Tuesday, September 3, 2013

სირია 9 სექტემბრის მოლოდინში



კონფლიქტი სირიაში 2011 წელს დაიწყო. მის გამომწვევ ერთ-ერთ  მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა. ბაშარ ალ-ასადი ხელისუფლებაში 2000 წელს მოვიდა,  მამის, ჰაფეზის, გარდაცვალების შემდეგ, რომელიც სირიას 1970 წლიდან მართავდა. ძალაუფლება  ერთი ოჯახის ხელში მოექცა, რის შედეგადაც ეთპარტიული სისტემა ჩამოყალიბდა. სირიელების უმეტესობა სუნიტი მუსლიმია, ხელისუფლებაში კი ალავიტები არიან - ისლამის შიიტური შტოს ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც ასადის ოჯახი მიეკუთვნება. მთელი ძალაუფლება წარჩინებული ალავიტი ოჯახების ხელშია, რაც სუნიტურ უმრავლესობაში პროტესტს იწვევს. ამასთან, სირიაში გატარდა ეკონომიკური რეფორმა, რომელმაც კარი გაუღო კერძო ინვესტიციებს. თუმცა, პრივატიზაციით საგებლობდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც პირადი ურთიერთობები ჰქონდათ ასადთან. მოსახლეობის უკმაყოფილებას აღვივებდა სოციალური მდგომარეობაც. 2006-2011 წლებში გვალვას სირიის მიწების დიდი ნაწილის გაუდაბურება მოჰყვა. ათობით ათასი გაღარიბებული ფერმერი ქალაქში გადასახლდა. 2000 წლიდან მოყოლებული მკაცრად კონტროლდებოდა მედია, მობილური ტელეფონები, ინტერნეტი. მთავრობა ცდილობდა, რომ ახალგაზრდობას მინიმალური კავშირი ჰქონოდა გარე სამყაროსთან, თუმცა სოციალურმა ქსელებმა დიდი როლი შეასრულეს აქტივისტების მობილიზებასა და ამბოხების დაწყებაში. და ბოლოს, სირიაში ამბოხების გაღვივებას ხელი შეუწყო თუნისელი  გამყიდველის, მუჰამედ ბუაზიზის, საქციელმა, როდესაც მან 2010 წლის დეკემბერში მერიის შენობის წინ თავი დაიწვა. ამან ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაშიც[1], საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია.

სირიაში პირველი გამოსვლები 2011 წლის 26 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები

მოითხოვდნენ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას. ამბოხების ჩახშობის მიზნით, მთავრობამ გამოიყენა ტანკები და სნაიპერები. ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ ჯარისკაცს, რომელიც უარს ამბობდა ცეცხლის გახსნაზე ადგილზე ხვრეტდნენ[2]. სირიის კონფლიქტი უკვე მესამე წელია გრძელდება და შეფასდა, როგორც სირიის სამოქალაქო ომი (السورية‎‎  الحرب الأهلية).

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ ადასტურებს 2013 წლის 21 აგვისტოს დამასკოს შემოგარენში სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეტევის დროს რეჟიმმა გამოიყენა ნერვულ- პარალიზული მოქმედების აგენტი.[3] ჰუმანიტარული ოგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ცნობით, დამასკოს სამმა საავადმყოფომ მიღო 3600 პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ ნეიროტოკსიკოზის ნიშნები.[4]
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო სირიაზე დარტყმის გადაწყვეტილება. მან განაცხადა:


„ქიმიური იარაღის გამოყენება ადამიანურ ღირსებაზე დარტყმაა. ამასთან, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ვრისკავთ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების გლობალური აკრძალვა დაცინვის ობიექტი გახდება. ის ემუქრება ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც სირიის საზღვართან ახლოს იმყოფებიან, მათ შორის ისრაელს, იორდანიას, თურქეთს, ლიბანსა და ერაყს. ამან შეიძლება გაახშიროს ქიმიური იარაღის გამოყენება, ან შესაძლოა იარაღი ხელში ჩაუვარდეთ ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენს ხალხს. მსოფლიოში, რომელიც სავსეა ხიფათით, ეს საფრთხე უნდა შეჩერდეს...  მე გადავწყვიტე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულია განახორციელოს სამხედრო აქცია სირიის წინააღმდეგ. ეს იქნება შეზღუდული ოპერაცია სახმელეთო ძალების გამოყენების გარეშე“. [5]

ობამამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის საკითხი კონგრესზე გაიტანოს, სადაც ხმის მიცემა კონგრესის სესიის დაწყების შემდეგ 9 სექტემბერს გაიმართება.

სამხედრო ოპერაციების მომხრეა საფრანგეთიც. 2 სექტემბერს საფრანგეთმა გამოაქვეყნა ფრანგული მზვერავების დასკვნა. ამ უკანასკნელში მოყვანილია ხუთი არგუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. დასკვნას ახლავს ფოტოები, რაზე დაყრდნობითაც ცხადი ხდება, რომ შეტევა განხორციელდა რეჟიმის მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან. წყარო ასევე იუწყება, შემთხვევის შემდეგ აღნიშნული რაიონები დაიბომბა კვალის გაქრობის მიზნით. [6] საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ორლანდის განცხადებით, საფრანგეთი მზადაა შეუერთდეს აშშ-ს და დასაჯოს ასადის რეჟიმი, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა თურქეთის პოზიცია, რადგან ქვეყანა

ისლამური სამყაროს ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებს. თურქეთის პრემიერ–მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ეწინააღმდეგება აშშ–ს პოზიციას სირიის კონფლიქტში „შეზღუდული“ ჩარევის თაობაზე და მოითხოვს სრულფასოვან ინტერვენციას, 1999 წელს კოსოვოში განხორციელებული ინტერვენციის მსგავსად. [7]
 
„ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდით საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. თუ გაეროს უშიშროების საბჭო არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, გაჩნდება ალტერნატივები. დღესდღეობით 36–37 ქვეყანა ამ ალტერნატივებს განიხილავს. თუ ამ პროცესში სირიის წინააღმდეგ კოალიცია ჩამოყალიბდება, თურქეთი ამ კოალიციაში თავის ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ. [8]

რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ისრაელია. ნატოს მხრიდან აგრესიის შემთხვევაში სირიის პასუხი შესაძლოა ისრაელზე დარტყმა იყოს. ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნათანეიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „უსასტიკესი მეთოდებით“ უპასუხებს ნებისმიერ დარტყმას.
„ისრაელის მოსახლეობას აქვს ინფორმაცია, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისათვის. ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, ჩვენს მტრებს ძალიან კარგი მიზეზი აქვთ, არ გამოსცადონ ჩვენი ძალა...  თუ ობამა სირიის საკითხზე მერყეობს, მაშინ მისი ყოყმანი ირანზე თავდასხმის საკითხზე გაიზრდება, ამგვარად, შანსები, რომ ისრაელს მარტო მოუწევს მოქმედება, გაიზარდა“,  – განაცხადა ნათანეიაჰუმ.[9]
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეშელონური სისტემის განთავსება. ინტეგრირებულ სისტემაში გააქტიურებულია კომპლექსები, რომლებიც გათვლილია მცირე ზომის უმართავი რაკეტებისა და ნაღმტყორცნების დასაფიქსირებლად. კომპლექსების რაოდენობა და მათი განთავსების ზუსტი პოზიციები უცნობია, თუმცა ნათელია, რომ სირიის საზღვართან გაძლიერდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა.

სირიაზე დარტყმის საკითხში დასავლეთში ერთსულოვნება არ არის. ცხარე კამათის შემდეგ, ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ბრიტანეთი სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს. „არ მგონია, რომ ბრიტანეთის უარი შეაჩერებს ოპერაციაში მონაწილეობის რომელიმე მსურველს“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა გაიხსენა სამხედრო ინტერვენცია ერაყში და მოუწოდა კოლეგებს არ გაიმეორონ წარსულში ჩადენილი მწარე შეცდომა. ბრიტანეთის უარის მიუხედავად, აშშ არ აპირებს უკან დახევას. თეთრი სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მიხედვით იხელმძღვანელებს. ობამას აზრით, სირიის კონფლიქტში აისახება აშშ–ის ინტერესები და ყველა, ვინც ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის საერთაშორისო შეთანხმებას დაარღვევს უნდა დაისაჯოს. [10]
სირიის მთავრობის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს ადასტურებს გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურიც. BBC- ის ცნობით, გერმანიის სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა ჰეზბოლას ერთ–ერთი ლიდერის წერილი. წერილის მიხედვით, ქიმიური იარაღი ასადის რეჟიმმა გამოიყენა. სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს ქიმიური იარაღი იყო ზარინი.[11] მოპოვებული ინფორმაციის მიუხედავად, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს სამხედრო ოპერაციის შესახებ მტკიცე პოზიცია არ დაუჭერია. თავის კონკურენტთან, პეერ შტაინბრიუკთან სატელევიზიო დებატების დროს, მერკელმა განაცხადა, რომ ნატოს, გაეროს ან ევროპული მანდატის გარეშე გერმანია სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს. გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის 69 % ეწინააღმდეგება სირიაზე თავდასხმას. არჩევნებამდე 3 კვირაზე ნაკლები რჩება. მერკელს არ სურს როგორც ამომრჩევლების დაკარგვა, ასევე ურთიერთობის გაფუჭება ამერიკის შეერთებულ შტატებთან.[12]

სამხედრო ოპერაციებს ღიად ეწინააღმდეგება რუსეთი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ–ს მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სირიის მთავრობის მხრიდან, ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, არადამაჯერებელი და ბუნდოვანია. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აზრით, სირიის მთავრობის დადანაშაულება რეგიონში მდგომარეობას მხოლოდ ართულებს. რუსეთის ინტერესები ახლო აღმოსავლეთში აშკარაა. რუსეთს არ სურს, რომ რეგიონში მისი მოკავშირეები აშშ–ის გავლენის ქვეშ მოექცნენ. თუ სირიაში შტატების გეგმა განხორციელდება, შემდეგი შესაძლოა ირანი აღმოჩნდეს, შედეგად რუსეთი კარგავს რეგიონში მნიშნველოვან პარტნიორებს. სირიის პორტი „ტარტუსი“ რუსეთისთვის ერთადერთი სამხედრო ბაზაა, რომელიც რუსეთის საზღვრებს გარეთ მდებარეობს. გარდა ამისა, რუსეთს ეკონომიკური ინტერესებიც ამოძრავებს. სირიასთან იარაღით ვაჭრობიდან შემოსავალმა $4 მილიარდს გადააჭარბა. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა შეაფასა 2009–2010 წლებში სირიაში იარაღით ვაჭრობის შემოსავალი, რამაც წელიწადში $162 მილიონს მიაღწია. რუსეთს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, რაც ამცირებს იმის ალბათობას, რომ ინტერვენციის მომხრე ქვეყნები გაეროს მანდატს მიიღებენ.

დიდი ხუთეულის ქვეყნებიდან ინტერვენციის წინააღმდეგია ჩინეთიც. ჩინეთი სირიის ერთ–ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩინეთის უარი მხოლოდ სავაჭრო ინტერესებით არ არის გამოწვეული. ჩინეთს თავად აქვს პრობლემა ადამიანის უფლებების დარღვევასთან. მიუხედავად ამისა, ძნელი წარმოსადგენია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა.

რეგიონში ლიდერობაზე, თურქეთის მსგავსად, პრეტენზიას აცხადებს ირანიც. ჩინეთთან და რუსეთთან ერთად, ირანი სირიაში სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგია. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ხელმძღვანელმა, მუჰამედ ალი–ჯაფარმა განაცხადა, რომ ასადის რეჟიმზე თავდასხმა გარდაუვლად გამოიწვევს ისრაელის განადგურებას. 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის თეირანი ამბოხებულებს ადანაშაულებს. სირია ირანისთვის სტრატეგიული მოკავშირეა და ლიბანში ჰეზბოლას შიიტურ დაჯგუფებასთან მისაწვდომ მთავარ არხს წარმოადგენს. 2009 წელს
WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სირია აწვდიდა ჰეზბოლას ბალისტიკურ რაკეტებს. გარდა სტრატეგიული ინტერესებისა, ასადის რეჟიმის შენარჩუნება ირანს რელიგიური ნიშნითაც სჭირდება. ირანი შიიტური სახელმწიფოა, ასადის ოჯახი კი ალავიტები არიან – შიიზმის ერთ–ერთი შტოს წარმომადგენლები (თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ალავიტები ძალიან დაშორდნენ ისლამურ დოგმატიკას და აღარ მიეკუთვნებიან ისლამს. ცხადია, ეს ცალკე თემაა). ამბოხებულთა მხარესაა კატარი და საუდის არაბეთი – სპარსეთის ყურეში ირანის მთავარი მეტოქეები. ამ მიზეზებიდან გამომდინარე ირანი სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგია.[13]


საინტერესოა, თავად სირიის მთავრობის პასუხი. პრეზიდენტი ბაშარ ალ–ასადი უარყოფს ყველანაირ ბრალდებას და მოითხოვს შტატებისგან და საფრანგეთისგან დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენას. ასადის განცხადებით,  ფრანგი ხალხი არ არის სირიელების მტერი, თუმცა მათი პოლიტიკა მტრულია. საფრანგეთი მტერი იქნება მანამ, სანამ სირიის მიმართ თავის პოლიტიკას არ შეცვლის. [14] ობამას განცხადების შემდეგ სირიული გაზეთი  Al-Thawra წერდა: „ობამამ, პირდაპირ თუ ირიბად, აშშ–ს ისტორიული უკანდახევის დასაწყისის შესახებ განაცხადა“. ამის ფონზე ასადიმ განაცხადა, რომ სირიას ძალა შესწევს წინ აღუდგეს ნებისმიერ დარტყმას.

კონგრესის სესია 9 სექტემბერს გაიხსნება. ობამას განცხადების შემდეგ, სამხედრო ოპერაციების დაწყება მინიმუმ 9 სექტემბრამდე გადაიდო. დაველოდოთ, რა შედეგით დასრულდება კენჭისყრა.

სოფო გელავა

[14] http://www.swissinfo.ch/rus/detail/content.html?cid=36805796

ფოტოები:

1. http://www.npr.org/blogs/thetwo-way/2012/06/07/154535404/in-syria-some-places-are-already-living-the-civil-war 
2.http://www.nytimes.com/2012/07/30/world/middleeast/syrian-official-criticizes-countries-backing-rebels.html?_r=0
3.http://www.washingtonpost.com/blogs/wonkblog/wp/2013/03/02/this-is-why-obama-cant-make-a-deal-with-republicans/
4.http://edition.cnn.com/2013/03/12/world/meast/syria-civil-war
5.http://www.aim.org/newswire/say-wha-irans-stepping-up-supplies-to-syria/attachment/bashar-al-assad/

No comments:

Post a Comment