Thursday, November 21, 2013

პირველი დღეები ვარშავაში

19 ნოემბერი. გათენდა. ვიღვიძებთ Puffa Hostel-ის ნომერში და ვემზადებით ქალაქ ვარშავის ასათვისებლად. კონფერენცია ხვალიდან იწყება, ამიტომ ცოტა დრო გვაქვს, რათა უფრო საფუძვლიანად დავათვალიეროთ ვარშავის ღირსშესანიშნაობები. პირველ რიგში, თეას იდეით წავედით ფრედერიკ შოპენის სახლ-მუზეუმში, სადაც კლასიკური მუსიკის თანხლებით დავათვალიერეთ შოპენის წერილები, საკრავი ინსტრუმენტები და ხელნაწერი ნოტები.

მუზეუმიდან წამოსულები, “სტარბაქსში” დავსხედით და ერთამანეთს გავუზიერეთ შთაბეჭდილებები. ცოტაც ვისეირნეთ ვარშავის ცივ, მაგრამ ადვილად ასათვისებელ ქუჩებში და შემდგომ, გავეშურეთ უკვე Camero Hostel-ში, სადაც თავისუფალი პარლამენტის დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, ჩვენი მეგობარი რატი დაგვხვდა. ჰოსტელში უკვე შეკრებილიყვნენ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დელეგატები, მათ შორის გერმანიიდან, ესპანეთიდან, ბაჰრეინიდან, ინგლისიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ა.შ. მეგობრულ გარემოში გავიცანით ერთმანეთი, მოვეწვყეთ ჰოსტელში, დავისვენეთ და წავედით სავახშმოდ პოლონურ ეროვნულ რესტორანში. მივირთვით უგემრიელესი პოლონური ვარენიკები, ლუდი და „პოლონური ელექსირი“- არაყი თბილ სიროფთან ერთად. შემდგომ გადავინაცვლეთ პაბში, სადაც დიდი ოდენობით ალკოჰოლურ სასმელთან ერთად უფრო დავუახლოვდით “გლობალურ” დელეგატებს. პაბიდან გამოსულებმა, გადავწვიტეთ, „კაფე-ფაიკაში“ ჩილიმის მოწევით დაგვესრულებინა ეს საინტერესო დღე.

20 ნოემბერი. გაგვაღვიძეს კონფერენციის ენერგიულმა ორგანიზატორებმა და ვისაუზმეთ ჰოსტელში. იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი კონფერენციისა - თვითონ ვორქშოფები. როგორც იცით, კონფერენციის თემაა Remarkable Marketing, მაგრამ კონფერენციის პირველივე დღემ დაგვანახა თუ რაოდენ განსხვავებული შეიძლება იყოს სხვადასხვა პროდუქტის პრომოუშენისთვის საჭირო მარკეტინგული გზები. პირველი სტუმარი იყო მსოფლიოში ცნობილი FMCG პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Reckitt Benckiser-ის წარმომადგენელი. განვიხილეთ ამ კომპანიის ქოლგის ქვეშ არსებული სარეცხი საშუალების ბრენდის - Dosia-ს ქეისი პოლონეთის ბაზარზე, მისი ისტორია და ის მიზეზები, რამაც გამოიწვია ამ სარეცხი საშუალების გაყიდვების მოცულობის ფლუნქტუაცია პოლონეთის სარეცხი საშუალებების ბაზარზე. დავიყავით ჯგუფებად და ვიმსჯელეთ იმ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების პროგრამაზეც, რაც ამ ბრენდის სარეცხი საშუალების გაყიდვების წილის გასაზრდელად იქნება ოპტიმალური. კარგად გავაანალიზეთ ის ფაქტორი, რომ ისეთ კონკურენტულ და კლასტერულ ბაზარზე, როგორიცაა სარეცხი საშუალების ბაზარი, საჭიროა უნიკალური, სენსაციური და მართლაც Remarkable მარკეტინგული ღონისძიებების გატარება, რათა შევცვალოთ მომხარებლის ქცევა და მათ დავანახოთ ჩვენი პროდუქტის უპირატესობა.

შემდგომი სტუმარი კი იყო სრულიად კონტრასტული პროდუქტის, ყველასათვის ცნობილი, საკულტო ავტომწარმოებლის - ფერარის ვარშავის ფილიალის გენერალური დირექტორი, ქარიზმატული დანტე ქინქი. მართლად, დიამეტრალურად განსხვავდება ზემოთ აღნიშნული ორი პროდუქტი ერთმანეთისგან: FMCG სარეცხი საშუალება და თვით ავტომობილი „ფერარი. შესაბამისად, ამ ორ პროდუქტს სრულიად განსხვავებული მიდგომა და მარკეტინგული ღონისძიება ესაჭიროება. თუკი Reckitt Benckiser-ის  წარმომადგენლის აზრით, პროდუქტის ხარისხს იმდენად დიდი მნიშნველობა არ აქვს ვიდრე იმას, თუ როგორ დაანახებს კომპანია ამას მომხარებელს მარკეტინგის დახმარებით, დანტე სრულიად საპირისპიროს ფიქრობდა. იგი აბსოლუტურად შეყვარებული იყო „ფერარიზე“ და მას მიაჩნდა რომ ამ შემთხვევაში თვითონ პროდუქტი არის უნიკალური და კოტლერის მარკეტინგულ მიქსს - 4P-ის, ფერარის შემთხვევაში, სრულიად უგულებელყოფდა. გასაკვირი არც არის, „თუკი გინდათ ფასდაკლება, გადადით „ფოლკსვაგენის“ მაღაზიაში“ - გაგვიცხადა დანტემ. როდესაც მომხარებელი ყიდულობს „ფერარის“, ის არ იძენს მხოლოდ სპორტულ ავტომობილს, არამედ ის ყიდულობს ოცნებას, თავისუფლების, სიძლიერის, დაუმორჩილებლობის, წარმატების სიმბოლოს და შესაბამისად მზად უნდა იყოს გადაიხადოს ამაში თუნდაც ნახევარი მილიონი ევრო. „ფერარის“ მარკეტინგს სრულიად სხვა მიზნები აქვს, ის უფრო კლიენტებთან ინდივიდუალურ, უნიკალურ სერვისზეა ორიენტირებული და არასდროს უმტყუნებს იმედებს მომხარებლებს. დანტე ასევე ძალზედ საინტერესოდ გვესაუბრა თავის თავზე, კარიერაზე და იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანმა აკეთოს მხოლოდ ის საქმე, რაც მას გულით უნდა. მან ასევე ცოტაოდენ აგრესიულად გამოგვიწვია დებატებში და ჩვენც მედგრად დავდექით.

საინტერესო საკონფერენციო დღის შემდეგ, კვლავ დავაგემოვნეთ ეროვნული სამზარეულო და ავტობუსით დავათვალიერეთ ქალაქი გიდის თანხლებით. უფრო დეტალურად გავიგეთ, თუ რა მძიმე ბედი ერგო ვარშავას გასულ საუკუნეში, თუ როგორ განადგურდა ომის დროს ქალაქის 80 პროცენტი და როგორ აღადგინეს ეს ქალაქი და დაუბრუნეს პირვანდელ სახეს პატრიოტმა პოლონელებმა ომის შემდგომ.


ქალაქის გარშემო ტურის შემდეგ კი გველოდა სიურპრიზი, წვეულება ვარშავის ეკონომიკის სკოლის საერთო საცხოვრებლის გასართობ ცენტრში, სადაც ბილიარდის, ლუდისა და მუსიკის თანხლებით გავატარეთ ეს შესანიშნავი საღამო.





ლევან მეგრელიშვილი

No comments:

Post a Comment