წამოსვლამდე ვნერვიულობდი, თითქმის უცხოებთან ერთად
რომ ვიქნებოდი, მაგრამ ახლა ეს ღელვა სულ აღარ მეტყობოდა, პირიქით... ამ 3 დღეში ძალიან დავახლოვდით და მიხარია მათთან
ერთად ყოფნა. დაახლოებით ამ ფიქრებში ვიყავი გართული, მთელმა კლუბმა Happy
birthday-ის სიმღერა რომ დაიწყო. დავიბენი და ისე გამიხარდა, გრძნობების გამოხატვაც
კი გამიჭირდა. შეუმჩნევლად შემომეპარა კიდევ ერთი წელიწადი. ორმა ჭიქა ლუდმა და ემოციებმა
განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე დამაყენა. საღამო მშვენივრად გავატარეთ.
დღევანდელი ლექცია სოციალურ მედიას შეეხებოდა. სოციალური
ქსელები, Facebook და ზოგადად ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური და განუყოფელი
ნაწილია, მაგრამ მაინც გასაოცარია იმის წარმოდგენა თუ როგორ არის მსოფლიო დამოკიდებული
მასზე. თითქოს ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ
ამას უპრობლემოდ ახერხებდნენ. ქალბატონმა, რომელიც ასოცირებული პროფესორი და ასევე
ამავე უნივერსიტეტის ლექტორი გახლდათ, გვაჩვენა კვლევის შედეგები და განგვიმარტა, რომ
ახალგაზრდები ტელევიზორთან შედარებით კომპიუტერს 7-ჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ. სმარტფონებმა
კიდევ უფრო გაამძაფრა სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება. იმისათვის, რომ მიიღო უახლესი
ინფორმაცია სულაც არ გჭირდება ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი. ინფორმაცია პირდაპირ
შენს ტელეფონშია და ამიტომ თითქმის 24 საათიანი შეხება გაქვს ინტერნეტთან. ეს ფაქტი
არც კარგია და არც ცუდი. ეს უბრალოდ ის შეუქცევადი პროცესია, რომელიც ტექნოლოგიურ განვითარებას
მოაქვს და თავის მხრივ საოცრად გვიადვილებს ცხოვრებას. თუ რომელიმე ბიზნესს არ გაჩნია
გვერდი სოციალურ ქსელში მისი წარმატება ნაკლებად სავარაუდოა - გვიხსნის ლექტორი და
მართალიც არის. 21-ე საუკუნეში ჩვენ ვცდილობთ მოვიძიოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია
ონლაინ და თუ კომპანია ვერ ერთვება ამ ტექნოლოგიურ ფერხულში ის ალბათ ვერც კონკურენციას
გაუძლებს.
სეირნობით დაღლილებმა ყავის დალევა გადავწყვიტეთ და
Starbucks-ის მრგვალ მაგიდასთან დავაწყვეთ კრაკოვისა და პრაღის გეგმები. ლევანის მორთმეულმა
ყვავილმა კიდევ უფრო გამიხალისა განწყობა. დღეს ნამდვილი იუბილარი ვიყავი!
დრო უცებ გაგვეპარა და მალე დაჯილდოებაზეც გავეშურეთ.
გამოპრანჭულები კოსტიუმებსა და ქვედაბოლოებში ამაყად ვიღებდით სერთიფიკატებს. თითქოს
ემოციურიც იყო, რომ კონფერენცია მთავრდებოდა. მივეჩვიეთ ამ გარემოს... დაჯილდოების
შემდეგ ფურშეტი და უგემრილესი ტორტი გველოდა წინ.
ეს იყო პოლონეთში ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასასრული.
ხვალ კრაკოვში მივდივართ და იმედია წინ ახალი ბევრად უფრო საინტერესო თავგადასავლები
გველის. კრაკოვი ერთ-ერთი ძველი ქალაქია, სადაც სანახავი ბევრია, დრო კი ძალიან ცოტა.
ველოდებით ახალ დღეს ახალი ქალაქითა და ახალი ისტორიებით...
სალომე ჭიჭინაძე
No comments:
Post a Comment