
მტრედისფრად ინათა ვარშავაში. მთელი ღამის განმავლობაში წვიმის წვეთები განუწყვეტლივ
რაკუნობდნენ ფანჯრის რაფებზე. ეს გარემო თითოეული ჩვენგანისთვის კიდევ უფრო გაუსაძლისსა
და საზარელს ხდიდა დილით ადრე ადგომას, მიუხედავად იმისა, რომ დამქანცველი საღამოს შემდეგ, ყველანი შეგუებული ვიყავით იმ აზრს, რომ დილის 9 სთ-ზე ყველანი ფოიეში უნდა შევკრებილიყავით ჩვენი ბარგი-ბარხანითა და ხელჩანთებით ხელში, რადგან
კრაკოვისკენ მიმავალი მატარებელი 10 სთ-ზე გადიოდა. ასე რომ, ყველამ ჩვენს თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა იმისა, რომ ერთი კონკრეტული დელეგატის უპუნქტუალობის გამო მთელ დელეგაციას
არ მოუწევდა ლოდინი.
დილის სურათი ასეთია: გამოუძინებელი სახეები, დასიებულ-დაწითლებული
თვალები და უამრავი სხვა მახასიათებლები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ადამიანურ სახეს გვიკარგავდა. ფოიეში ყველანი დროულად გამოვცხადდით, ამ ფაქტით
გახარებული ჩვენი არაჩვეულებრივი მასპინძლები, წინ გაგვიძღვნენ. ჩვენ ჩანთებს ხელი ჩავავლეთ
და ხმაურითა და დიდი ჟრიამულით გავემართეთ გასასველი კარისაკენ და ჰოი, საოცრებავ,
ნისლში ჩაძირული ქალაქი, წვიმისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სუნით გაჟღენთილი ქუჩები,
სახე საითაც არ უნდა მიაბრუნო, მაინც იდუმალი ეგოთი ხვდები, თუ როგორ დაგცქერის თავზე
ბურუსში გახვეული ვარშავის ყველაზე მაღალი შენობა, კულტურისა და მეცნიერების სახლი.
ამ დროს ინსტიქტურად ყველამ ფოტოაპარატები და მობილური ტელეფონები მოვიმარჯვეთ, რათა აღგვებეჭდა ის სილამაზე, რომელიც ჩვენს
თვალწინ გადაშლილიყო.

როცა ფოტოების გადაღებას მოვრჩით, სადგურისკენ დავიძარით, დაახლოებით 15 წუთში მატარებლის წინ აღმოვჩნდით, დიდი ვაი-ვაგლახით მოვახერხეთ მატარებელში მოთავსება, უბილეთო მგზავრებსა და დაუპატიჟებელ სტუმრებს ჩვენი კუთვნილი ადგილები
დაეკავებინათ, მაგრამ ეს პრობლემა ორგანიზატორების დახმარებით მალევე მოგვარდა. მე ჩემს საყვარელ ადგილზე ღია სარკმელთან მოვკალათდი და ჰორიზონტების ათვისება
დავიწყე. სიყვითლე, სიყვითლე, ირგვლივ! ჯარად ჩაწყობილი ულამაზესი ფორმისა და ზომის
ხეები, დამუშავებული და დაუმუშავებელი მიწების თვალუწვდენელი მწკრივები, რომლებზეც
ბალახს ეს-ესაა ამოეწვერა და ისე ხასხასებდა, ნებისმიერ მნახველს ეგონებოდა ფლომასტრით
აფერადებენო.

გზას ვარშავადან კრაკოვამდე დაახლოებით 4 საათი დასჭირდა,
როგორც კი სადგურში მატარებელი შევიდა, მალევე ჩამოვბარგდით და ჰოსტელისკენ გავემართეთ,
ჩანთები უმისამართოდ შევყარეთ ოთახში და სასადილოდ გავემართეთ ახლომდებარე რესტორანში. რესტორნისკენ მიმავლებს კრაკოვის ცენტრის გადაკვეთა მოგვიწია, სადაც თვალში მოგვხვდა ქართული რესტორანი, რომელიც ხალხით
იყო გადაჭედილი. ჩვენ თვალწინ აღიმართა უძველესი შენობები და სასახლეები და შემდეგი
სიტყვები აღმოგვხდა თითოეული ჩვენგანგანს: "აი, ეს მესის!", " ღმერთო
ჩემო, რა სილამაზეა!", "ვაიმე!"
მალე რესტორანში აღმოვჩნდით, სადაც ტრადიციული
პოლონური კერძები დავაგემოვნეთ, შემდეგ კი გეგმაში ქალაქის დათვალიერება იყო, გიდი,
რომელიც უცნობ ქუჩებში წინ მიგვიძღვოდა არაჩვეულებრივი მოსაუბრე აღმოჩნდა, მის მიერ
მოყოლილი ისტორიები იმდენად საინტერესო იყო, არავის მოსვლია აზრად, ერთი სიტყვაც კი ყურებს მიღმა გაეშვა.

როდესაც სითი-ტურს მოვრჩით,
ჩვენთვის სიურპრიზი იყო დაგეგმილი, რომლის შესახებ არავინ არაფერი ვიცოდით, ვიდექით
გაჩერებაზე და ველოდით რაღაც ამოუცნობს. სწორედ ამ დროს ჩვენ წინ გაჩერდა ტრამვაი,
რომელიც შიგნიდან ლურჯ, წითელ და მწვანე ფერებში ციმციმებდა, ორგანიზატორებმა შიგნით
შესვლისკენ მოგვიწოდეს, ჩვენც მალევა შიგნით აღმოვჩნდით და ტრამვაიც დაიძრა. ის ჩვენთვის
უცნობი მიმართულებით მიდიოდა ჩვენ კი სასიამოვნო მუსიკას ვუსმენდით, ცოტ-ცოტას ვსვამდით,
მონაწილეები ერთმანეთს კიდევ უფრო კარგად ვიცნობდით, ვუახლოვდებოდით და ამასთანავე
ქალაქს ვათვალიერებდით. გადავიღეთ უამრავი ფოტო, რომელიც ამ დაუვიწყარი დღის დასტური
იქნება მომავალში.