20 ბავშვი დაიღუპა ინდოეთის შტატ ბიხარში სკოლის
სასადილოში სადილის შემდეგ. დაღუპულთაგან უმეტესობის ასაკი 10 წელზე ნაკლებია.
ტრაგედია ქალაქ
ჩხაპრას სკოლაში მოხდა. ამ დროისთვის გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ბავშვები
სკოლის სასადილოში მიწოდებული საკვებისგან მოიწამლნენ. ჰოსპიტალიზებული
ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია. საავადმყოფოში ამჟამად 35 ადამიანი იმყოფება. როგორც იტყობინებიან, ერთი მზარეულიც
მოწამლულია. ბავშვების გარდაცვალებამ ნათელი მოჰფინა იმ პრობლემებს, რომელიც
სკოლის კვების პროგრამაშია, ის სპეციალურად იმიტომ იყო შემუშავებული, რათა სკოლაში
ბავშვთა დასწრება და მათი კვება გამოსწორებულიყო. სკოლაში, სადაც დაღუპული
ბავშვები სწავლობდნენ, დაწყებულია
გამოძიება. უფლებამოსილება შეუჩერეს საკვების ინსპექტორს, სკოლის დირექტორს კი,
გულგრილობის ბრალდების წაყენება ემუქრება.
უნდა აღინიშნოს, რომ
ინდოეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში ისეთი სკოლების არსებობას,
რომელიც ბავშვებს საკვებითაც უზრუნველყოფს განათლების მიღებასთან ერთად. არასათანადო
კვება და გამოფიტვა ინდოეთის ბავშვების ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას
წარმოადგენს. უფასო კვების პროგრამის დანერგვით ინდოეთს სურს კვების ქრონიკული
პრობლემა მოაგვაროს. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული ინდოეთის ხელისუფლება ერთ მილიონამდე სკოლაში მილიონობით მოსწავლეს უფასოდ ურიგებს საჭმელს და ასე ცდილობს ღარიბი ოჯახების ბავშვების დაპურებას. როგორც ჩანს, საჭმელების დამზადებისას დიდ ყურადღებას არ აქცევენ ჰიგიენის პირობებს და ამიტომ, ყოველწლიურად ათასობით ბავშვი იწამლება. პროგრამა დღეს 120 მილიონამდე ბავშვზე ვრცელდება
ქვეყნის მასშტაბით, რაც მსოფლიოშო ყველაზე მოცულობითია.
ეკონომისტების
აზრით, ეს პროგრამა გაზრდის სკოლებით დაინტერესებულთა რიცხვს და დასწრების
მაჩვენებელს, აღმოფხვრის შიმშილს. ასევე, განსხვავებული სოციალური კლასისა და
კასტის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს ერთად მიუსხდნენ სუფრას და სამუდამოდ
დაივიწყონ სოციალური ცრურწმენები; დაეხმარება ბავშვებს ჰიგიენისა და სწორი კვების
შესახებ ინფორმაციის მიღებაში. მათი აზრით, საკმაოდ ბევრია იმის
მტკიცებულება, რომ ეს პროგრამა მართლაც მუშაობს.
იმის მიუხედავად, რომ ინდოეთის ეკონომიკა მართლაც შთამბეჭდავი ტემპით
იზრდება, UNICEF–ის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით ცუდი კვების მქონებე ბავშვების 33%
სწორედ ინდოეთში ცხოვრობს, ეს კი სუბსაჰარული აფრიკის მონაცემებზე მეტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად კვლავ
მაღალი მაჩნვენებლისა, The Washingtom Post–ის ცნობით პროგრესი მაინც
შეიმჩნევა. 2012 წლის იანვრის ანგარიშების მიხედვით, ინდოეთში ბავშვთა გამოფიტვის
მაჩვენებელი 10 ერთეულზე მეტით შემცირდა და დღეს 42%–ს აღწევს. ინდოეთის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვთა
სოციალურ კეთილდღეობას და ამის გამოხატულებად განათლებისა და სოციალური სერვისების
მათთვის შეღავათიანი პირობებით მიწოდება მიიჩნევა. მართალია შუადღის უფასო კვების
პროგრამა წარმატებულად ითვლება, მაგრამ ამავდროულად შეიმჩნეოდა კორუფციის,
საკვების არასაკმარისი შემოწმებისა და ჰიგიენის ნორმების დარღვევის შემთხვევები.
აი რას წერს The
Wall Street Journal:
პერსონალი არ იყო საკმარისად
გაწვრთილი და არ ჰქონდა შესაძლებლობა რომ შესაბამისი მონიტორინგი გაეწია – ამბობს იამინი აიარი (Accountability Initiative–ს დირექტორი ახალი
დელის კვლევით ცენტრში – Centre for Policy
Research). ამის შესახებ ნარკვევიც გამოქვეყნდა ივნისის
თვეში, სადაც გაცხადებული იყო, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ევალებოდათ საკვების
ხარისხის კონტროლი და მისი მიწოდება სკოლებისათვის, მაგრამ მხოლოდ შტატის
ხელისუფლების წარმომადგენელს შეეძლო რაიმე შესწორების შეტანა სისტემაში, რაც
ცვლილებისთვის საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა. – ამბობს ქალბატონი აიარი.
ეს პირველი შემთხვევა
არ იყო, როდესაც მოსწავლეები საკვებით მოიწამლნენ. მაისის თვეში, 18 გოგონა
მოიწამლა სკოლაში სადილობის შემდეგ სხვა შტატში (Bihar), 2 ბავშვი კი Panipat-ში, ჰარიანას შტატში
გარდაიცვალა სწორედ ამ პროგრამით გათვალისწინებული საკვების მიღების შემდეგ. თუმცა
ის შემთხვევა, რომელიც
რამდენიმე დღის წინ მოხდა მართლაც უპრეცედენტოა თავისი
მასშტაბით. უნდა აღინიშნოს, რომ ბიჰარში Times of India-ს ცნობით,
მოსწავლეებსა და მშობლებს ხშირად მიუმართავთ მთავრობისთვის ცუდი ხარისხის საკვების
გამო (იყო შემთვევები, როდესაც საკვებში მკვდარ ხვლიკებს, მწერებს და ვირთხებს
პოულობდნენ).
არის ეჭვები იმის შესახებაც,
რომ ეს სულაც არ იყო შემთხვევითობა. განათლების მინისტრი აცხადებს: “არის ვარაუდები, რომ ეს იყო განზრახ ჩადენილი
მკვლელობა, ეს არ იყო საკვებით მოწამვლის ჩვეულებრივი შემთხვევა.”
საკვების მოწამვლის
წყარო ჯერჯერობით უცნობია – ექიმები ამბობენ რომ საკვებში მომწამლავი ნივთიერება
თავად ინგრედიენტებიდანაც შეიძლება მოხვედრილიყო, სხვების აზრით კი, ყველაფრის
მიზეზი გამოყენებული მცენარეული ზეთია. საკვების დაუდევარი მიმწოდებლები და სამზარეულოს საშინელი
ჰიგიენური პირობებიც არაა გამორიცხული, ტრაგედიის მიზეზი გამხდარიყო.
ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, საკვებში
პესტიციდებისთვის განკუთვნილი ქიმიკატის არსებობამ განაპირობა ბავშვების მოწამვლა.
მართლაც, Organophosphorus – პესტიციდებისთვის განკუთვნილი ორგანული ნაერთის კვალი აღმოაჩინეს
საკვებში. სკოლის მზარეულის განცხადებით მოწამვლა გამოიწვია ზეთმა, რომელიც მან პირველად
გამოიყენა საკვების მოსამზადებლად.
დუბეიმ, ჩჰაპრას რეგიონის საავადმყოფოს
ექიმმა განაცხადა: “როდესაც ბავშვები კლინიკაში გავსინჯეთ, ვნახეთ რომ მკერდის
მიდამოებში მათ აღენიშნებოდათ მწვავე სისხლსავსეობა და გუგები გაფართოებული ჰქონდათ. ეს კი ორგანო–ფოსფერუსით
მოწამვლის სიმპტომებია.”
"Organo-phosphorus არის ნაერთი, რომელიც გამოიყენება
სიმინდისთვის მომზადებულ პესტიციდებში. ის ძალიან საშიშია, მისი მცირე რაოდენობაც
კი ფატალური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვის. იმ კრიტიკულ მდგომარეობას
თუკი გავიხსენებთ, როგორც ბავშვები საავადმყოფოში მოიყვანეს, ადვილად მივხვდებით,
რომ დიდი რაოდეობის საწამლავს შეიცავდა ის საკვები, რომელიც მათ მიიღეს.“
შტატის განათლების მინისტრის, შაჰის, განცხადებით სკოლის მზარეულის მდგომარეობა
სტაბილურია, მას მხოლოდ მცირე რაოდენობის ბრინჯი ჰქონდა მიღებული, ამიტომ მის
ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
გამოძიების მიმდინარეობასთან ერთად,
მას შემდეგ რაც გამოითქვა ეჭვები საკვების დამზადებისას გამოყენებულ ზეთთან
დაკავშირებით, მზარეულმა ღია ჩვენება მისცა სამართალდამცავ ორგანოებს. მისი თქმით,
ზეთი რომელიც მას საკვების მოსამზადებლად მიუტანეს მართლაც არ იყო ჯანსაღი ფერის
და საეჭვოდ გამოიყურებოდა. მიზეზის გარკვევა მან იმ მასწავლებელთან სცადა, რომელიც
მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი და მათ სკოლაში ახლახან დაეწყო მუშაობა. როგორც მას უთხრეს, ზეთი სახლში იყო დამზადებული
და ამიტომ ჰქონდა უჩვეულო ფერი. აუხსნეს კიდეც, რომ მისი გამოყენება საშიში არ
იქნებოდა. თავად მინისტრმაც განაცხადა, რომ ზეთი
ამ მასწავლებლის ქმრის მაღაზიიდან მოიტანეს. ბატონი შაჰის განცხადებით
მაღაზიის მფლობელი და ოჯახის სხვა წევრები ამჟამად გაქცეულები არიან, რაც კიდევ
უფრო ზრდის ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ამ ამბის უკან შეიძლება უფრო მეტი
იმალებოდეს, ვიდრე შემთხვევით მოწამლული ზეთი.
გამოძიება მიმდინარეობს, ბავშვების ჯანმრთელობა კი ჯერ კიდევ
საფრთხეშია, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. სახელმწიფოს მხრიდან
ამ საკითხისადმი დაინტერესება დიდია, მათ უკვე გააგზავნეს სკოლაში ექსპერტები,
რომლებმაც ყველა საკითხი გულდასმით უნდა გამოიკვლიონ.
ხელისუფლებამ
განაცხადა, რომ ისინი აუცილებალდ გამოიძიებენ მომხდარს, გარდაცვლილთა ოჯახებს კი
კომპენსაციის სახით 200,000 რუპეას ($3,400) დაურიგებენ.
თუმცა ეს საკმარისი
არ აღმოჩნდა უკმაყოფილების ტალღის ჩასახშობად. ხალხი ქუჩაში გამოვიდა პროტესტის
გამოსახატად. როგორც The Telegraph–ის სამხრეთ აზიის დეპარტამენტის რედაქტორი
იტყობინება,
ხელისუფლების მხრიდან
მოწამლული ბავშვების საავადმყოფიში დაგვიანებით (15 საათი დასჭირდა
ჰოსპიტალიზაციას) გადაყვანას ხალხი უარყოფითად შეხვდა, ათასობით მოქალაქე გამოვიდა
ქუჩაში, პოლიციის შენობას ქვები დაუშინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა
შეაფერხა.
საზოგადოება თავის აზრს ღიად გამოხატავს და არც ძალადობრივ ქმედებებს ერიდება.
BBC კორესპონდენტის, ამარნატ ტევარის განცხადებით, შეირაღებული ხალხი არა მარტო ქუჩებს კეტავს, არამედ
რკინიგზის და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობასაც აფერხებს. პოლიციის ოთხი მანქანა დაწვეს გარდაცვლილთა მშობლებმა და
ასობით მოქალაქემ. საპროტესტო გამოსვლა მხოლოდ დჰარმასატი განდამანში (ადგილი, სადაც სკოლა მდებარეობს) არ გამართულა, როგორც BBC-ს კორესპონდენტი იტყობინება ხალხმა ჩჰაპრაშიც ცეცხლს მისცა
ავტობუსები და კერძო საკუთრების დაზიანება დაიწყო. პოლიტიკური ძალები ამ გამოსვლას
გაფიცვად აფასებენ. თუმცა კორესპონენტის თქმით პროტესტის გამომხატველ ხალხს თავად
არ სურს პოლიტიზირებული გახდეს ეს გამოსვლა და პოლიტიკურ ლიდერებს არ აძლევენ
საშუალებას ეს შემთხვევა სათავისოდ გამოიყენონ.
ის, რომ ინდოეთში საჯარო სკოლების მიერ
უფასო სადილით უზრუნველყოფის პროგრამას პრობლემები აქვს ახალი არავისთვის ყოფილა,
თუმცა მთავრობა ნელ–ნელა ავითარებს ამ სფეროს და პროგრესი მართლაც სახეზეა. 2010
წლის კვლევებმა გამოავლინა, რომ Biha–ში გამოკითხულ ბავშვთა 70% უკმაყოფილო იყო საკვების
ხარისხით. მათმა მეხუთედმა განაცხადა, რომ ისინი არ იღებდნენ ადექვატურ საკვებზე,
¾–ის თქმით კი მათ სკოლაში არ იყო საჭირო ინფრასტრუქტურა კარგი საკვების
მოსამზადებლად.
ამ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბევრი სკოლა ამ შტატში საკვებს
დროულად არ იღებდა, ხშირად იყო მარაგების მოზღვავებაც, რადგან დაგეგმილი
ყოველთვიური მიწოდება ყოველთვის ვერ ხერხდებოდა და დასაწყობების შედეგად საკვებში
მწერები ჩნდებოდნენ. ამ პროგრამის შესწავლაში ღრმად იყო ჩახედული ეკონომისტი რიტიკა
ხერა. მისი განცხადებით, ის რაც მოხდა დიდი ტრაგედიაა, თუმცა ამ პროგრამის
არსებობის საჭიროება თავისთავად ამის გამო არ უნდა უარვყოთ. ბევრი რამ არის
გამოსასწორებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სკოლებში მართლაც ბევრმა ბავშვმა
დაიწყო სიარული იმ ათეული წლის განმავლობაში, რაც ეს პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით
ფუნქციონირებს. განსაკუთრებული გაუმჯობესება შეიმჩნევა ინდოეთის ჩრდილოეთ მხარეში,
სადაც საწყის ეტაპზე სკოლებში არ იყო არც სამზარეულო და არც წყალი. მასწავლებლები
თავად ითავსებდნენ მზარეულის ფუნქციას, ხოლო ბავშები ცეცხლისთვის საჭირო შეშას
აგროვებდნენ. მას შემდეგ სკოლები ისე განვითარდა, რომ ახლა მზარეულიც ჰყავს და
ადგილიც მოიძებნება, რომლის სამზარეულოდ გამოყენებაც შეიძლება. დღეს ბავშვების
საკვები რაციონიც მრავალფეროვანია, რაც მათ საჭირო ვიტამინების მიღების საშუალებას
აძლევს.
ბიჰარის ტრაგედია, ეკონომისტი
პროფესორი ხერას თქმით, უფრო იმის მაჩვენებელია რომ ინდოეთს სჭირდება ჰიგიენის
ნორმების გამკაცრება, ვიდრე პროგრამის სისუსტისა. ჰიგიენა და სკოლის
სამზარეულოებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მისი აზრით, არის ის მთავარი
საკითხები, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია პროგრამის ფუნქციონირების
გაგრძელებისა და წარმატებისთვის.
სალომე მაისურაძე
წყარო:


No comments:
Post a Comment