუ ხელმოწერის სავარაუდო თარიღზე. რაც შეეხება რუსულ მხარეს, იგი კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს არ აკეთებს.
2013 წლის თებერვალში ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ (SEOI) გამოაცხადა, რომ შერჩეული იყო 16 ადგილი, სადაც მოხდებოდა ახალი ელექტროსადგურების აშენება. ძირითადად ეს ადგილებია: კასპიის ზღვის სანაპირო არეალი, სპარსეთისა და ომანის ყურეების მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი. აპრილში ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ფერეიდონ აბას-დავანმა ისაუბრა ახალი რეაქტორების აშენებასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა, რომ ეს შედის ირანის უახლოეს გეგმებში. თუ რამდენად რეალისტურია ირანის გეგმები და პროექტები - სადაოა.
ირანის პრეზიდენტმა ისაუბრა ამ ბირთვული ელექტროსადგურის აშენების თაობაზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, ირანისა და რუსეთის გეგმები.
პრეზიდენტმა ისაუბრა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე და გააკეთა განმარტება, რომ ირანს არ გააჩნია საკმარისი ელექტროენერგია და ესაჭიროება იმაზე 20-ჯერ მეტი, ვიდრე ბუშერის ატომური ელექტროსადგური გამოიმუშავებს, რომელიც ასევე რუსეთის მიერაა აგებული. პრეზიდენტმა  დააზუსტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა და რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. მან მოუწოდა სხვადასხვა დაინტერესებულ კომპანიებს პროექტში მონაწილეობისკენ და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოები აქტიურად განაგრძობენ ატომური ელექტროსადგურების შენებას. მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ყოფილ ქალაქ ობნისკში 1954 წლის 27 ივნისს. ევროპაში კი სამრეწველო დანიშნულების პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ინგლისში 1956 წელს - კოლდერ-ჰოლში, ერთი წლის შემდეგ კი - ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, შიპინგპორტში. ატომურ ელექტროსადგურში ატომური ენერგია ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება. მისი მთავარი დანადგარი ენერგეტიკის ბირთვული რეაქტორია.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი ურანს მხოლოდ იმ რადიო-იზოტოპების შესაქმნელად აწარმოებს, რომელიც სამედიცინო მკურნალობისთვის არის გამიზნული. პრეზიდენტის თქმით, ამჟამინდელი მდგომარეობით ირანს ესაჭიროება დაახლოებით 19 ათასი მეგავატი.
პრეზიდენტმა აჰმადი ნეჯადიმ განცხადებაში ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებას: „ჩვენ იმ წუთსვე შევწყვეტთ ურანის წარმოებას, თუკი გაეროს დამკვირვებლები საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოდან ირანს ქვეყნისთვის აუცილებელ მარაგს მოაწვდიან“.
ირანის პოზიცია ცალსახად დააფიქსირეს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. რაც შეეხება რუსეთს, სახელმწიფო დუმის სპიკერმა, სერგეი ნარიშკინმა, დაადასტურა რუსეთის დაინტერესება ირანთან თანამშრომლობისა ბირთვული ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით. მან აღნიშა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არ დასრულდება ბუშერის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ.
ბუშერის ატომური ელექტროსადგური რუსეთის ერთ-ერთი ძირითადი პროექტია, რომელიც საზღვარგარეთ მდებარეობს. მისი მშენებლობა დაიწყო 1975 წელს, ხოლო 1995 წელს მშენებლობას რუსეთი შეუერთდა. მისი სიმძლავრე 60 მეგავატს შეადგენს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2010 წელს დასრულდა, ხოლო 2013 წლის სექტემბერში დაგეგმილია ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება.
ირანის პრეზიდენტის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატებიც. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები არ დაუშვებენ თეირანის მიერ ატომური იარაღის დაუფლებას. იგი მხარეებს საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.

მარიამ აბუაშვილი

ფოტოები:
1. http://www.iranreview.org/content/Documents/Iranian-President-Calls-for-Structural-Overhaul-of-UNSC.htm
2. http://newsician.files.wordpress.com/2010/11/4-bushehr-power-plant.jpg





Thursday, September 5, 2013

რელიგიური უთანხმოება სოფელ ჭელაში

 
2013 წლის აგვისტოში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები საკმაოდ აქტუალური თემა გახდა ინტერნეტ-სივრცესა თუ მედიაში. სოფლის მოსახლეობის ნაწილი მუსლიმია, ნაწილი კი მართლმადიდებელი ქრისტიანი. შესაბამისად, სოფელში არსებული მეჩეთის მინარეთის დემონტაჟს, ორივე მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 
26 აგვისტოს სოფელ ჭელაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობა ცდილობდა ხელი შეეშალა ხელისუფლებისათვის, რათა მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი არ განეხორციელებინათ. გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობი იტყობინებოდა, რომ პოლიციამ რამდენიმე პირი სცემა და, დაახლოებით, თორმეტი ადამიანი დააკავა.  სოფელი ბლოკირებული იყო პოლიციის მიერ, რომლის დიდი ნაწილი მობილიზებული გახლდათ მეჩეთთან, სადაც მიმდინარეობდა მინარეთის დემონტაჟი.  დემონტაჟის შემდეგ პოლიციამ სოფელი დატოვა, ადგილობრივი მუსლიმები კი ახალციხეში ჩავიდნენ და პროტესტის გამოხატვა განაგრძეს. 
საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ქრისტიანი მოსახლეობის მხრიდანაც, რომელთაც სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. მათ მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, რადგან კანონი მოითხოვდა, რომ მოხსნილი მინარეთი უნდა დაეტოვებინათ ჭელაში, სანამ მართლმადიდებელ და მუსლიმ ხალხს შორის შეთანხმება არ მოხდებოდა.
აღნიშნული ნაგებობა ადიგენის საკრებულომ, ადგილობრივი ხელისუფლების
ნებართვის გარეშე, 2013 წლის ივლისში უკანონოდ ააშენა.  თავდაპირველად დემონტაჟის საფუძვლად ადიგენის საკრებულოს გადაწყვეტილება დასახელდა.  მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ამ ქმედების უკან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იდგა.  26  აგვისტოს, საღამოს, შემოსავლების სამსახურმა  გაავრცელა წერილი,  რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დემონტაჟი სამინისტროს ექსპერტიზის მიზნებს ემსახურებოდა, იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამებოდა მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც საქართველოში თურქეთიდან მისი შემოტანისას საბაჟოზე იყო დეკლარირებული.
 „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზირება და შესაბამის სამსახურებს მიეცეთ საშუალება სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო ექსპერტიზა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქართველ მუსლიმთა კავშირმა დაგმო მინარეთის დემონტაჟი და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, უზრუნველეყო კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების უპირობო დაცვა. 
აღნიშნულ მიმართვას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ- მინისტრი, რომელმაც განაცხადა,  სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს რელიგიურ შეუწყნარებლობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
"ვიამაყებთ იმით, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითი არ მოიძებნება. მე ღრმად მწამს, რომ ეს ტრადიცია არსად გამქრალა, რადგან ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია მშვიდობიანი თანაცხოვრება, რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიური გრძნობების პატივისცემა. ეს არამხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა", - განაცხადა მან.
ადიგენში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომელიც აღნიშნულზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ეს ვერ შეძლო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი აზრით, 26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის მოშლით და პოლიციის  მიერ მუსლიმი მოსახლეობის ფიზიკური შეურაცხყოფით დაირღვა ამ უკანასკნელთა უფლებები.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც ცხადი ხდება,  მუსლიმების მიერ მინარეთის განბაჟებისას სახელმწიფოს არ განუცდია ფინანსური ზარალი, თუმცა მისი არსებობის შემთხვევაშიც სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნდათ მინარეთის დემონტაჟის უფლებამოსილება. არასამთავრობო ორგანიზაციები მომხდარის თაობაზე გამოძიების წარმოებასა და იმ მოხელეთა პასუხიგებაში მიცემას ითხოვენ, რომელთა ქმედებებმაც შელახეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
მართალია, საპროტესტო აქციები შეწყდა და ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ საპატრიარქოსა და მუსლიმურ საზოგადოებას შორის მიღწეულმა  შეთანხმებამ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი მხარს უჭერს მინარეთის სოფელ ჭელაში შენახვას, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ნაგებობა ახალციხეში უნდა გადავიდეს.
საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მთავარი მოთხოვნა მინარეთის სოფელ ჭელაში დაბრუნებაა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დააბრუნებენ ნაგებობას სოფელში, მაგრამ  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ამასთან დაკავშირებით, განცხადებები უკვე კეთდება.
სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებუფლებადამცველმა ორგანიზაციებმა  გააპროტესტეს და გააცხადეს, რომ მინარეთის დემონტაჟი არაკანონიერი იყო და ამით დაირღვა მუსლიმი მოსახლეობის უფლებები. ისინი მიიჩნევენ, რომ ნაგებობისათვის ექსპერტიზის ჩატარება მისი დემონტაჟის გარეშეც შესაძლებელი იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სიტუაციას უფრო ამძაფრებს პოლიტიკოსების განცხადებები, ამიტომ მოუწოდებენ მათ, საზოგადოებრივი მღელვარება არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისათვის.
მინარეთთან დაკავშირებულ მოვლენებს რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობად აფასებს საპატრიარქო. სასულიერო პირები ორივე მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, რომ არ აყვნენ პოლიტიკური ძალების  პროვოკაციებს, რომელიც აშკარადაა მიმართული რელიგიური უთანხმოების წარმოშობისაკენ.
ამდენად, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე საპატრიარქო, მომხდარის საფუძვლიანად გამოძიებასა და დამნაშავე პირებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვენ. ხოლო კვლავ აღიმართება თუ არა  სოფელ ჭელაში მინარეთი, ეს უკვე დამოკიდებულია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ყველა დიდი ინტერესით ელოდება.  

მარიამ ჩარკვიანი

ფოტოები:
1. http://www.civil.ge/geo/article.php?id=27258
2. http://sknews.ge/index.php?newsid=2104#.UiXMsNIwoag
3. http://www.tabula.ge/ge/story/74141-bidzina-ivanishvili-minaretis-asheneba-kanondarghvevit-moxda