ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კონფერენციებში მონაწილეობა
მიყვარს - ეს სალექციო ნაწილია, რომელზეც კონკრეტული დარგის სპეციალისტები საკუთარ გამოცდილებას
უზიარებენ მსმენელებს. ასეთი შეხვედრა შედგა სამუშაო იარაღებისა და ხელსაწყოების მწარმოებელი
კომპანია Topex-ის მარკეტინგის მენეჯერთან. გამოწვევა მდგომარეობდა მარკეტინგისა და
გაყიდვების დეპარტამენტებს შორის აზრთა სხვადასხვაობის ფონზე კომპანიის წინსვლის უზრუნველყოფაში.
სპიკერმა კარგად დაგვანახა ის, თუ რა წარმოშობს ამ შეუთანხმებლობას: ერთის მხრივ, მარკეტინგის
დეპარტამენტი გრძელვადიან შედეგზეა ორიენტირებული თავისი კამპანიით, იმ დროს, როდესაც
გაყიდვების წარმომადგენლები მოკლევადიან შედეგზე ზრუნავენ და უმთავრესად გეგმის შესრულებით
არიან დაინტერესებულნი. სწორედ ამ ორი მიმართულების კოორდინირებაზე ზრუნავს trade marketing და ეს სირთულე იდგა Topex-ის
წინაშეც. ლექციაზე გავიგეთ ის, თუ რა კამპანიები დაგეგმა და განახორციელა ორგანიზაციამ
და რა შედეგები იქონია ამან მის ფინანსურ მაჩვენებლებსა და მომხმარებელთა ცნობიერებაზე.
ლექციის დასრულების შემდეგ, გვქონდა საშუალება კითხვები დაგვესვა სპიკერისთვის და კიდევ უფრო მეტი გაგვეგო იმაზე,
რამაც განსაკუთრებულად დაგვაინტერესა.
მცირე შესვენების შემდეგ დაიწყო მეორე, არანაკლებ დასამახსოვრებელი
ლექცია, რომელსაც საერთაშორისო კომპანია Procter & Gamble-ის წარმომადგენლები წარუძღვნენ.
პოლონეთის დეპარტამენტის მარკეტინგის მენეჯერმა მოგვიყვა ის, თუ როგორ აშენებენ P&G-ის
სახით ბრენდს, რომელიც მომხმარებლებს უყვართ. განსაკუთრებულად საინტერესოა ის ასპექტი,
რომ აღნიშნული კომპანია არ აწარმოებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლის განსაკუთრებული
სიყვარულით გამოირჩევიან, მაგალითად ტანსაცმელს, ტექნიკას ან მანქანებს. ამის საპირისპიროდ,
P&G ისეთ სფეროში მოღვაწეობს, რომელშიც სხვადასხვა ბრენდის პროდუქტი ძალიან ჰგავს
ერთმანეთს მომხმარებლისათვის მინიჭებული სარგებლის თვალსაზრისით. ზუსტად ამიტომ, მარკეტინგის
დეპარტამენტის ამოცანაა მყიდველს ბრენდი შეაყვაროს და ალტერნატივებზე ფიქრის ნაცვლად,
პროდუქტის საჭიროების დროს ერთადერთი კომპანია გაახსენოს. ვნახეთ რამდენიმე ძალიან ეფექტური
და ამავდროულად სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი, და გავეცანით მათი შექმნისას გამოყენებულ
სამუშაო პირამიდას. ვორქშოპის დროს დასმულ კითხვებზე სწორი პასუხისას სპიკერი P&G-ის
პროდუქციით აჯილდოვებდა მონაწილეებს და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს არაერთი
პრიზი გვერგო. დასასრულს, ადამიანური რესურსების მენეჯერმა, ორგანიზაციაში დასაქმების
რეალურ პერსპექტივებზე გვესაუბრა და ონლაინ განაცხადის შევსება შემოგვთვაზა. ლექციის
დამთავრების შემდეგ კითხვარები დაგვირიგეს, რომლითაც ჩვენი აზრის გაგება სურდათ ჩატარებული
ვორქშოპის შესახებ. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
წარმატებული კომპანიებისთვის მომხმარებლებისა და ზოგადად დაინტერესებული პირების მოსაზრებები.
სადილისა და მცირე დასვენების შემდეგ, გაუარესებულმა
ამინდმა, საბედნიეროდ, ხელი არ შეგვიშალა ე.წ „ქალაქში თამაშისაგან“, რაც ერთ-ერთი ყველაზე
დასამახსოვრებელი აქტივობა აღმოჩნდა მთელი ვიზიტის განმავლობაში. კონფერენციის მონაწილეები
5 კაციან ჯგუფებად დავიყავით. ორგანიზატორებმა თითოეულ ჯგუფს თითო კოორდინატორი მოგვამაგრეს,
ქალაქის რუკა მოგვცეს, რომელზეც დანიშნულების ადგილები იყო აღნიშნული და მათ შესასრულებლად
გაგვაგზავნეს. პირველი დავალება იყო 3 პოლონური ენის გასატეხის დამახსოვრება და რომელიმე
ადგილობრივისთვის მათი დაწერის თხოვნა. პატარა ხერხს მივმართეთ და ენის გასატეხები
ტელეფონში ჩავიწერეთ, რის გამოც პირველი დაბრკოლების შესრულება არ გაგვჭირვებია. მეორე
დავალების დროს ჩვენი პოლონელი კოორდინატორის სახე ფერადი საღებავებით მოვხატეთ. მესამეზე
საოცარი ფიგურები წარმოვადგინეთ - მაგალითად შევძელით 5 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში
დავმდგარიყავით ისე, რომ მიწას მხოლოდ 3 ფეხი და 2 ხელი დაყრდნობოდა. მეოთხეზე უკვე
სიცილით შემოვატარეთ თვალახვეული ნიკა ვარშავის მეფის ძეგლს კოვზზე დადებული კვერცხით
ხელში. მეხუთეზე ბევრი ვიფიქრეთ კოდირებული ფრაზა რომ ამოგვეკითხა, და ბოლოს უკვე გვანცას
მივანდეთ ჩამოწერილ სიტყვებზე სიმღერის იმპროვიზაცია.
დღე ფინალური ბანკეტით დამთავრდა, სადაც საზეიმოდ
გადმოგვეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და პოლონური
სუვენირები. სალექციო ნაწილის დამთავრება შამპანურით და ფურშეტით აღვნიშნეთ. სიურპრიზი
იყო ტორტი, რომელზეც კონფერენციის ფოტოები იყო გამოსახული. ბევრი ფოტო გადავიღეთ,
ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ და დღე კლუბში განტვირთვით დავამთავრეთ.
No comments:
Post a Comment