2013 წლის მაისი თურქეთმა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით დაასრულა.
არეულობა თურქეთში რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ერდოღანის მთავრობის გადაწყვეტილებამ,
გეზის პარკის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აეშენებინათ, პროტესტის დიდი ტალღა გამოიწყვია.
მოგვიანებით დემოსტრანტრთა მოთხოვნები შეიცვალა.
მათ ქვეყნის ახლანდელი პრემიერ–მინისტრის რეჯიფ თაიფ ერდოღანისა და მისი მთავრობის
გადადგომა სურდათ...
ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე
თურქმა ერმა, მუსტაფა ქემალ ათათურქის თაოსნობით, სეკულარული სახელმწიფო ჩამოაყალიბა.
ათათურქის თურქეთი დღეს უკვე რეგიონის წამყვანი ძალაა, გლობალური ამბიციებით. მიუხედავად ამისა, ქვეყანას ძალიან სერიოზული პრობლემების
გადალახვა უწევს.
თურქეთის ისტორია ახალ განზომილებაში
რეჯიფ თაიფ ერდოღანის მთავრობამ გადაიყვანა. ერდოღანი ქვეყნის ოცდამეხუთე პრემიერ–მინისტრი
გახლავთ. მან 2002 წელს დააარსა სამართლიანობისა და განვითარების (AKP) პარტია. თურქეთის
ხელისუფლებას სათავეში 2002 წელს ჩაუდგა. გაიმარჯვა 2007 წლის არჩევნებშიც. 2011 წელს კი თურქეთის მოსახლეობამ ერდოღანსა
და მის გუნდს ნდობა მესამე საპარლამენტო ვადით გამოუცხადა. პრემიერ–მინისტრისა და მისი პარტიის როლი თურქეთის
ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ქმნიან თურქეთის ახალ ისტორიას. სწორედ მათზეა
დამოკიდებული, რა მიმართულებას აირჩევს ქვეყანა.
ერდოღანის მთავრობამ ქემალისტური
რესპუბლიკის გარდაქმნა დაისახა მიზნად. 2011 წლის არჩევნების შემდეგ, აქტიური მუშაობა დაიწყეს 1983 წელს სამხედრო ხელისუფლების მიერ დაწერილი
კონსტიტუციის ცვლილებებზე, რათა ქვეყანაში საპარლამენტო მოდელი საპრეზიდენტოთი შეეცვალათ.თურქეთში
შემცირდა სამხედროების პოლიტიკური გავლენა,
გატარდა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები. ქვეყანამ დაძლია 2001 წლის ეკონომიკური
კრიზისი. მისივე მმართველობის დროს, შეიზღუდა სიტყვისა და პრესის თავისუფლება. გამკაცრდა
კონტროლი ინტერნეტის გამოყენებაზე, ტელევიზიაზე, თავისუფალ შეკრებებზე, ადამიანის უფლებათა
დაცვის მხრივ, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია.
ცვლილებები შეეხო თურქეთის
საგარეო კურსსაც. განსხვავებით ათათურქის თურქეთისა, ერდოღანის თურქეთი აშშ–სთან მოკავშირეობაზე
აღარ არის ორიენტირებული. რუსეთ–თურქეთის ურთიერთდამოკიდებულება გაიზარდა.2010 წლის
მაისში ჩვიდმეტ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს მიზნად ისახავდა თურქეთ–რუსეთს შორის ენერგეტიკასა და სხვა სფეროებში
თანამშრომლობის გაღრმავებას. ორქვეყანას შორის ოცდაათდღიანი უვიზო რეჟიმი დამყარდა.
ერდოღანის პრემიერ–მინისტრობის დროს საბერძნეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები
გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, მოსაგვარებელი პრობლემების სიაში, ქურთების საკითხთან ერთად, კვიპროსი
კვლავ შედის.
1983 წლიდან თურქეთს ევროკავშირში
გაწევრიანება სურს, თუმცა მისი ეს სურვილი დღემდე დაუკმაყოფილებელია, სხვადასხვა მიზეზით.
ექსპერტების შეფასებით ქვეყანამ თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი მუსლიმი მეზობლებისკენ
მიმართა. თანამედროვე თურქეთმა საგარეო პოლიტიკაში ე.წ. ნეოოსმანისტური კურსი აირჩია.ევროკავშირთან
ინტეგრაციის ნაცვლად, თურქეთმა რეგიონში გავლენის სფეროს გაძლიერება განიზრახა. ურთიერთობა გაუარესდა ისრაელთან. დაპირისპირება
აქტიურ ფაზაში 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შევიდა. ეს კი პროდასავლური პოლიტიკიდან აშკარა გადახრაა.
ისრაელთან დაპირისპირების სანაცვლოდ, ურთიერთობა გაუმჯობესდა ირანთან.
ექსპერტები ერდოღანის მმართველობას,
ავტორიტარულთან ერთად, ისლამისტურადაც აფასებენ. ისლამის პოზიციებმა თანდათანობით დაიწყო
გაძლიერება. ეს აისახა განათლების რეფორმაშიც, რომელიც 2012 წელს დაამტკიცა პარლამენტმა.
საშუალო სკოლებში დაიწყეს ყურანის სწავლება, უმაღლეს სასწავლებლებში კი აღარ არის აკრძალული
ჰიჯაბის ტარება. პრემიერ–მინისტრი ამ გადაწყვეტილებას ამყარებს არგუმენტით, რომ ახალი თაობა მეტად ღვთისმოსავი უნდა იყოს.
სწორედ ერდოღანის ავტორიტარიზმის,
მისი მთავრობისა და პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტად მიიჩნევენ 2013 წლის მაისსა და
ივნისში საპროტესტო ტალღის დაწყებას. პატარა
ორგანიზაციამ, კონკრეტული ლიდერის გარეშე, გარემოს დასაცავად გამართა აქცია, რომელიც
დიდ დემონსტრაციაში გადაიზარდა. 2013 წლის გაზაფხულზე თურქეთში განვითარებულ მოვლენებს
მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. პროცესებს ადარებდნენ არაბულ გაზაფხულს, 1989 წლის რევოლუციას, 1968 წლის მაისს.
არეულობა სტამბულში 28 მაისს დაიწყო. მოსახლეობა
დაუპირისპირდა მთავრობის გადაწყვეტილებას, გეზის პარკის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აეშენებინათ.
გეზის პარკი, ქალაქის ცენტრში, სტამბულის ევროპულ ნაწილში, თაქსიმის მოედანზე მდებარეობს.
გეზის პარკთან უკმაყოფილოთა პატარა ჯგუფი შეიკრიბა . მოგვიანებით, პოლიციამ, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით, მათი
დაშლა განიზრახა, რასაც შედეგად სტამბულში არეულობა მოჰყვა. პროტესტის ტალღამ თურქეთის
78 ქალაქი მოიცვა. პოლიცია მათ დაშლას ცდილობდა. ქვეყნის მასშტაბით 7 500 ადამიანი
დაზარალდა, მათ შორის ზოგიერთი სერიოზულადაც.
თურქეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდის მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, ოთხასზე
მეტი აქტივისტი კი დააკავეს. 11 ივნისს თაქსიმის
მოედანზე პოლიციამ უკან დაიხია.
13 ივნისს მთავრობამ, პარკის რეკონსტრუქციის თაობაზე, რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა . სანაცვლოდ კი დემონსტრანტები უნდა დაშლილიყვნენ. მიუხედავად ხელისუფლების ამგვარი პოზიციისა, აქციის მონაწილეები დაშლას მოთხოვნების საბოლოო
შესრულებამდე არ აპირებდნენ. 15 ივნისს პოლიციამ
მოედანი ძალის გამოყენებით გაწმინდა.
ძალადობამ და დიდმა არეულობამ
ქვეყანა 22 ივნისს კვლავ მოიცვა. ერთ–ერთი პოლიციელის, რომლის ტყვიასაც ემსხვერპლა
ეთემ სარ’სულუქი, განთავისუფლებას შედეგად
კვლავ აქცია მოჰყვა. 29 ივნისს სტამბულში თაქსიმის
მოედანზე, ასევე ანკარაში, კვლავ დაიწყო მასობრივი
დემონსტრაცია. 7 ივლისს სტამბულის აზიურ ნაწილში
გაიმართა ფესტივალი, რომელშიც მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი აპროტესტებდნენ
ანტისამთავრობო და ბუნების დამცველი დემონსტრაციის დარბევას, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
8 ივლისს ხელისუფლებამ გეზის პარკი გახსნა. პარკში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მოსახლებამ მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილება მოიწონა.
თურქეთში განვითარებული მოვლენები,
ბოსფორის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ქორაი ჩალშ’ქანმა
შეაფასა როგორც გარდამტეხი ეტაპი სამართლიანობისა და განვითარების (AKP) პარტიისათვის.
ის ერდოღანს ახასიათებს თავდაჯერებულ და ავტორიტარულ პოლიტიკოსად, რომელიც არასოდეს არავის
აღარ დაუჯერებს. პრემიერ–მინისტრს საპრეზიდენტო
სისტემაზე დაფუძნებული კონსტიტუციის დამტკიცება სურს. რის შემდეგაც მას შესაძლებლობა
ექნება ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს. მეცნიერის აზრით, ერდოღანის ეს გეგმა, განვითარებული
მოვლენების შემდეგ, საფუძველს მოკლებულია.
პრემიერ–მინისტრისა და მისი
გუნდის რეაქცია საპროტესტო აქციებზე გააკრიტიკა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა
ბრიტანეთმა, გერმანიამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროკავშირმა და გაერომ.
ათათურქის თურქეთმა თითქმის
საუკუნე იცოცხლა. მოსახლეობა თურქთა მამად წოდებული მმართველის მიერ ჩამოყალიბებულ
სეკულარულ რესპუბლიკას ვერ ელევა. ერდოღანის მთავრობამ კი სახელმწიფო მოწყობის ამგვარ
პრინციპებზე უარი თქვა და საკუთარი მიმართულება აირჩია. თურქეთი არ არის სამეფო, რომლის განკარგვაც მხოლოდ
დედაქალაქიდან შეიძლება. დიდ ქალაქებში მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ განწყობილი მოსახლეობა მეტია, ვიდრე პროვინციებში. რაიონებში უფრო მეტი მომხრე ჰყავს ახლანდელ მთავრობას,
ვიდრე ქალაქებში. აქ მეტია სეკულარულად განწყობილი მოსახლეობა, რომლებიც უპირისპირდებიან ერდოღანის ერთპიროვნულ მმართველობას. მიუხედავად
ამისა, ფაქტია, რომ პრემიერ–მინისტრსა და მის პარტიას ბევრი თანამოაზრე ჰყავს.
ამდენად, მართალია, თაქსიმის
მოედნიდან თაჰრირამდე ძალიან შორია, მაგრამ არაბულ გაზაფხულთან ახლოს მყოფი თურქული
გაზაფხული, ფაქტია, რომ არ განვითარდა.
ნორა გამყრელიძე
ფოტოები: www.bbc.co.uk











