Thursday, July 18, 2013

ინდოეთის სკოლის ტრაგედია საკვების უსაფრთხოების დაცვის პრობლემებს შუქს ჰფენს




20  ბავშვი დაიღუპა ინდოეთის შტატ ბიხარში სკოლის სასადილოში სადილის შემდეგ. დაღუპულთაგან უმეტესობის ასაკი 10 წელზე ნაკლებია. 
ტრაგედია ქალაქ ჩხაპრას სკოლაში მოხდა. ამ დროისთვის გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ბავშვები სკოლის სასადილოში მიწოდებული საკვებისგან მოიწამლნენ. ჰოსპიტალიზებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია. საავადმყოფოში ამჟამად 35 ადამიანი იმყოფება.  როგორც იტყობინებიან, ერთი მზარეულიც მოწამლულია. ბავშვების გარდაცვალებამ ნათელი მოჰფინა იმ პრობლემებს, რომელიც სკოლის კვების პროგრამაშია, ის სპეციალურად იმიტომ იყო შემუშავებული, რათა სკოლაში ბავშვთა დასწრება და მათი კვება გამოსწორებულიყო. სკოლაში, სადაც დაღუპული ბავშვები სწავლობდნენ,  დაწყებულია გამოძიება. უფლებამოსილება შეუჩერეს საკვების ინსპექტორს, სკოლის დირექტორს კი, გულგრილობის ბრალდების წაყენება ემუქრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში ისეთი სკოლების არსებობას, რომელიც ბავშვებს საკვებითაც უზრუნველყოფს განათლების მიღებასთან ერთად. არასათანადო კვება და გამოფიტვა ინდოეთის ბავშვების ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. უფასო კვების პროგრამის დანერგვით ინდოეთს სურს კვების ქრონიკული პრობლემა მოაგვაროს. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული ინდოეთის ხელისუფლება ერთ მილიონამდე სკოლაში მილიონობით მოსწავლეს უფასოდ ურიგებს საჭმელს და ასე ცდილობს ღარიბი ოჯახების ბავშვების დაპურებას. როგორც ჩანს, საჭმელების დამზადებისას დიდ ყურადღებას არ აქცევენ ჰიგიენის პირობებს და ამიტომ, ყოველწლიურად ათასობით ბავშვი იწამლება.  პროგრამა დღეს 120 მილიონამდე ბავშვზე ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით, რაც მსოფლიოშო ყველაზე მოცულობითია.
ეკონომისტების აზრით, ეს პროგრამა გაზრდის სკოლებით დაინტერესებულთა რიცხვს და დასწრების მაჩვენებელს, აღმოფხვრის შიმშილს. ასევე, განსხვავებული სოციალური კლასისა და კასტის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს ერთად მიუსხდნენ სუფრას და სამუდამოდ დაივიწყონ სოციალური ცრურწმენები; დაეხმარება ბავშვებს ჰიგიენისა და სწორი კვების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. მათი აზრით, საკმაოდ ბევრია იმის მტკიცებულება, რომ ეს პროგრამა მართლაც მუშაობს.
იმის მიუხედავად, რომ ინდოეთის ეკონომიკა მართლაც შთამბეჭდავი ტემპით იზრდება, UNICEF–ის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით ცუდი კვების მქონებე ბავშვების 33% სწორედ ინდოეთში ცხოვრობს, ეს კი სუბსაჰარული აფრიკის მონაცემებზე მეტია.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად კვლავ მაღალი მაჩნვენებლისა, The Washingtom Post–ის ცნობით პროგრესი მაინც შეიმჩნევა. 2012 წლის იანვრის ანგარიშების მიხედვით, ინდოეთში ბავშვთა გამოფიტვის მაჩვენებელი 10 ერთეულზე მეტით შემცირდა და დღეს 42%–ს აღწევს.  ინდოეთის მთავრობა  განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვთა სოციალურ კეთილდღეობას და ამის გამოხატულებად განათლებისა და სოციალური სერვისების მათთვის შეღავათიანი პირობებით მიწოდება მიიჩნევა. მართალია შუადღის უფასო კვების პროგრამა წარმატებულად ითვლება, მაგრამ ამავდროულად შეიმჩნეოდა კორუფციის, საკვების არასაკმარისი შემოწმებისა და ჰიგიენის ნორმების დარღვევის შემთხვევები. აი რას წერს The Wall Street Journal:
პერსონალი არ იყო საკმარისად გაწვრთილი და არ ჰქონდა შესაძლებლობა რომ შესაბამისი მონიტორინგი გაეწია – ამბობს იამინი აიარი (Accountability Initiative–ს დირექტორი ახალი დელის კვლევით ცენტრში –  Centre for Policy Research). ამის შესახებ ნარკვევიც გამოქვეყნდა ივნისის თვეში, სადაც გაცხადებული იყო, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ევალებოდათ საკვების ხარისხის კონტროლი და მისი მიწოდება სკოლებისათვის, მაგრამ მხოლოდ შტატის ხელისუფლების წარმომადგენელს შეეძლო რაიმე შესწორების შეტანა სისტემაში, რაც ცვლილებისთვის საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა. – ამბობს ქალბატონი აიარი.
ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მოსწავლეები საკვებით მოიწამლნენ. მაისის თვეში, 18 გოგონა მოიწამლა სკოლაში სადილობის შემდეგ სხვა შტატში (Bihar), 2 ბავშვი კი Panipat-ში, ჰარიანას შტატში გარდაიცვალა სწორედ ამ პროგრამით გათვალისწინებული საკვების მიღების შემდეგ. თუმცა ის შემთხვევა, რომელიც
რამდენიმე დღის წინ მოხდა მართლაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით. უნდა აღინიშნოს, რომ ბიჰარში Times of India-ს ცნობით, მოსწავლეებსა და მშობლებს ხშირად მიუმართავთ მთავრობისთვის ცუდი ხარისხის საკვების გამო (იყო შემთვევები, როდესაც საკვებში მკვდარ ხვლიკებს, მწერებს და ვირთხებს პოულობდნენ).
არის ეჭვები იმის შესახებაც, რომ ეს სულაც არ იყო შემთხვევითობა. განათლების მინისტრი აცხადებს:  “არის ვარაუდები, რომ ეს იყო განზრახ ჩადენილი მკვლელობა, ეს არ იყო საკვებით მოწამვლის ჩვეულებრივი შემთხვევა.”
საკვების მოწამვლის წყარო ჯერჯერობით უცნობია – ექიმები ამბობენ რომ საკვებში მომწამლავი ნივთიერება თავად ინგრედიენტებიდანაც შეიძლება მოხვედრილიყო, სხვების აზრით კი, ყველაფრის მიზეზი გამოყენებული მცენარეული ზეთია. საკვების დაუდევარი  მიმწოდებლები და სამზარეულოს საშინელი ჰიგიენური პირობებიც არაა გამორიცხული, ტრაგედიის მიზეზი გამხდარიყო.
ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, საკვებში პესტიციდებისთვის განკუთვნილი ქიმიკატის არსებობამ განაპირობა ბავშვების მოწამვლა. მართლაც, Organophosphorus – პესტიციდებისთვის განკუთვნილი ორგანული ნაერთის კვალი აღმოაჩინეს საკვებში. სკოლის მზარეულის განცხადებით მოწამვლა გამოიწვია ზეთმა, რომელიც მან პირველად გამოიყენა საკვების მოსამზადებლად.
დუბეიმ, ჩჰაპრას რეგიონის საავადმყოფოს ექიმმა განაცხადა: “როდესაც ბავშვები კლინიკაში გავსინჯეთ, ვნახეთ რომ მკერდის მიდამოებში მათ აღენიშნებოდათ მწვავე სისხლსავსეობა  და გუგები გაფართოებული ჰქონდათ. ეს კი ორგანო–ფოსფერუსით მოწამვლის სიმპტომებია.”
"Organo-phosphorus არის ნაერთი, რომელიც გამოიყენება სიმინდისთვის მომზადებულ პესტიციდებში. ის ძალიან საშიშია, მისი მცირე რაოდენობაც კი ფატალური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვის. იმ კრიტიკულ მდგომარეობას თუკი გავიხსენებთ, როგორც ბავშვები საავადმყოფოში მოიყვანეს, ადვილად მივხვდებით, რომ დიდი რაოდეობის საწამლავს შეიცავდა ის საკვები, რომელიც მათ მიიღეს.“
შტატის განათლების მინისტრის, შაჰის,  განცხადებით სკოლის მზარეულის მდგომარეობა სტაბილურია, მას მხოლოდ მცირე რაოდენობის ბრინჯი ჰქონდა მიღებული, ამიტომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
გამოძიების მიმდინარეობასთან ერთად, მას შემდეგ რაც გამოითქვა ეჭვები საკვების დამზადებისას გამოყენებულ ზეთთან დაკავშირებით, მზარეულმა ღია ჩვენება მისცა სამართალდამცავ ორგანოებს. მისი თქმით, ზეთი რომელიც მას საკვების მოსამზადებლად მიუტანეს მართლაც არ იყო ჯანსაღი ფერის და საეჭვოდ გამოიყურებოდა. მიზეზის გარკვევა მან იმ მასწავლებელთან სცადა, რომელიც მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი და მათ სკოლაში ახლახან დაეწყო მუშაობა.  როგორც მას უთხრეს, ზეთი სახლში იყო დამზადებული და ამიტომ ჰქონდა უჩვეულო ფერი. აუხსნეს კიდეც, რომ მისი გამოყენება საშიში არ იქნებოდა. თავად მინისტრმაც განაცხადა, რომ ზეთი  ამ მასწავლებლის ქმრის მაღაზიიდან მოიტანეს. ბატონი შაჰის განცხადებით მაღაზიის მფლობელი და ოჯახის სხვა წევრები ამჟამად გაქცეულები არიან, რაც კიდევ უფრო ზრდის ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ამ ამბის უკან შეიძლება უფრო მეტი იმალებოდეს, ვიდრე შემთხვევით მოწამლული ზეთი.  
გამოძიება მიმდინარეობს, ბავშვების ჯანმრთელობა კი ჯერ კიდევ საფრთხეშია, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხისადმი დაინტერესება დიდია, მათ უკვე გააგზავნეს სკოლაში ექსპერტები, რომლებმაც ყველა საკითხი გულდასმით უნდა გამოიკვლიონ.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი აუცილებალდ გამოიძიებენ მომხდარს, გარდაცვლილთა ოჯახებს კი კომპენსაციის სახით 200,000 რუპეას ($3,400) დაურიგებენ.
თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა უკმაყოფილების ტალღის ჩასახშობად. ხალხი ქუჩაში გამოვიდა პროტესტის გამოსახატად. როგორც The Telegraph–ის სამხრეთ აზიის დეპარტამენტის რედაქტორი იტყობინება,
ხელისუფლების მხრიდან მოწამლული ბავშვების საავადმყოფიში დაგვიანებით (15 საათი დასჭირდა ჰოსპიტალიზაციას) გადაყვანას ხალხი უარყოფითად შეხვდა, ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში, პოლიციის შენობას ქვები დაუშინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.
საზოგადოება თავის აზრს ღიად გამოხატავს და არც ძალადობრივ ქმედებებს ერიდება. BBC კორესპონდენტის, ამარნატ ტევარის განცხადებით, შეირაღებული ხალხი არა მარტო ქუჩებს კეტავს, არამედ რკინიგზის და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობასაც აფერხებს. პოლიციის ოთხი მანქანა დაწვეს გარდაცვლილთა მშობლებმა და ასობით მოქალაქემ.  საპროტესტო გამოსვლა მხოლოდ დჰარმასატი განდამანში (ადგილი, სადაც სკოლა მდებარეობს) არ გამართულა, როგორც BBC-ს კორესპონდენტი იტყობინება ხალხმა ჩჰაპრაშიც ცეცხლს მისცა ავტობუსები და კერძო საკუთრების დაზიანება დაიწყო. პოლიტიკური ძალები ამ გამოსვლას გაფიცვად აფასებენ. თუმცა კორესპონენტის თქმით პროტესტის გამომხატველ ხალხს თავად არ სურს პოლიტიზირებული გახდეს ეს გამოსვლა და პოლიტიკურ ლიდერებს არ აძლევენ საშუალებას ეს შემთხვევა სათავისოდ გამოიყენონ.
ის, რომ ინდოეთში საჯარო სკოლების მიერ უფასო სადილით უზრუნველყოფის პროგრამას პრობლემები აქვს ახალი არავისთვის ყოფილა, თუმცა მთავრობა ნელ–ნელა ავითარებს ამ სფეროს და პროგრესი მართლაც სახეზეა. 2010 წლის კვლევებმა გამოავლინა, რომ Biha–ში  გამოკითხულ ბავშვთა 70% უკმაყოფილო იყო საკვების ხარისხით. მათმა მეხუთედმა განაცხადა, რომ ისინი არ იღებდნენ ადექვატურ საკვებზე, ¾–ის თქმით კი მათ სკოლაში არ იყო საჭირო ინფრასტრუქტურა კარგი საკვების მოსამზადებლად.
ამ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბევრი სკოლა ამ შტატში საკვებს დროულად არ იღებდა, ხშირად იყო მარაგების მოზღვავებაც, რადგან დაგეგმილი ყოველთვიური მიწოდება ყოველთვის ვერ ხერხდებოდა და დასაწყობების შედეგად საკვებში მწერები ჩნდებოდნენ. ამ პროგრამის შესწავლაში ღრმად იყო ჩახედული ეკონომისტი რიტიკა ხერა. მისი განცხადებით, ის რაც მოხდა დიდი ტრაგედიაა, თუმცა ამ პროგრამის არსებობის საჭიროება თავისთავად ამის გამო არ უნდა უარვყოთ. ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სკოლებში მართლაც ბევრმა ბავშვმა დაიწყო სიარული იმ ათეული წლის განმავლობაში, რაც ეს პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს. განსაკუთრებული გაუმჯობესება შეიმჩნევა ინდოეთის ჩრდილოეთ მხარეში, სადაც საწყის ეტაპზე სკოლებში არ იყო არც სამზარეულო და არც წყალი. მასწავლებლები თავად ითავსებდნენ მზარეულის ფუნქციას, ხოლო ბავშები ცეცხლისთვის საჭირო შეშას აგროვებდნენ. მას შემდეგ სკოლები ისე განვითარდა, რომ ახლა მზარეულიც ჰყავს და ადგილიც მოიძებნება, რომლის სამზარეულოდ გამოყენებაც შეიძლება. დღეს ბავშვების საკვები რაციონიც მრავალფეროვანია, რაც მათ საჭირო ვიტამინების მიღების საშუალებას აძლევს.
ბიჰარის ტრაგედია, ეკონომისტი პროფესორი ხერას თქმით, უფრო იმის მაჩვენებელია რომ ინდოეთს სჭირდება ჰიგიენის ნორმების გამკაცრება, ვიდრე პროგრამის სისუსტისა. ჰიგიენა და სკოლის სამზარეულოებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მისი აზრით, არის ის მთავარი საკითხები, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია პროგრამის ფუნქციონირების გაგრძელებისა და წარმატებისთვის.

სალომე მაისურაძე

წყარო:
6. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/33658-skolis-sasadiloshi-sauzmobis-shemdeg-20-bavshvi-daighupa.html

ფოტოები:


 

Tuesday, July 16, 2013

ეგვიპტე - დაუსრულებელი რევოლუცია





2010 წლის ბოლოდან ახლო აღმოსავლეთი, კერძოდ კი არაბული სამყარო მსოფლიოს ინტერესის ცენტრშია. მოვლენები საკმაოდ სწრაფად და მძაფრად ვითარდებოდა. არაბული გაზაფხული - მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელიც 2010 წლის 18 დეკემბერს დაიწყო თუნისში. გამოსვლები უკავშირდებოდა ახალგაზრდა მოვაჭრის მუჰამმად ალ-ბუაზიზის თვითმკვლელობას, მან თავი გაუსაძლისი სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო დაიწვა. ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით ძალიან სწრაფად გავრცელდა. საპროტესტო აქციები კი ჯაჭვური ეფექტით გადაედო სხვა ქვეყნებს.

თუნისის შემდეგ 2011 წლის 25 იანვარს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა კაიროს თაჰრირის მოედანი დაიკავეს. თუნისის მსგავსად დემონსტრაციებმა შედეგი გამოიღო და 2011 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ჰუსნი მუბარაქმა თანამდებობა დატოვა. ძალაუფლება კი ეგვიპტის შეიარაღებულმა ძალებმა გადაიბარეს. ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. აქციის მონაწილეებსა და მუბარაქის მომხეებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა, რასაც ბევრი მოქალაქე ემსხვერპლა. თუმცა, მათი საქმეები დღემდე გამოუძიებელია, რაც გახდა კიდეც ერთ-ერთი მიზეზი ახალი პროტესტისა.

2012 წლის 24 ივნისს, ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა არჩევნების ოფიციალური შედეგები. მუჰამმად მურსი გახდა პირველი, დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი ეგვიპტის ისტორიაში. მან ხმების 51.7% მიიღო, მისმა ოპონენტმა, აჰმად შარიფმა, მუბარაქის მთავრობის ბოლო პრემიერმა კი, 48.3%.

მუჰამმად მურსი დაიბადა 1951 წლის 8 აგვისტოს ეგვიპტის სოფელ ალ-ადვაში. დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მოიპოვა ეგვიპტის მთავრობის გრანტი და დისერტაციაზე სამუშაოდ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწავლობდა ფიზიკას სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. სამი წლის განმავლობაში იყო ასისტენტ პროფესორი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მურსი პოლიტიკაში პირველად 2000 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პარლამენტის წევრი გახდა. ოფიციალურად დამოუკიდებელი დელეგატი იყო, ვინაიდან მუბარაქის დროს, მუსლიმ ძმებს, ძალას, რომელსაც ის წარმოადგენდა, პარლამენტში მოღვაწეობა ოფიციალურად ჰქონდათ აკრძალული. პარლამენტში მან ხუთი წელი დაჰყო. 2011 წლამდე მისი გვარი თითქმის არ გაჟღერებულა.

2011 წლის 28 იანვარს მუსლიმი ძმების 25 წევრი დააპატიმრეს, მათ შორის იყო მუჰამმად მურსი. თუმცა, იმის გამო, რომ მათ დაპატიმრებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისინი 30 იანვარს გაათავისუფლეს. რევოლუციის პერიოდში, მუსლიმი ძმების წევრებმა, ჩამოაყალიბეს პარტია, რომელსაც თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია უწოდეს, ლიდერი კი საპრეზიდენტო კანდიდატი მურსი გახდა. მურსიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის გახდებოდა პრეზიდენტი, დატოვებდა პარტიას, ვინაიდან ის იქნებოდა ეგვიპტელი ხალხის პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის. ასეც მოიქცა არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე. 2012 წლის 30 ივნისიდან მურსი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას.

მურსის ერთ-ერთი პირველი ქმედება იყო ის, რომ მან შეცვალა კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საკუთარ თავს მიანიჭა შეუზღუდავი ძალაუფლება, მიზეზად კი ხალხისა და ქვეყნის დაცვა დაასახელა. ცხადი იყო, რომ ეგვიპტელები ამას მარტივად არ შეურიგდებოდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მუბარაქის გადაყენებით დაინახეს, რომ წარმოადგენდნენ ძალას, რომელსაც შეეძლო 30 წლიანი მმართველობაც კი დაესრულებინა.

ნოემბერში თაჰრირზე კვლავ გამოჩნდნენ მთავრობით უკმაყოფილო მოქალაქეები, უკმაყოფილება დღითიდღე იზრდებოდა. რვა დეკემბერს პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება ანულირდა. ეს იყო დასტური იმისა, რომ ხალხი აღარასდროს მისცემდა მთავრობას უფლებას, გაეკეთებინა ის, რაც მათ აზრს ეწინააღმდეგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ეგონა სიტუაცია შეიცვლებოდა და შეძლებდნენ თავიანთი კონტროლისთვის დაქვემდებარებას, ეს ასე არ მოხდა. მოსახლეობის პროტესტს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი ვახსენე უკვე, ეს უკავშირდებოდა 2011 წლის დროინდელ, გამოუძიებელ საქმეებს. აქციის მონაწილეების დარბევასა და დახოცვაში ეჭვმიტანილი პოლიციელები კვლავ განაგრძობდნენ მუშაობას მაღალ თანამდებობებზე.

უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად ბევრია ეგვიპტეში, თუმცა CNN-ისა და BuzzFeed-ის ჟურნალისტები საკმაოდ მკაფიოდ გამოყოფენ რვა ძირითად პრობლემას. სია შედგენილია თავად ეგვიპტელი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე. პირველ პრობლემად სახელდება უმუშევრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ეს მიზეზი სახელდებოდა 2011 წლის რევოლუციის დროსაც, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, რაც გახდა კიდეც პროტესტის ახალი ტალღის  ერთ-ერთი უმთავრესი მოტივატორი.

მეორე მიზეზად სახელდება თითქმის გასამმაგებული კრიმინალის მაჩვენებელი. 2010 წელს შეიარაღებული ძარცვის 200 ფაქტი იყო დაფიქსირებული, 2012 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 2807-მდე გაიზარდა. ამას ემატება ქალებზე სექსუალური ძალადობის მაგალითები, რომელსაც უკვე გამოსვლების დაწყების შემდგომ უფრო მძიმე სახე ჰქონდა. Human Rights Watch-ის მონაცემების მიხედვით, 4 დღის განმავლობაში 91 ქალი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ძირითად მიზეზებად სახელდება ისიც, რომ ქვეყანაში საწვავის კრიზისია. ასევე ძალიან შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება, ხშირია შემთხვევები, რომ კლინიკებს უწყდებათ მიწოდება, რაც პირდაპირ აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ენერგიის პრობლემა ზაფხულში ხშირია ქვეყნისთვის, საწვავის მარაგით ცდილობდნენ პრობლემასთან ბრძოლას, თუმცა წელს ამის პრობლემაც შეიქმნა ქვეყანაში, რამაც საერთო ჯამში გაუსაძლისი მდგომარეობა შექმნა.

საწვავის რაოდენობის შეზღუდვამ პირდაპირი გავლენა იქონია საკვები პროდუქტების ფასებზე, საგრძნობელი ზრდა თითოეული ეგვიპტელის ოჯახზე აისახა. გაეროს მონაცემების მიხედვით მოსახლეობის 17% საკვების ნაკლებობას განიცდის, ეს მაჩვენებელი აღემატება 2009 წლის მონაცემს, როდესაც ის 14% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მურსის მთავარი დაპირება იყო გამხდარიყო ხალხის
პრეზიდენტი, მან ეს ვერ მოახერხა. ესეც ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება. მუბარაქთან დაახლოებული ფენა მუსლიმმა ძმებმა ჩაანაცვლეს, ისინი უამრავი პრივილეგიით სარგებლობდნენ. მთავრობაში მყოფები კი ამართლებდნენ პრეზიდენტის ყველა ნაბიჯს და ამბობდნენ, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდიოდა. ბოლო, მერვე მიზეზი კი, რომელიც სახელდება ეხება უშუალოდ იმას, თუ რატომ გრძელდება გამოსვლები, ამ მიზეზს მოგვიანებით დავუბრუნდები.

2013 წლის 30 ივნისს მასობრივი პროტესტის ტალღა მოედო მთელს ეგვიპტეს. მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა იყო. მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. აქციებს სათავეში ოპოზიცია ჩაუდგა, რომელიც მუბარაქის მთავრობის წევრებით არის დაკომპლექტებული. უმთავრესი როლი იმან ითამაშა, რომ პრეზიდენტს ჯარიც განუდგა და ხალხის მხარეს დადგა. მათი განცხადებით, თუ 3 ივლისამდე (48 საათში) მოთხოვნა არ შესრულდებოდა, ისინი ძალას გამოიყენებდნენ და მართვის სადავეებს თავად ჩაიბარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი არ ჰქონდათ. შეიარაღებული ძალების ეს განცხადება გაგებული იყო როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობა, თუმცა მეორე დღესვე გააკეთეს კომენტარი, რომ ისინი არ აპირებდნენ სამხედრო გადატრიალების მოწყობას, მხოლოდ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გადაიბარებდნენ ხელისუფლებას.

2 ივლისს მურსიმ სიტყვით მიმართა ხალხს და საჯაროდ დაგმო ულტიმატუმი, რომელიც მას ჯარმა წაუყენა. მისი განცხადებით, ის არ აპირებდა დაეტოვენინა თანამდებობა, ის ხალხის არჩეული პრეზიდენტი იყო და განაგრძობდა მუშაობას.

3 ივლისს შეიკრიბა სხდომა, რომელმაც მურსი ყოფილ პრეზიდენტად გამოაცხადა და ძალაუფლება ჯარს გადააბარა. სხდომას ესწრებოდნენ ეგვიპტის თავდაცვის მინისტრი აბდულ ფათაჰ ალ-სისი, ოპოზიციის ლიდერი მუჰამმად ალ-ბარადაი, ალ-აზჰარის იმამი აჰმად ალ-ტა’იბი და კოპტების პაპი თეოდოროს II. 4 ივლისის შემდეგ მუჰამმად მურსის კვალი ქრება, არავინ იცის, სად იმყოფება და რას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ამ გამარჯვებას მუსლიმი ძმების არსებობის დასასრულს უწოდებს, ექსპერტები ამბობენ, რომ მათი არსებობა ამით არ დასრულდება, შეიძლება ისევ “მიწისქვეშეთში” გადაინაცვლონ, თუმცა მაინც განაგრძობენ მოქმედებას.

ამჟამად მთავრობა შეიარაღებული ძალების ხელშია. ისინი მუშაობენ მთავრობის დაკომპლექტებაზე, პრემიერისა და მინისტრების დანიშვნაზე. პარალელურ რეჟიმში გამოსვლები გრძელდება, აქციის მონაწილეები მოითხოვენ დროებითი მთავრობის სწრაფ მოქმედებას, რომელიც რეალურ შედეგებს მოიტანს.

მერვე მიზეზი, კი რომელიც ვახსენე, სწორედ ამჟამინდელ მდგომარეობას უკავშირდება, მუბარაქის მომხრეები ამბობენ, რომ ეს იყო სამხედრო გადატრიალება და არა ხალხის სურვილი, ამიტომ მოქალაქეების არჩეული პრეზიდენტი აუცილებლად დაბრუნდება და განაგრძობს საკუთარი მოვალეობის აღსრულებას. ამის წინააღმდეგ გამოდიან დღესაც ეგვიპტელები, რითაც ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის გადაყენება იყო მათი ნება.

ძალიან საინტერესოა მურსის ვაჟის უსამა მურსის ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც CNN-მა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი ძმები და მათი მომხრეები ცდილობენ იშვიათად გამოჩნდნენ, ვინაიდან დროებითი მთავრობა სწორედ მათ სდებს ბრალს რამდენიმე სერიოზულ დანაშაულში და გამოძიებამ დააყადაღა მათი ქონება, უსამა ჟურნალისტს ერთ-ერთ მთავარ მეჩეთში შეხვდა. ძალიან საინტერესოა, თუ როგორ აღწერს კორესპოდენტი პრეზიდენტის ვაჟს და მასთან შეხვედრას. სწორედ ამიტომ ბმულს თან ვურთავ სტატიას.

აქ კი მხოლოდ ერთ ციტატას მოვიყვან ინტერვიუდან, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა უსამამ ეგვიპტის ზოგისთვის ყოფილ და ზოგისთვის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს: “მამა, შენ ხარ ლეგიტიმური ლიდერი, შენ ხარ არჩეული ლიდერი და არჩეული პრეზიდენტი. ჩვენ მივიღებთ შენს ყველა გადაწყვეტილებას, გადადგომასაც კი. შენი ოჯახი ამაყობს შენით. ღმერთმა დაგლოცოს.”

რთულია განჭვრიტო რა იქნება შემდეგ. დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას სჭირდება დიდი დრო და მრავალი ეტაპი, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ერთპიროვნული, დიქტატორული მმართველობა იყო.




ინტერვიუ ოსამა მურსისთან - http://edition.cnn.com/2013/07/11/world/meast/egypt-morsy-son-interview/index.html?hpt=imi_mid 

ნიკოლოზ ჩარკვიანი

ფოტოები მოგვაწოდა ქეთევან სვანაძემ
კაირო, 2013

Wednesday, June 13, 2012

თავისუფალი პარლამენტის მეექვსე სესია

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ თავისუფალი პარლამენტი მორიგ სესიას მართავს 30 ივნისი - 2 ივლისი. როგორც იცით, ამჯერად სესია იქნება საერთაშორისო და მასში მონაწილეობას ქართველ დელეგატებთან ერთად მიიღებენ აზერბაიჯანელი, სომეხი, უკრაინელი და მოლდოველი დელეგატები.

სესია იქნება ძალიან საინტერესო, რადგან შერჩეული პარლამენტი უშუალოდ უკავშირდება საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს. პარლამენტის მიზანი, საქართველოსა და ჩამოთვლილი ქვეყნების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვებაა, რაც შეუწყობს ხელს სახელმწიფოების ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებას.

ვიწყებთ ერთ-ერთი სამუშაო კომიტეტის ხელმძღვანელის შერჩევას, იცით, რომ მთავარი მოთხოვნა თავისუფალი პარლამენტის სესიაში მონაწილეობის გამოცდილებაა. ასევე გიგზავნით აპლიკაციას, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ 18 ივნისის ჩათვლით.

https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dFZvYWo2RGtPczhNWUZDSFlzT2NMMEE6MQ

შეგახსენებთ, სამუშაო ენა არის ინგლისური.

გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით,
თავისუფალი პარლამენტი