სპარსული სახელმწიფო არაბულ სამყაროში,
შიიტური ქვეყანა სუნიტებს შორის- ეს ირანია, სპარსეთის ყურის ყველაზე გავლენიანი, ამ
რეგიონში მოსახლეობით ყველაზე მეტი და ეკონომიკურადაც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო.
თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრს საუბრობენ
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს ისტორია რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო
და დღემდე გრძელდება. შესაბამისად, ძალიან
საინტერესოა, რა გავლენას ახდენს ეს პროცესი ჩვეულებრივ ირანელებზე, როგორ აისახება
მათზე თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც პოლიტიკოსები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად
იღებენ.

ბუშერის რეაქტორის პროექტი მალევე შეჩერდა.
ერაყთან ომის დროს, ირანს ბირთვული პროგრამისათვის, ცხადია, აღარ ეცალა, მაგრამ
90-იანი წლებიდან დაიწყო ბირთვული პროგრამის ხელახლა აღორძინება.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ირანის
ბირთვული პროგრამა დასავლეთს არ
აღაშფოთებდა. მაგრამ 2002 წლის აგვისტოში ერთ-ერთმა
ირანულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანთან ახლოს,
ნათანზიში პროგრამასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობდა. ფაქტია, ირანი ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს ბირთვული
ენერგიის კვლევის სფეროში, ეს კი ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, აწარმოოს ბირთვული
იარაღის მთავარი კომპონენტი- მაღალგამდიდრებული ურანი.
2003 წლიდან ინტენსიური მოლაპარაკებები
მიმდინარეობს ირანს, საფრანგეთს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, ბირთვული
მარაგის გამდიდრების სფეროში ირანის შეჩერების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ევროპის სამივე ქვეყანა ევროკავშრის
ეგიდითა და აშშ-ს მხარდაჭერით მოქმედებს. 2006 წელს აშშ-ს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა
ბუშმა განაცხადა, რომ მსოფლიო წინ აღუდგებოდა ირანის ატომური იარაღით აღჭურვას. ამავე წლის ივლისში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო
1696-ე რეზოლუცია, რომლითაც ირანს გამდიდრების შეჩერება და შეიარაღებული კონტროლისაკენ
მიმართული სხვა მნიშვნელოვანი ზომების გატარება მოეთხოვებოდა.
2011 წელს ფრანგული გამოცემა LE FIGARO წერდა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ფლობდა
მტკიცებულებას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სამხედრო ხასიათისა იყო. ამავე წელს საფრანგეთმა მოუწოდა გაეროს უშიშროების
საბჭოს, განეხილა ირანის ატომურ იარაღზე მუშაობის
შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,
რომ ისინი ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მომხრე იყვნენ, იმ შემთხვევაში
თუ ირანი არ დაემორჩილებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით
ირანის იმდროინდელმა პრეზიდენტმა აჰმადინეჯადიმ განაცხადა, რომ ყველა ეს ბრალდება საფუძველს
მოკლებული იყო და ირანი უარს არ იტყოდა ბირთულ პროგრამაზე.
2012 წელს სტამბულში, მსოფლიოს ექვსი დიდი
სახელმწიფოს, ჩინეთის, აშშ-ს, რუსეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის
წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ამ შეხვედრის მიზანი იყო თეირანის დარწმუნება, რომ შეეჩერებინათ
2010 წელს დაწყებული ურანის გამდიდრება, თუმცა ამ შეხვედრაზე სანქციების საკითხი არ
განხილულა.
აღსანიშნავია, თეირანი მიიჩნევს, რომ ირანის
ატომური პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ბუნებრივია, დასავლეთს ამის არ სჯერა,
ამიტომაც ურანის გამდიდრების შეჩერებისა და ბირთვული პროგრამის გამჭვირვალობის მოთხოვნით
გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 2012 წელსვე ამერიკის
კონგრესმა მხარი დაუჭირა ირანისათვის ახალი, უფრო მკაცრი სანქციების შემოღებას. აღსანიშნავია, რომ სანქციები დაწესდა ირანის ენერგო
და ნავთობსექტორზე, ასევე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ფინანსურ ინსტიტუტებზე.
სანქციები დაუწესეს იმ კომპანიებსა თუ
პირებს, რომლებიც ირანის მთავრობასთან ურანის მოპოვებისათვის თანამშრომლობდნენ, მათ,
ვინც თანამშრომლობდნენ ირანის ნავთობისა და გაზის საწარმოებთან. ირანი კი ყველა ამ
სანქციასა თუ დიპლომატიურ ნაბიჯს დროის ტყუილად
კარგვად მიიჩნევდა.
წელს ვაშინგტონმა კვლავ გამოთქვა მზადყოფნა
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკების
პროცესის დაწყებაზე. 2013 წლის იანვარში ირანმა მუშაობა დაიწყო ურანის გამდიდრების
პროცესის დაჩქარებაზე.
ოქტომბერში კი, ჟენევაში, ირანმა და მსოფლიოს ექვსმა დიდმა სახელმწიფომ კვლავ განიხილეს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული
პრობლემა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა პრობლემის
გადასაწყვეტად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამმად ზარიფიმ განაცხადა, რომ
ირანს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა სურს და ქვეყანას შეუძლია, ბირთვული ტექნოლოგიები
მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით გამოიყენოს.
მანამ, სანამ ირანის მიერ წარმოდგენილ
გეგმას დასავლეთი დიდი სიფრთხილით განიხილავს, ირანის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს
ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე.
ივლისში ირანმა დაკარგა ყველაზე ცნობილი
დრამატურგი და რეჟისორი მაჰმუდ
ოსთად-მუჰამმადი, რომელიც თეირანში, 62 წლის ასაკში
გარდაიცვალა.
ოსთად-მუჰამმადის ქალიშვილი მანა დარწმუნებულია,
რომ მამამისის სიკვდილი ნაწილობრივ მაინც არის გამოწვეული დასავლეთის მხრიდან ირანის
წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით. “ეს იყო ექიმის დასკვნა, რომელიც მამაჩემის სამედიცინო
ტესტს ეფუძნება” განაცხადა მანამ.
ხუთი ათწლეულის განმავლობაში, ზოგიერთი
ძალიან ცნობილი ირანული პიესა სწორედ ოსთად-მუჰამმადს
ეკუთვნის, თითოეული ისტორია ირანელების ყოველდღიური ცხოვრებიდან, მათ სიყვარულსა და
სიმარტოვეზეა.
2011 წელს რეჟისორს დაუსვეს ღვიძლის კიბოს
დიაგნოზი. მას ონკოლოგმა დაუნიშნა კიბოს წამალი ნეხავარი. ექიმის დასკვნისა და სამედიცინო
ტესტის მიხედვით, წამალს უნდა შეეჩერებინა კიბოს გავრცელება.
“ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ თუ ის ამ რთული
სიტუაციიდან გამოძვრებოდა, გამოჯანმრთელდებოდა და ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა,” აღნიშნა
მისმა ქალიშვილმა.
მაგრამ გასული წლის დასაწყისიდან, მალევე, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და დასავლურმა
ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღეს მისი ბირთვული პროგრამის შესაკავებლად, ირანელ ექიმებს, ფარმაცევტებსა და
პაციენტებს ნეხავარისა და სხვა წამლების, რომლებიც ეფექტურად მკურნალობდნენ დაავადებას,
შოვნა უფროდაუფრო გაუჭირდათ.
აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს,
რომ დასავლეთის სანქციები მხოლოდ ხელისუფლებისათვის
არის შემუშავებული და არა რიგითი ირანელებისათვის.
მაგრამ ირანის ოფიციალური პირები აღნიშნავენ,
დასავლეთის აკრძალვები ირანულ ბანკებზე სიტუაციას
ართულებს, სამედიცინო პროდუქციის, რომელზეც არ ვრცელდება სანქციები, იმპორტიც კი შეუძლებელია.
“ჩვენ სერიოზული დეფიციტი გვაქვს წამლების, მაღალი ფასის გამო მათი ყიდვა შეუძლებელია,”
განაცხადა ერთ-ერთმა ფარმაცევტმა იმენ ჰეირანიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ათობით
პაციენტი უკავშირდება იმ იმედით, რომ შეიძლება
ძნელად საშოვნი წამლები მას მაინც ჰქონდეს.
წელს, პრაქტიკულად აღარ შემოდიოდა წამალი
თეირანში. ოთხი თვის განმავლობაში ოსთად-მუჰამმადი წამლის გარეშე დარჩა.
“მოულოდნელი იყო, თვრამეტი თვის განმავლობაში
ადვილად შეგვეძლო წამლის ყიდვა, მაგრამ ახლა ასე არ იყო. ჩვენ არ ვიცოდით რა უნდა გვექნა,”
განაცხადა მანამ.
25 ივლისს ირანმა დაკარგა საყვარელი დრამატურგი.
მისი ქალიშვილი დარწმუნებულია, რომ მამამისი დასავლური სანქციებისა და პოლიტიკური კონფლიქტის
მსხვერპლად იქცა.
“სანქციები გავლენას ადამიანებზე ახდენენ
და არა პოლიტიკურ ჯგუფებზე,” განაცხადა მანამ.
ნორა გამყრელიძე
წყარო:
4.
http://www.tabula.ge/ge/story/75964-iranis-tsarmodgenil-gegmas-dasavleti-didi-sifrtxilit-ganixilavs
ფოტოები:
1.http://www.presstv.ir/detail/2013/07/27/315775/iranian-playwright-director-dies-at-63/
3. http://www.elcivics.com/united_nations_1.html
No comments:
Post a Comment