Sunday, October 27, 2013

საპრეზიდენტო არჩევნები 2013


საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. წლევანდელი არჩევნები არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ მეექვსეა. სანამ 2013 წლის არჩევნებს შევეხები, გადავხედოთ წინა გამოცდილებას.


1991 წელს, პირველად მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც 87,03%-ით გაიმარჯვა მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა, ზვიად გამსახურდიამ. პირველმა პრეზიდენტმა ძალიან ცოტა ხნით შეძლო მართვის სადავეების შენარჩუნება, რადგან ქვეყანაში არეულობა დაიწყო. ზვიად გამსახურდიამ დატოვა საქართველო, ამიტომ 1992 წლის მარტში დე-ფაქტო მმართველი გახდა ედუარდ შევარდნაძე. იმავე წლის შემოდგომაზე არჩევნების გზით ედუარდ შევარდნაძე გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ზვიად გამსახურდიამ ამავე წელს სცადა მართვის სადავეები კვლავ მის ხელში გადასულიყო, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ის გარდაცვლილი იპოვეს -  მისი საქმე დღემდე გახსნილი არ არის.

1995 წელს ჩატარდა მეორე საპრეზიდენტო არჩევნები, ამჯერად 74,04%-ით გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის კანდიდატმა - ედუარდ შევარდნაძემ. 2000 წელს შევარდნაძე მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი, თუმცა ვადის გასვლამდე მოუწია პოსტის დატოვება.

2003 წლის შემოდგომაზე პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა აქცია, რომელსაც “ვარდების რევოლუცია” ეწოდა. 22 ნოემბერს ქუჩის აქციების პარალელურად ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობდა. სწორედ ამ სხდომის ჩასაშლელად მიხეილ სააკაშვილი პირადად ეუძღვა ხალხს პარლამენტის შენობაში. მეორე დღესვე, 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა. 4 იანვარს ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც 96,27%-ით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი - მიხეილ სააკაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთი პროცენტული მაჩვენებლით ჩაუდგა სახელმწიფოს სათავეში, ქვეყანაში მიმდინარე გამოსვლების გამო საჭირო გახდა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2009 წლის 5 იანვარს. ამ არჩევნებშიც 53,47 პროცენტით მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ეს არ არის რიგგარეშ. ამჯერად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თავისი ვადა სრულიად ამოწურა და მზად არის დატოვოს თანამდებობა. წლევანდელი არჩევნები წინა არჩევნებისგან ბევრი ფაქტორით განსხვავდება. წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებს 23 კანდიდატი - აქედან 17 არ წარმოადგენს არცერთ პარტიას.

წინასაარჩევნო კვლევები ჩაატარა რამდენიმე ოგანიზაციამ - ერთ-ერთი მათგანია ამერიკული ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI). 2013 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით პირველ ადგილზე გიორგი მარგველაშვილი იყო 39%-ით, მეორეზე დავით ბაქრაძე 18%-ით და მესამეზე ნინო ბურჯანაძე 7%-ით. 26%-მა უარი თქვა პასუხზე, ან განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. სექტემბერში საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა სხვა ორგანიზაციამაც სახელად Greenberg Quinlan Rosner. მათი მონაცემებით გიორგი მარგველაშვილი რეიტინგში პირველი იყო 43%-ით. დავით ბაქრაძე მეორე ადგილზე გავიდა 22%-ით, მესამეზე ნინო ბურჯანაძე 8%-ით, მეოთხეზე კი, 5%-ით “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი - გიორგი თარგამაძე. ამ ორგანიზაციამ ოქტომბერშიც ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით მარგველაშვილის რეიტინგი 48%-ს შეადგენდა, ბაქრაძისა კი 23%-ს.

ცესკო ორ საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს აცნობდა ამომრჩეველთა აქტივობას. 10:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 6,8%-მა მიიღო. ცესკოს სპიკერის განცხადებით: “არ ყოფილა არსებითი ხასიათის დარღვევები და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა”. 12:00 საათის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა 17,15%-მა მიიღო მონაწილეობა.

საარჩევნო პროცესი განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა.

კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველები - რიგაში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დაიგვიანა, რის გამოც კენჭისყრის პროცესი დაგვიანებით დაიწყო. ათენში, სადაც ყველაზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, ის მოქალაქეები, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან ვერ აძლევენ ხმას, რამაც გამოიწვია პროტესტი მათი მხრიდან. რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების რაოდენობა შეადგენს 3 979 ადამიანს. კანონის მიხედვით ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის გამო  სოფლების, დვანისა და დიცის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ გადმოსვლა ხმის მისაცემად. 

ცესკოს სპიკერმა საუბრა საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზეც. კრწანისის N5 უბანზე იმყოფებოდა კანონით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი წარმომადგენელი, მათ მაშინვე დაატოვებინეს უბანი. კრწანისის N12 უბანზე სამმა ადამიანმა პირადობის მოწმობა წარადგინა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე და კომისიამ მათ არ მიაღებინა არჩევნებში მონაწილეობა. საბურთალოს N63 უბანზე ლუქებთან დაკავშირებით დაისვა რამდენიმე კითხვა, თუმცა ლუქი ცესკოს განცხადების მიხედვით, ლუქთან დაკავშირებით, პრობლემა არ არსებობდა.

წლევანდელ არჩევნებზე (პირველად) განსაკუთრებული პირობებია შექმნილი შეზღუდული უნარის მქონე ამომრჩევლებისთვის. ყველა უბანზე დარიგდა ბრალის შრიფტით დაბეჭდილი ჩარჩოები, რისი დახმარებითაც ამომრჩევლებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატი და ხმა მისცენ უცხო პირის დახმარების გარეშე. ბრაილის შრიფტიანი ჩარჩოების შემოტანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შარშანდელი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ქვეყანაში არის 4772 უსინათლო ამომრჩეველი.

15:00 საათის მონაცემებით საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამომრჩეველთა 32,05%-მა მიიღო მონაწილეობა. 17:00 საათისთვის კი - 39,07%-მა.

საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა კავკასიის რეგიონში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოში წარმატებულად არჩევნების ჩატარებას. ის დარწმუნებულია, რომ საქართველო აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატია ნამდვილად მწიფდება ამ ქვეყანაში.

20:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ამომრჩეველთა რაოდენობამ 46,6%-ს მიაღწია.

20:00 საათისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგებს:

GFK-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით:
გიორგი მარგველაშვილი 66,7%,
დავით ბაქრაძე 20,2%,
ნინო ბურჯანაძე 7,5 %,
შალვა ნათელაშვილი 2,1%,
 გიორგი თარგამაძე 1,1%.

ACT ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით:
გიორგი მარგველაშვილი 68,0%,
დავით ბაქრაძე 17,12%,
ნინო ბურჯანაძე 9,9%,
შალვა ნათელაშვილი 2,2%,
გიორგი თარგამაძე 1,0%.

SOCIS-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით:
გიორგი მარგველაშვილი 66%
დავით ბაქრაძე 16%
ნინო ბურჯანაძე 9%

„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით:
გიორგი მარგველაშვილი 53,17%
დავით ბაქრაძე 8,87%
ნინო ბურჯანაძე 10,71%
შალვა ნათელაშვილი 6,5%


ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ და მოძრაობა „სამართლიანობა უნდა აღდგეს“ ეგზიტპოლის მსვლელობისას გამოიკითხა 21178 ამომრჩეველი. მიუხედავად ეგზიტპოლის ასეთი შედეგებისა, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ აპირებს საკუთარი ხმების დაცვას, მისივე თქმით, საქართველოში სოციოლოგიური გამოკვლევები არ მუშაობს და მეორე ტურში ის და გიორგი მარგველაშვილი შეხვდებიან.

განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემაც. მან ქართველ ხალხს მიულოცა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება, გიორგი მარგველაშვილს კი - არჩევნებში გამარჯვება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სურათი გამოკვეთილია, ის მაინც ძირითად შედეგებს დაელოდება. ასეა თუ ისე, მან უკვე აღიარა დამარცხება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლის შედეგებმა მას მოლოდინი გაუმართლა. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ კარგის დანახვა შეუძლია და ასევე დაამტკიცა, რომ ბრძენია. მან ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამომრჩევლებსა და გუნდის წევრებს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქართველ ერს. მან აღნიშნა, რომ მარგველაშვილი რადიკალურად განსხვავებული პრეზიდენტი იქნება. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ყოველი არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა, ემსახურება დემოკრატიის განვითარებას და ყველამ პატივი უნდა სცეს უმრავლესობის არჩევანს, რადგან სწორედ უმრავლესობა წყვეტს ასეთ საკითხებს.

ჯერ გარკვეული არ არის, თუ როგორ გადანაწილდა ზუსტად ხმები, რადგან ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ეგზიტპოლების შედეგები გვაქვს, მაგრამ უკვე ვიცით ავღანეთში საარჩევნო უბან „ერედვზე“ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები. მათი მიხედვით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
დავით ბაქრაძე - 318 ხმა
გიორგი მარგველაშვილი 285 ხმა
შალვა ნათელაშვილი 25 ხმა
ნინო ბურჯანაძე 14 ხმა

მარიამ კვარაცხელია

წყარო:


ფოტოები:

1. http://www.geonews.ge/uploads/images/6094saakashvili-420x0.jpg

No comments:

Post a Comment