Saturday, November 15, 2014

ბოლო დღე ვარშავაში - 8 ნოემბერი



მტრედისფრად ინათა ვარშავაში. მთელი ღამის განმავლობაში წვიმის წვეთები განუწყვეტლივ რაკუნობდნენ ფანჯრის რაფებზე. ეს გარემო თითოეული ჩვენგანისთვის კიდევ უფრო გაუსაძლისსა და საზარელს ხდიდა დილით ადრე ადგომას, მიუხედავად იმისა, რომ დამქანცველი საღამოს შემდეგ, ყველანი შეგუებული ვიყავით იმ აზრს, რომ დილის 9 სთ-ზე ყველანი ფოიეში უნდა შევკრებილიყავით ჩვენი ბარგი-ბარხანითა და ხელჩანთებით ხელში, რადგან კრაკოვისკენ მიმავალი მატარებელი 10 სთ-ზე გადიოდა. ასე რომ, ყველამ ჩვენს თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა იმისა, რომ ერთი კონკრეტული დელეგატის უპუნქტუალობის გამო მთელ დელეგაციას არ მოუწევდა ლოდინი. 
დილის სურათი ასეთია: გამოუძინებელი სახეები, დასიებულ-დაწითლებული თვალები და უამრავი სხვა მახასიათებლები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ადამიანურ სახეს გვიკარგავდა. ფოიეში ყველანი დროულად გამოვცხადდით, ამ ფაქტით გახარებული ჩვენი არაჩვეულებრივი მასპინძლები, წინ გაგვიძღვნენ. ჩვენ ჩანთებს ხელი ჩავავლეთ და ხმაურითა და დიდი ჟრიამულით გავემართეთ გასასველი კარისაკენ და ჰოი, საოცრებავ, ნისლში ჩაძირული ქალაქი, წვიმისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სუნით გაჟღენთილი ქუჩები, სახე საითაც არ უნდა მიაბრუნო, მაინც იდუმალი ეგოთი ხვდები, თუ როგორ დაგცქერის თავზე ბურუსში გახვეული ვარშავის ყველაზე მაღალი შენობა, კულტურისა და მეცნიერების სახლი. ამ დროს ინსტიქტურად ყველამ ფოტოაპარატები და მობილური ტელეფონები მოვიმარჯვეთ, რათა აღგვებეჭდა  ის სილამაზე, რომელიც ჩვენს თვალწინ გადაშლილიყო. 

როცა ფოტოების გადაღებას მოვრჩით, სადგურისკენ დავიძარით, დაახლოებით 15 წუთში მატარებლის წინ აღმოვჩნდით, დიდი ვაი-ვაგლახით მოვახერხეთ მატარებელში მოთავსება, უბილეთო მგზავრებსა და  დაუპატიჟებელ სტუმრებს ჩვენი კუთვნილი ადგილები დაეკავებინათ, მაგრამ ეს პრობლემა ორგანიზატორების დახმარებით მალევე მოგვარდა. მე ჩემს საყვარელ ადგილზე ღია სარკმელთან მოვკალათდი და ჰორიზონტების ათვისება დავიწყე. სიყვითლე, სიყვითლე, ირგვლივ! ჯარად ჩაწყობილი ულამაზესი ფორმისა და ზომის ხეები, დამუშავებული და დაუმუშავებელი მიწების თვალუწვდენელი მწკრივები, რომლებზეც ბალახს ეს-ესაა ამოეწვერა და ისე ხასხასებდა, ნებისმიერ მნახველს ეგონებოდა ფლომასტრით აფერადებენო.

გზას ვარშავადან კრაკოვამდე დაახლოებით 4 საათი დასჭირდა, როგორც კი სადგურში მატარებელი შევიდა, მალევე ჩამოვბარგდით და ჰოსტელისკენ გავემართეთ, ჩანთები უმისამართოდ შევყარეთ ოთახში და სასადილოდ გავემართეთ ახლომდებარე რესტორანში. რესტორნისკენ მიმავლებს  კრაკოვის ცენტრის გადაკვეთა მოგვიწია, სადაც  თვალში მოგვხვდა ქართული რესტორანი, რომელიც ხალხით იყო გადაჭედილი. ჩვენ თვალწინ აღიმართა უძველესი შენობები და სასახლეები და შემდეგი სიტყვები აღმოგვხდა თითოეული ჩვენგანგანს: "აი, ეს მესის!", " ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა!", "ვაიმე!"  
მალე  რესტორანში აღმოვჩნდით, სადაც ტრადიციული პოლონური კერძები დავაგემოვნეთ, შემდეგ კი გეგმაში ქალაქის დათვალიერება იყო, გიდი, რომელიც უცნობ ქუჩებში წინ მიგვიძღვოდა არაჩვეულებრივი მოსაუბრე აღმოჩნდა, მის მიერ მოყოლილი ისტორიები  იმდენად საინტერესო იყო, არავის მოსვლია აზრად, ერთი სიტყვაც კი ყურებს მიღმა გაეშვა. 

როდესაც სითი-ტურს მოვრჩით, ჩვენთვის სიურპრიზი იყო დაგეგმილი, რომლის შესახებ არავინ არაფერი ვიცოდით, ვიდექით გაჩერებაზე და ველოდით რაღაც ამოუცნობს. სწორედ ამ დროს ჩვენ წინ გაჩერდა ტრამვაი, რომელიც შიგნიდან ლურჯ, წითელ და მწვანე ფერებში ციმციმებდა, ორგანიზატორებმა შიგნით შესვლისკენ მოგვიწოდეს, ჩვენც მალევა შიგნით აღმოვჩნდით და ტრამვაიც დაიძრა. ის ჩვენთვის უცნობი მიმართულებით მიდიოდა ჩვენ კი სასიამოვნო მუსიკას ვუსმენდით, ცოტ-ცოტას ვსვამდით, მონაწილეები ერთმანეთს კიდევ უფრო კარგად ვიცნობდით, ვუახლოვდებოდით და ამასთანავე ქალაქს ვათვალიერებდით. გადავიღეთ უამრავი ფოტო, რომელიც ამ დაუვიწყარი დღის დასტური იქნება მომავალში.

Thursday, November 13, 2014

ვარშავა - 7 ნოემბერი

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კონფერენციებში მონაწილეობა მიყვარს - ეს სალექციო ნაწილია, რომელზეც კონკრეტული დარგის სპეციალისტები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მსმენელებს. ასეთი შეხვედრა შედგა სამუშაო იარაღებისა და ხელსაწყოების მწარმოებელი კომპანია Topex-ის მარკეტინგის მენეჯერთან. გამოწვევა მდგომარეობდა მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტებს შორის აზრთა სხვადასხვაობის ფონზე კომპანიის წინსვლის უზრუნველყოფაში. სპიკერმა კარგად დაგვანახა ის, თუ რა წარმოშობს ამ შეუთანხმებლობას: ერთის მხრივ, მარკეტინგის დეპარტამენტი გრძელვადიან შედეგზეა ორიენტირებული თავისი კამპანიით, იმ დროს, როდესაც გაყიდვების წარმომადგენლები მოკლევადიან შედეგზე ზრუნავენ და უმთავრესად გეგმის შესრულებით არიან დაინტერესებულნი. სწორედ ამ ორი მიმართულების კოორდინირებაზე  ზრუნავს trade marketing და ეს სირთულე იდგა Topex-ის წინაშეც. ლექციაზე გავიგეთ ის, თუ რა კამპანიები დაგეგმა და განახორციელა ორგანიზაციამ და რა შედეგები იქონია ამან მის ფინანსურ მაჩვენებლებსა და მომხმარებელთა ცნობიერებაზე. ლექციის დასრულების შემდეგ, გვქონდა საშუალება კითხვები დაგვესვა  სპიკერისთვის და კიდევ უფრო მეტი გაგვეგო იმაზე, რამაც განსაკუთრებულად დაგვაინტერესა.

მცირე შესვენების შემდეგ დაიწყო მეორე, არანაკლებ დასამახსოვრებელი ლექცია, რომელსაც საერთაშორისო კომპანია Procter & Gamble-ის წარმომადგენლები წარუძღვნენ. პოლონეთის დეპარტამენტის მარკეტინგის მენეჯერმა მოგვიყვა ის, თუ როგორ აშენებენ P&G-ის სახით ბრენდს, რომელიც მომხმარებლებს უყვართ. განსაკუთრებულად საინტერესოა ის ასპექტი, რომ აღნიშნული კომპანია არ აწარმოებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, მაგალითად ტანსაცმელს, ტექნიკას ან მანქანებს. ამის საპირისპიროდ, P&G ისეთ სფეროში მოღვაწეობს, რომელშიც სხვადასხვა ბრენდის პროდუქტი ძალიან ჰგავს ერთმანეთს მომხმარებლისათვის მინიჭებული სარგებლის თვალსაზრისით. ზუსტად ამიტომ, მარკეტინგის დეპარტამენტის ამოცანაა მყიდველს ბრენდი შეაყვაროს და ალტერნატივებზე ფიქრის ნაცვლად, პროდუქტის საჭიროების დროს ერთადერთი კომპანია გაახსენოს. ვნახეთ რამდენიმე ძალიან ეფექტური და ამავდროულად სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი, და გავეცანით მათი შექმნისას გამოყენებულ სამუშაო პირამიდას. ვორქშოპის დროს დასმულ კითხვებზე სწორი პასუხისას სპიკერი P&G-ის პროდუქციით აჯილდოვებდა მონაწილეებს და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს არაერთი პრიზი გვერგო. დასასრულს, ადამიანური რესურსების მენეჯერმა, ორგანიზაციაში დასაქმების რეალურ პერსპექტივებზე გვესაუბრა და ონლაინ განაცხადის შევსება შემოგვთვაზა. ლექციის დამთავრების შემდეგ კითხვარები დაგვირიგეს, რომლითაც ჩვენი აზრის გაგება სურდათ ჩატარებული ვორქშოპის შესახებ. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებული კომპანიებისთვის მომხმარებლებისა და ზოგადად დაინტერესებული პირების მოსაზრებები.

სადილისა და მცირე დასვენების შემდეგ, გაუარესებულმა ამინდმა, საბედნიეროდ, ხელი არ შეგვიშალა ე.წ „ქალაქში თამაშისაგან“, რაც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აქტივობა აღმოჩნდა მთელი ვიზიტის განმავლობაში. კონფერენციის მონაწილეები 5 კაციან ჯგუფებად დავიყავით. ორგანიზატორებმა თითოეულ ჯგუფს თითო კოორდინატორი მოგვამაგრეს, ქალაქის რუკა მოგვცეს, რომელზეც დანიშნულების ადგილები იყო აღნიშნული და მათ შესასრულებლად გაგვაგზავნეს. პირველი დავალება იყო 3 პოლონური ენის გასატეხის დამახსოვრება და რომელიმე ადგილობრივისთვის მათი დაწერის თხოვნა. პატარა ხერხს მივმართეთ და ენის გასატეხები ტელეფონში ჩავიწერეთ, რის გამოც პირველი დაბრკოლების შესრულება არ გაგვჭირვებია. მეორე დავალების დროს ჩვენი პოლონელი კოორდინატორის სახე ფერადი საღებავებით მოვხატეთ. მესამეზე საოცარი ფიგურები წარმოვადგინეთ - მაგალითად შევძელით 5 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში დავმდგარიყავით ისე, რომ მიწას მხოლოდ 3 ფეხი და 2 ხელი დაყრდნობოდა. მეოთხეზე უკვე სიცილით შემოვატარეთ თვალახვეული ნიკა ვარშავის მეფის ძეგლს კოვზზე დადებული კვერცხით ხელში. მეხუთეზე ბევრი ვიფიქრეთ კოდირებული ფრაზა რომ ამოგვეკითხა, და ბოლოს უკვე გვანცას მივანდეთ ჩამოწერილ სიტყვებზე სიმღერის იმპროვიზაცია.


დღე ფინალური ბანკეტით დამთავრდა, სადაც საზეიმოდ გადმოგვეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და პოლონური სუვენირები. სალექციო ნაწილის დამთავრება შამპანურით და ფურშეტით აღვნიშნეთ. სიურპრიზი იყო ტორტი, რომელზეც კონფერენციის ფოტოები იყო გამოსახული. ბევრი ფოტო გადავიღეთ, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ და დღე კლუბში განტვირთვით დავამთავრეთ.

Monday, November 10, 2014

ვარშავა - 6 ნოემბერი


კონფერენციის მეორე დღე ჰოსტელში საუზმით დაიწყო. წინა ღამის კლუბური გართობის შემდეგ საკმაოდ რთული აღმოჩნდა დილით ადრე ადგომა.
უნივერსიტეტში ვიზიტამდე მასპინძელმა ორგანიზატორებმა ვარშავის ყველაზე მაღალ შენობაში - კულტურისა და მეცნიერების ცენტრში წაგვიყვანეს. შენობიდან იშლება ხედი მთელ ქალაქზე. ხედი საკმაოდ კონტრასტულია - ცათამბჯენებსა და ინდუსტრიულ ცენტრებთან ერთად მოჩანს რესტავრირებული ძველი ქალაქი, რომელიც გაშენებულია მდინარე ვისლას ნაპირზე.

უნივერსიტეტში 2 ლექცია ჩატარდა, რა თქმა უნდა ისევ მარკეტინგის თემატიკაზე. პირველი ლექცია შეეხებოდა "ადგილის მენეჯმენტს" - ათენის ოლიმპიადის მაგალითზე გავარჩიეთ სტრატეგია, რომელიც ქვეყანამ უნდა დასახოს იმისათვის, რომ კონკრეტული ტურისტული მდებარეობა პოპულარული გახდეს ან შეიცვალოს მსოფლიოს დამოკიდებულება მის მიმართ.
მეორე ლექციის თემა იყო რებრენდინგი - როგორ უნდა მოხდეს ბრენდის შეცვლა ნეგატიური შედეგების გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ლექციებს არა ლექტორები, არამედ პრაქტიკოსი ბიზნესმენები გვიტარებდნენ და მათი ლექციები რეალურ გამოცდილებაზე იყო დამყარებული.

ლექციების შემდეგ წავედით უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის კაფეტერიაში, სადაც პოლონური ნაციონალური კერძები დავაგემოვნეთ.

დაახლოებით 4 საათისთვის უკვე ჩამობნელდა და ჯგუფი ქალაქის ძველ ნაწილის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს. ჩვენი გიდი ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. საკმაოდ საინტერესო ტექსტებით, რომელიც შეჯერებული იყო იუმორით, საკმაოდ ბევრი რამ გავიგეთ ვარშავის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის 90% დაინგრა. მართლაც საოცარია, როგორ მოახერხეს ქალაქი ასე კარგად აღედგინათ სულ რაღაც 7 წელში. დაცულია სტილი და ამავდროულად შენობებისთვის მიცემულია სიძველის ეფექტი. ექსკურსიის შემდეგ დავაგემოვნეთ ყველაზე პოპულარული პოლონური კერძი "პიეროგი" - ვარენიკები განსხვავებული შიგთავსით.
როგორც ყოველი დღე, ესეც სავსე გახლდათ გასართობებით - ჰოსტელთან ახლოს მდებარე პაბში დაღლილობა პოლონური ლუდით განვიქარვეთ.

პირველი დღე ვარშავაში - 5 ნოემბერი

ვარშავის აეროპორტში გამთენიისას ჩასულებს, ორგანიზატორები დაგვხვდნენ და წაგვიყვანეს ჰოსტელში, სადაც დანარჩენი მონაწილეები უკვე შეკრებილიყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჰოსტელში განთავსების შემდეგ წავედით "ვარშავის ეკონომიკის სკოლაში". 

პირველი ვორქშოფი ჩაატარა "ბენესო"-ს წარმომადგენელმა. სტარტაპ ბიზნესის სხვადასხვა ფაზებზე 15 წუთიამი მოხსენების შემდეგ, 4-4 კაციანმა ჯგუფებმა საპრეზენტაციოდ მოვამზადეთ ჩვენი ბიზნეს იდეა.

ვორქშოფის შემდეგ ლექცია წაიკითხეს "Saatchi&Saatchi"-ის მარკეტოლოგებმა, რომლებმაც მარკეტინგის ისტორია მიმოიხილეს, გაგვაცნეს არაერთი საინტერესო მაგალითი.


ლანჩის შემდეგ მოვინახულეთ ვარშავის მეცნიერების ცენტრი, სადაც საკუთარი ხელით შეგიძლია ჩაატარო ფიზიკური კანონების საილუსტრაციო საინტერესო ექსპერიმენტები.

საღამოს დაგეგმილი იყო პირველი წვეულება ვარშავის ერთ-ერთ კლუბში. წვეულებაზე მონაწილეები და პოლონელი ორგანიზატორები უკეთ გავიცანით. კლუბიდან გვიან დაბრუნებულები უკვე შემდეგ დღეზე ვფიქრობდით.

Friday, October 31, 2014

გაეროს მოდელირება სალერნოში (გაგრძელება)

მოდელირების მე-3 დღემაც არანაკლებ საინტერესოდ ჩაიარა. დებატებმა კიდევ უფრო აქტიური სახე მიიღო და კამათიც იმიგრაციის თემის გარშემო გაცხარდა. იდეათა დაპირისპირება ძირითადად გამოიწვია საზღვრების გაძლიერებისაკენ მიმართული ფონდების ბიუჯეტის განაწილების მექანიზმმა. დელეგატთა ნაწილი თვლიდა, რომ თანხა თანაბრად უნდა განაწილებულიყო ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან სხვა შემთხვევაში ადგილი ექნებოდა უსამართლობას; თუმცა წარმომადგენელთა მეორე მხარე მიიჩნევდა, რომ ასეთი პროპორციული დაყოფა არ მოიტანდა კარგ შედეგს და ფონდების ბიუჯეტი უნდა გადანაწილებულიყო საჭიროებისამებრ. დებატები დასრულდა აბსოლუტური კონსესუსით, რაც ნიშნავდა იმას, რომ საკომიტეტო სამუშაოები უნდა გადასულიყო ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაზე - რეზოლუციის შემუშავებაზე. აღნიშნული პროცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან Working Paper საჭიროებდა ცვლილებებს. კამათი რეზოლუციის შემუშავების დროსაც აქტიურად გაგრძელდა, რადგან Working Paper-ის შესწორებისას კომიტეტის პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე ამოიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რამაც უკმაკოფილება გამოიწვია საბერძნეთისა და კვიპროსის დელეგატებში. აღნიშნული გარემოებების გამო, რეზოლუციის შემუშავების საბოლოო ეტაპი შემდეგი სესიისათვის გადაიდო.   

ხანგრძლივი კამათისა და შრომის შემდეგ მეოთხე დღეს მივიღეთ პირველი რეზოლუცია, უკანონო იმიგრაციის შესახებ. ჩვენ განვიხილავდით ჩრდილოეთ აფრიკიდან და შუა აზიიდან ევროპაში არაკანონიერად გადაადგილებული ადამიანების საკითხს, რომელთა რიცხვიც საკმაოდ გაიზარდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ისლამური სახელმწიფოს ქმედებების შემდეგ. ჩვენ უნდა მოგვეძებნა გამოსავალი, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად სამხრეთ ნაწილში არიან განლაგებულნი, რამენაირად დავხმარებოდით იმიგრანტების მიღებაში, გადანაწილებაში და შემდეგ მათ მოვლაში. ასევე მოგვეძებნა გზები, იმიგრანტების მშობლიური ქვეყნებიდან არალეგალურად წამოსვლის თავიდან ასაცილებლად. თვითონ სამუშაო პროცესი ძალიანი საინტერესო იყო და შედეგიც კარგი მივიღეთ. რეზოლუციას ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მისი შინაარსი კი ასეთი იყო - პირველ რიგში ის, რომ ევროკავშირს უნდა გაეხანგრძლივებინა და უფრო მეტად უნდა დაეფინანსებინა სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ამ საკითზე მუშაობენ. მაგალითად, ერთერთი მათგანი  Asylum Migration and Integration Fund (AMIF), რომლის ბიუჯეტის გაზრდაც იმის ხარჯზე ხდება, რომ ყველა ევროკავშირის წევრს მოეთხოვება მისი დაფინანსება, თუმცა ყველას სხვადასხვაგვარად, რაოდენობის განმსაზღვრელი ძირითადად GDP და ცალკეული ქვეყნის, საკუთარი ბიუჯეტიდან არაკანონიერ იმიგრანტებზე დახარჯული თანხა იქნება. ასევე შევიმუშავეთ გეგმა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის ქვეყნებმა დადგენილი თანხა და მივიღეთ სპეციალური დადგენილება, რომ ყველაფერზე, რაც ამ ფონდიდან დახარჯულ თანხას შეეხება, ქვეყნებმა სისტემატიურად უნდა წარმოადგინონ რეპორტები, რადგან არ მოხდეს მისი არასწორად დახარჯვა. ეს რეზოლუცია კიდევ რამდენიმე პუნქტს მოიცავს, თუმცა დანარჩენებს აღარ გავიხილავ.

შემდეგ დაიწყო, როგორც აღმოჩნდა, ყველასთვის დიდად საინტერესო ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის განმხილველი სამიტი. რუსეთის წარმომადგენელი, რომელიც იტალიელი იყო, ძალიან კარგი და გამოცდილი დელეგატი აღმოჩნდა, რამაც დებატები კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ძირითადი საკითხები უკრაინის კრიზისი, სავაჭრო ურთიერთობები და რუსეთის ენერგეტიკული მარაგი იყო. ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნა იყო, რუსეთს შეეწყვიტა ყირიმის ანექსაცია და გაეყვანა ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. მხოლოდ ამის შემდეგ განიხილებოდა სანქციების შეწყვეტის საკითხი. რუსეთიც, თავის მხრივ, არ აღიარებდა საკუთარი ქმედებების არალეგალურობას და ამბობდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან რუსი ჯარისკაცები. ამ დღეს ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ რუსეთთან, რადგან დროც შედარებით ნაკლები იყო დარჩენილი.

დადგა სხდომების ბოლო დღეც, თუმცა რუსეთის ფედერაციასთან მცირე შეთანხმებაც კი არ გვქონია და დღის პირველი ნაწილი ისევ კამათს დავუთმეთ. შემდეგ მივხვდით, რომ დრო ძალიან ცოტა გვრჩებოდა და რაიმე გადაწყვეტილებამდე უნდა მივსულიყავით. გადაწყვეტილებას, წინა თემისგან განსხვავებით, რეზოლუციის სახე არ უნდა ჰქონოდა. ჩვენ უნდა მიგვეღო ან შენთანხმება, რომელსაც ევროკავშირის ყველა ქვეყანა და რუსეთის ფედერაციაც ეთანხმებოდა, ან დეკლარაცია, რომელსაც მხოლოდ ევროკავშირის რამოდენიმე ქვეყანა და რუსეთის ფედერაცია ეთანხმებოდნენ.
დიდი ხნის მუშაობის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელთან ერთად ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე პუნქტი, რომლებზეც შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. ის ძირითადად მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
  • ევროკავშირის სანქციები არ შეეხებოდა რუსეთის ბუნებრივი აირის მარაგს.
  • რუსეთის ფედერაციაც თავის მხრივ თანხმდებოდა, რომ არ მოხდებოდა ფასების ხელოვნურად აწევა.
  • შემზღუდველი ზომები არ უნდა შეხებოდა იმ ნავთობ-კომპანიებს, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ რუსეთის მთავრობას.
შეთანხმებაში საუბარი იყო რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების გაზრდაზე და სხვა.


საბოლოოდ, ჩვენ ვეცადეთ გვეპოვა გზა, რომ ევროკავშირის პრინციპებიდან გადახვევის გარეშე მაქსიმალურად შეგვემცირებინა მოკავშირე ქვეყნებისთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანი. ამ შეთანხმებასაც ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი .

Friday, October 3, 2014

პირველი დღეები სალერნოში

საქართველოს პირველად ჰქონდა პატივი მიეღო მონაწილეობა გაეროს მოდელირებაში, რომელიც ჩატარდა იტალიაში, კერძოდ სალერნოში.  პირველი დღე დიდი დაძაბულობით არ გამოირჩეოდა . პირველ რიგში ჩატარდა გახსნის ცერემონიალი , რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ UNISAMUN –ის პრეზიდენტი მირკო მონტური , ასევე UNISAMUN2014 -ის გენერალური მდივანი ნორბერტ ჟერნიაკი, მონაწილეობისთვის მადლობა გადაგვიხადა და წარმატება გვისურვა სალერნოს უნივერსიტეტის რექტორმა აურელიო ტომასეტიმ.

სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ფლორენციიდან მოწვეულია ამერიკის გენერალური კონსული კოლომბია ა. ბაროსე, რომელმაც ისაუბრა თუ როგორი მნიშვნელოვანია ასეთ პროექტებში მონაწილეობის მიღება , თუ რა დიდი გამოცდილების მიღება შეიძლება და განსაკუთრებით მნიშველოვანია მათვის ასეთ პროექტში მონაწილეობა , ვინც თავის კარიერას დიპლომატიის კუთხით აგრძელებს. გახსნის ცერემონიის შემდეგ ჩვენმა Chairperson-ებმა გაგვაცნეს ის ძირითადი წესები , რომელიც უნდა იყოს დაცული სესიების დროს. ამის შემდეგ განვიხილეთ საკითხი უნდა იყოს თუ არა იტალიური სამზარეულო გავრცელებული ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ყველა პროცედურის დაცვისა და დებატების შემდეგ გამოტანილ იქნა დასკვნა , რომ იტალიური სამზარეულო იქნება პრიორიტეტული იმ შემხვევაში თუ უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციის ხარისხი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი საკვები. ევროპულ კომიტეტს სტუმრად ჰყავდა ექსპერტი , რომელთან ერთადაც განვიხილეთ რუსეთთან დაკავშირებული საკითხები ევროპასთან და უკრაინასთან მიმართებაში. აქ საქართველოს დელეგაციასა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გაიმართა დაძაბული დებატები. 

საერთო ჯამში დღემ პროდუქტიულად ჩაიარა , მივიღეთ საკმაო ინფორმაციია პროცედურების შესახებ და საღამოს  ავღნიშნეთ პროექტის ოფიციალური გახსნა.

მეორე დღეს უკვე დავიწყეთ მუშაობა პირველ მთავარ თემაზე: იმიგრაცია ევროკავშირში. დასაწყისიდანვე საკმაოდ საინტერესო გამოდგა, რადგან გახსნითი განცხადებების შემდეგ დაიწყო საკმაოდ საინტერესო დებატები. შეიძლება ითქვას, რომ რეზოლუციის საწყისი ვარიანტის ჩამოყალიბებას დიდი გართულებებით არ ჩაუვლია. მივედით იმ დასკვნამდე, რომ უნდა მოხდეს ქვეყნების დაფინანსება და ასევე ვმუშაობთ „Frontex” ის პროგრამაზე. დანიის წარმომადგენელმა დასვა საკითხი, რომ უსამართლობაა ყველა ქვეყანამ თანაბარი თანხა გადაიხადოს, ამიტომ ვმუშაობთ ბიუჯეტის შედგენის ვარიანტზე. ყველაზე რეალური არის რაღაც პროცენტის აღება თითოეული ქვეყნის GDP დან. რეზოლუცია საბოლოო სახეს მესამე დღეს მიიღებს.