23 ნოემბერი, ვარშავა. ჩვენი
დილა სადღაც 6 საათისთვის დაიწყო, ძალიან ვჩქარობდით, რომ კრაკოვისკენ მიმავალ მატარებელზე
არ დაგვეგვიანა. სასწრაფოდ ვისაუზმეთ და სადგურისაკენ გავემართეთ. წინ სამსაათიანი
მგზავრობა გველოდა. ვფიქრობდი, რომ ეს დრო საკმაოდ მოსაწყენად და დამღლელად ჩაივლიდა,
თუმცა როცა შენ გარშემო ამდენი განსხვავებული კულტურისა თუ ინტერესის ადამიანი იკრიბება,
შეუძლებელია სასაუბრო თემა გამოგელიოს და თავი მოწყენილად იგრძნო. მგზავრობის დროს
ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, რომლებიც ახალგაზრდებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს:
ფილმებზე, მუსიკაზე, სწავლასა თუ მოგზაურობაზე...
მატარებლით მგზავრობისას,
ვესაუბრებოდი ერთ მონტენეგროელ ახალგაზრდას, ლუკას. დიდი ხნის წინ მყავდა ერთი მეგობარი,
რომელიც ასევე მონტენეგროელი იყო. ლუკას სხვათაშორის ვკითხე ჩემს მეგობარზე, ხომ არ
იცნობ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ისინი ახლო მეგობრები იყვნენ. მონტენეგრო პატარა ქვეყანაა
და გასაკვირი არცაა, იქ რომ ყველა ერთმანეთს იცნობს, დაახლოებით ისევე, როგორც ჩვენს
ქვეყანაში, თუმცა მაინც გასაოცარი და გასახარია, როცა ჩადიხარ პოლონეთში, სრულიად უცხო
გარემოში და ახალ გაცნობილთან საერთო, თან ასეთ ახლო მეგობარს პოულობ.
მალე აღმოვჩნდით ულამაზეს
ქალაქ კრაკოვში. ეს არის პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ადგილი, რომელიც ადრე
დედაქალაქი იყო. კრაკოვისთვის დამახასიათებელია
ძველებური სტილის ქუჩები და არქიტექტურა, რითაც გამორჩეულია ნანახი ყველა ქალაქისგან.
კრაკოვის ქუჩებში სეირნობისას გამიჩნდა შეგრძნება, თითქოს შუა საუკუნეებში ვმოგზაურობდი.

მაღაროში იყო რამდენიმე დარბაზი,
რომელთა სიგრძეც და სიგანეც რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს. საინტერესოა, რომ ეს დარბაზები
დღესაც აქტიურად გამოიყენება ქორწილების, კონცერტებისა თუ სხვადასხვა სახის ღონისძიებების
ჩასატარებლად.
მარილის მაღაროს ნახვის შემდეგ მოვიდა სადილის დრო,
რომელიც ისევ ჩვენს ახლადშეძენილ მეგობრებთან ერთ მაგიდასთან გავატარეთ საინტერესო
თემებზე საუბარში. დელეგაციის რამდენიმე წევრისაგან მივიღეთ შემოთავაზება ზამთრის არდადეგებისთვის
ვესტუმროთ მათ ქვეყნებს და საინტერესოდ გავატაროთ ახალი წლის დღეები.
ამასობაში მოსაღამოვდა. სადილის
დასრულების შემდეგ ჩვენი განრიგის მიხედვით შემდეგი ორი საათი ქალაქის დათვალიერებისთვის
უნდა დაგვეთმო. ჩვენი გიდი ენერგიული და ძალიან ხალისიანი ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელიც
კრაკოვის ქუჩებში გაგვიძღვა. პირველად მოვინახულეთ მთავარი ბაზრის მოედანი, რომელიც
მსგავსად ქალაქის სხვა შენობებისა, ძველებური სტილის დიზაინით იყო აგებული. მთავარი
ბაზრის მოედანი საკმაოდ ცნობილი ადგილია, რადგანაც ის არის მრავალი ისტორიული მოვლენის
ეპიცენტრი და ამავე დროს ყველაზე დიდი მოედანი ევროპაში.
საოცარია, რომ ამ ქალაქში
თითოეულ ნაგებობას თავისი მრავალწლიანი ისტორია აქვს. ჩვენი გიდი თითქმის ყველა ქუჩაზე
ჩერდებოდა, რომ ისტორიული შენობების წარსული მოეთხრო ჩვენთვის. ეს ახალგაზრდა საკმაოდ
განათლებული ადამიანი აღმოჩნდა. მან იცოდა არამარტო თავისი ქვეყნისა და ქალაქის ღირსშესანიშნაობები,
არამედ საქართველოსიც. როცა გაიგო, რომელი ქვეყნიდან ვიყავით, მაშინვე გვითხრა, რომ
კრაკოვის ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა ჩვენ ვერ
გაგვაოცებდა, მაგალითად ამ ქალაქის ყველაზე ძველი ქუჩა, რომელიც ათას წელს ითვლის.
თბილისში ხომ ამაზე უფრო ძველი ქუჩებიც გაქვთო, გვითხრა.

ხვალ კრაკოვში ყოფნის ბოლო
დღეა. ეს ქალაქი იმდენად ლამაზი და საინტერესოა თავისი ისტორიული ძეგლებით, რომ ეჭვი
მაქვს, აქ აუცილებლად დავბრუნდები. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ ჩვენი განრიგი
ცოტათი შეიცვალა. ქართველმა სტუდენტებმა სურვილი გამოვთქვით წავსულიყავითი აუშვიცის
საკონცენტრაციო ბანაკში. ამ ადგილას მოხვედრის სურვილი პირველად ორი წლის წინ გამოჩნდა,
როცა უნივერსიტეტში ისტორიის კურსს გავდიოდით. თემა იყო მეორე მსოფლიო ომი, რომლის
ფარგლებშიც პრეზენტაციის გაკეთება სწორედ ამ ბანაკზე მომიხდა. მაშინ ძალიან მომინდა
ამ ადგილების საკუთარი თვალით ხილვა, თუმცა ამ სურვილის განხორციელება საკმაოდ შორეული
და მიუღწეველი მეგონა.
იმ დროს ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ ყველა სურვილის ახდენის შესაძლებლობა ასე მალე მომეცემოდა.
მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ
ჩვენს ინიციატივას ოსვენციმში წასვლის შესახებ ბევრი მომხრე გამოუჩნდა დელეგაციის სხვა
წევრების სახით. ამიტომაც, განრიგი ცოტათი შეიცვალა: ნაწილი სტუდენტებისა ხვალ აუშვიცის
მოსანახულებლად მივდივართ, ხოლო ნაწილი კრაკოვში რჩება და ქალაქის დათვალიერებას განაგრძობს.
ნელ-ნელა ჩვენი პოლონური არდადეგები
დასასრულს უახლოვდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა ამ კონფერენციაში
მონაწილეობის მიღების, რადგანაც შევხვდი ძალიან საინტერესო ლექტორებს, ახალგაზრდებს,
მივიღე ბევრი ახალი ინფორმაცია და ჩემს სამშობლოში ვბრუნდები გამდიდრებული ცოდნითა
და გამოცდილებებით.
თეა ქელბაქიანი