Friday, August 23, 2013

რელიგიური დაპირისპირება საფრანგეთში


საფრანგეთის 65 მილიონიანი მოსახლეობიდან 5 მილიონი მუსლიმია. 2011 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა აშკარად გამოხატული რელიგიური სიმბოლოების ტარებას. ამ კანონმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია ადგილობრივ მუსლიმებს შორის, რადგან ქალების უმრავლესობისთვის რელიგიის ნაწილადაა ქცეული სახის დაფარვა პირბადით, ნიქაბითა და ბურქით.
2011 წლის შემდეგ, დაპირისპირებამ, რელიგიურ საფუძველზე, თანდათან უფრო დაძაბული სახე მიიღო. მუსლიმების ლიდერმა საფრანგეთში ამ მოვლენებს „ისლამოფობიის კლიმატის’’ გაუარესება უწოდა და აშკარა უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მთავრობა არ იღებს დამატებით ზომებს  მუსლიმების წინააღმდეგ დისკრიმინაციული აქტების შესაწყვეტად.
ფაქტია, რომ საფრანგეთში უკანასკნელ წლებში თავდასხმები რასისტულ ნიადაგზე გაიზარდა 60%-ით, უფრო კონკრეტულად :

  • 2012 წელს მოხდა თავდასხმა 40 მეჩეთზე, 2011 წლის ფონზე ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია;
  • 2012 წელს მოხდა 469 თავდასხმა, ასევე რელიგიურ ნიადაგზე;
  • მოსახლეობაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 54% -ის აზრით, საფრანგეთის მთავრობა ძალიან ბევრ უფლებას ანიჭებს ისლამის მიმდევრებს. 
 
მუსლიმების განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია გამოიწვია აგვისტოში მომხდარმა ფაქტმა: საფრანგეთის პოლიციამ დააკავა 23 წლის სამხედრო პირი, რომელიც გეგმავდა ტერორისტული აქტის განხორციელებას მეჩეთზე. გამოძიების თანახმად, ჯარისკაცმა აღიარა თავისი განზრახვა და ასევე თავის თავზე აიღო ტერორისტული აქტი, რომელიც ერთ-ერთ მეჩეთზე განხორციელდა გასული წლის აგვისტოში, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ქალაქ ლიბურნში. 
ქამელ ქაბტანემ, რომელიც ლიონის მთავარი მეჩეთის სულიერი ლიდერია, მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ მისთვის განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ თავდამსხმელი ჯარისკაცია, „პირი, რომელიც ვალდებულია დაიცვას საფრანგეთი’’. მან ასევე განაცხადა: „დღესდღეობით საფრანგეთში ისლამოფობიის კლიმატი ბატონობს. ჩვენ საკუთარ თავს ვერ მოვატყუებთ’’.  და იქვე დაამატა: „ეს ყველაფერი რამდენიმე წელია რაც გრძელდება, თუმცა ამჯერად ხალხმა თავისი სიტყვა საქმედ აქცია’’.
იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ უკანასკნელ წლებში თავდასხმების რაოდენობა 60%-ითაა გაზრდილი, ქამელ ქაბტანემ, ლიონის გარეუბანში გამოსვლისას თავისი ასობით მომხრის წინაშე, მოითხოვა, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ოლანდიმ, მიიღოს „სერიოზული ზომები’’ ისლამოფობიის წინააღმდეგ.
ქამელ ქაბტანეს ბრალდებების პასუხად, „ნაციონალური ფრონტის’’ ლიდერმა განაცხადა, რომ „საფრანგეთი რასისტული ქვეყანა არ არის’’.
„ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ ერთ დღესაც ფრანგმა ხალხმა გაიღვიძა და თქვა: დღეიდან მე ვიქნები არატოლერანტული?’’  მისი განცხადებით, იმის გამო, რომ საფრანგეთი თავს არიდებს მუსლიმი საზოგადოების „საქმეებში’’ ჩარევას, საფრანგეთი რასისტულ ქვეყანად შერაცხეს.
ფაქტია, რელიგიურ საფუძველზე მართლაც მოხდა ბევრი თავდასხმა, რომელსაც 2011 წლის აპრილში მიღებულ კანონს უკავშირებენ. რიცხვები გვაჩვენებს, რომ თავდასხმების რაოდენობა აშკარად გაზრდილია. მაგალითად: მაისში მოხდა თავდასხმა, 17-წლის მუსლიმ გოგონა რაბიაზე; მან განაცხადა, რომ თავს დაესხნენ ე.წ. „სკინჰედები’’, რომლებმაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და „ბინძური მუსლიმი’’ უწოდეს. ივნისში ფეხმძიმე მუსლიმმა ქალმა ნაყოფი დაკარგა, მას შემდეგ რაც თავს დაესხნენ ჩადრის გამო და ანტი-ისლამური სლოგანებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა მარტში მომხდარი ინციდენტის ფონზე, როდესაც 22 წლის მუსლიმმა დაჭრა ფრანგი ჯარისკაცი. ეს მოვლენა შეფასდა, როგორც მკვლელობა ტერორისტულ ნიადაგზე. ამ ყველაფერთან ერთად, ხშირად ხდება მეჩეთების კედლების დაფარვა ანტი-ისლამური სლოგანებით და მუსლიმთა სალოცავების სხვა გზებით შეურაცხყოფა... გასაკვირი არაა, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობაში დაძაბულობასა და მუსლიმების მხრიდან დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მათი განცხადებით, უკანასკნელ წლებში მათი უსაფრთხოება ეჭვქვეშაა დამდგარი.

ქეთევან ბრეგვაძე

ფოტოები:


Thursday, August 15, 2013

ურუგვაი შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია


2013 წლის 5 აგვისტოს ურუგვაი მომსწრე გახდა პირველი ერთსქესიანი წყვილის ქორწინებისა. 39 წლის როდრიგო ბორდა და 45 წლის სერხიო მირანდა პირველი გეი წყვილია, რომელმაც ქორწინება დაარეგისტრირა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიოში განსხვავებული მოსაზრებები და მიდგომები არსებობს. ერთი სქესის წყვილთა ქორწინება ან ჰომოსექსუალთა ქორწინება გულისხმობს ერთი სქესის ადამიანების სოციალურად და ლეგალურად აღიარებულ ქორწინებას. დღეისათვის ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია მხოლოდ 14 ქვეყანაში. ეს ქვეყნებია: ჰოლანდია, ბელგია, ესპანეთი, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ნორვეგია, შვედეთი, პორტუგალია, ისლანდია, არგენტინა, დანია. მათ  ასევე შეუერთდა ურუგვაი, ახალი ზელანდია და საფრანგეთი.
პირველი ქვეყანა, სადაც  მოხდა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება,  ჰოლანდია გახლდათ. ქვეყანაში მსგავსი კანონი  2001 წელს მიიღეს. აქვე გაიმართა პირველი საქორწინო ცერემონია. 2001 წლის 1 აპრილს, შუაღამეს,  ამსტერდამში ოთხი წყვილი დაქორწინდა, მათ შორის ანა-მარია ტუსი და ელენ ფაასენი. ეს იყო მსოფლიოში  პირველი ერთსქესიანთა ქორწილი.
„ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, თუ დაგვინახავთ ქუჩაში, მიხვდებით, სხვებისგან არაფრით გამოვირჩევით, ერთადერთი, რაც შეიცვლება იქნაბ ის, რომ მას მე მეუღლეს დავუძახებ“, - განაცხადა ტუსმა ცერემონიაზე.
ეს საკითხი მე-20 საუკუნის ბოლო წლებიდან საკმაოდ პრობლემატური და აქტუალური
გახდა. 1989 წელს დანიამ პირველმა წამოაყენა საკითხი ერთსქესიანი წყვილების ურთიერთობის დაკანონებაზე, თუმცა ეს არ განხორციელებულა. 2001 წლიდან  დღემდე  ვითარება შეიცვალა.  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაშიც ნელ-ნელა შედის ცვლილებები, რომლებიც ერთსქესიან წყვილებს  დაქორწინების უფლებას აძლევს.
2010 წლის ივლისში ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან არგენტინა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დაუშვა გეების ქორწინება. ამ ფაქტის შემდეგ მექსიკა იყო ერთადერთი ადგილი რეგიონში, სადაც  ერთსქესიან წყვილებს  შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ქორწინების დარეგისტრირებისა. 2013 წელს, აპრილში, ახალი ზელანდიის პარლამენტმაც ხმათა უმრავლესობით მიიღო ანალოგიური კანონი.
ამავე თვეში, დიდი დავისა თუ წინააღმდეგობის მიუხედავად, საფრანგეთშიც იგივე კანონი შევიდა ძალაში. პარიზში ამ სიახლეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა და მათ მიერ შვილების აყვანის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციებში დაახლოებით 300 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ თებერვალში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონპროექტი მოიწონა, აპრილში კი ერთსქესიანთა ქორწინება საფრანგეთშიც დაშვებულად გამოცხადდა.  
ურუგვაიშიც დაშვებულია ერთსქესიანთა ქორწინება. პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა   და სურვილი გამოთქვა, რომ ის ძალაში შესულიყო.  2013 წლის 12 აპრილს ურუგვაის კონგრესის წარმომადგენელლთა პალატის 2/3-მა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინებას კანონიერად აცხადებდა. სენატმა ეს კანონპროექტი მოიწონა და ურუგვაის პრეზიდენტ ხოსე მუხიკას ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევიდა.  ქვეყანაში პირველი პრეცედენტი გახლდათ როდრიგო ბორდასა და მისი მეწყვილის ქორწინება, 2013 წლის 5 აგვისტოს. წყვილი 14 წლის განმავლობაში იყო ერთად. მათ სხვა ურუგვაელმა წყვილებმაც მიბაძეს. პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ კანონს ხელი 2013 წლის მაისში მოაწერა, თუმცა ის მხოლოდ 90 დღის შემდეგ ამოქმედდა. წყვილი აცხადებდა, რომ მათთვის ეს ნაბიჯი საკმაოდ საპასუხისმგებლო იყო. როდრიგო ბორდასა და მისი მეწყვილის აზრით,  ამ კანონის მიღებით სახელმწიფომ აღიარა მათი უფლებები, ასევე ისიც, რომ რაიმე განმასხვავებლი ნიშნებით ადამიანები არ იყოფიან. პირველმა რეგისტრაციამ შეუფერხებლად ჩაიარა, ცერემონია  მონტევიდეოს საავადმყოფოში ჩატარდა და მას ოფიციალურად  ლუიზა სალაბერი უძღვებოდა. ცერემონიას   მხოლოდ მეჯვარეები და ნათესავები ესწრებოდნენ. როდრიგო ბორდა და სერხიო მირანდა ქორწილის აღნიშვნას სექტემბერში აპირებენ და ამბობენ, რომ ამ დღეს საჯაროს გახდიან, არა იმიტომ, რომ მათ უნდათ ამ დღის მსოფლიოსთვის გაზიარება, არამედ, იმიტომ, რომ მათ სურთ მისცენ მაგალითი სხვა ერთსქესიან წყვილებს, რომლებსაც სურთ ქორწინების დარეგისტრირება, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
საჭირო გახდა ერთადერთი ცვლილების შეტანა,  ეს გახლავთ მიმართვა,  „მისტერ“ და „მისის“, რომელიც შეიცვალა „პარტნიორით“ ან „მეუღლით“.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გეი წყვილი ამავე დღეს გეგმავდა ქორწინების დარეგისტრირებას, თუმცა ვერ განახორციელეს. მათ შორის იყვნენ სალსამენდი და მისი პარტნიორი, რომლებიც 2012 წელს დაქორწინდნენ ბუენოს-აირესში და მხოლოდ ახლა ჩავიდნენ ურუგვაიში, რათა ოფიცილაურად დაერეგისტრირებინათ ქორწინება ორშაბათს, 5  აგვისტოს. თუმცა ეს საჭირო აღარ გახდა, რადგან ურუგვაიში  ახალი კანონი მათ ავტომატურად ცნობდა დაქორწინებულად.

მარიამ აბუაშვილი

ფოტოები:

1. www.thinkprogress.org
2. www.telegraph.co.uk
3. www.goldcoastloveboat.com

Tuesday, August 6, 2013

სომალი - ძალაუფლებისათვის ბრძოლის ველი



სომალი არის სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. მისი ოფიციალური სახელია სომალის რესპუბლიკა. მას ჩრდილო-დასავლეთიდან  ჯიბუტი, სამხრეთ-დასავლეთიდან კი კენია ესაზღვრება.  ჩრდილოეთით მდებარეობს ადენის ყურე, რომლის მეშვეობითაც უკავშირდებიან იემენს, აღმოსავლეთიდან სომალს ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, ხოლო დასავლეთიდან- ეთიოპია.
სომალის მოსახლეობა 10 მილიონს შეადგენს. მაცხოვრებლების 85%-ს ეთნიკური სომალელები წარმოადგენენ. ოფიციალური ენებია სომალური და არაბული. რაც შეეხება რელიგიას, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმია, მათი უმრავლესობა კი სუნიტი გახლავთ.
სომალი ითვლება აფრიკის ერთ-ერთ პრობლემურ სახელმწიფოდ, სადაც მუდმივი ომები და დაპირისპირებები მძვინვარებს.
სომალის ტერიტორიაზე დასახლებები უძველესი დროიდან არსებობდა. შუა საუკუნეებში ეს ტერიტორია მუსლიმური სახელმწიფოების შემადგენელი ნაწილი გახდა. მოგვიანებით მას ბრიტანეთის იმპერია აკონტროლებდა. 1960 წელს გაერთიანდა ბრიტანული სომალილენდი და იტალიური სომალილენდი. სომალმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.  ქვეყანაში დამყარდა სამხედრო მმართველობა. 1991 წლიდან 2000 წლამდე კი სომალში არ არსებობდა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა. 1991 წლიდან აქ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში შექმნილია ადგილობრივი მთავრობა, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვის. მათგან აღსანიშნავია ქვეყნის ჩრდილოეთით არსებული სომალილენდი. სომალი ძალაუფლებისათვის ბრძოლის ველად არის ქცეული.
2012 წლის 20 აგვისტომდე სომალს საერთაშორისო ძალების მიერ აღიარებული გარდამავალი ფედერალური მთავრობა ჰყავდა, თუმცა მას მოქმედების ვადა ამოეწურა. ის 2004 წელს გარდამავალი ფედერალური პარლამენტის მიერ მიღებული გარდამავალი ფედერალური ქარტიის (TFC) ფარგლებში დაკომპლექტდა. რაც შეეხება ძალაუფლების განაწილებას, გარდამავალი ფედერალური მთავრობა წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს, პარლამენტი კი - საკანონმდებლოს. მთავრობას ხელმძღვანელობდა სომალის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერ მინისტრი დასამტკიცებლად წარუდგენდა მინისტრთა კაბინეტს. გარდა გარდამავალი ფედერალური მთავრობისა, რომელიც საერთაშორისო აღიარებით სარგებლობდა, სომალში პარალელურად მართვაზე პრეტენზიას კოალიციური მთავრობა და ისლამური კავშირიც აცხადებდა. 2006 წელს Islamic Courts Union-მა სომალის სამხრეთზე კონტროლის მოპოვება სცადა და შარიათის კანონების გავრცელებას შეეცადა. ფედერალურმა მთავრობამ, ავტორიტეტის დაბრუნების მიზნით, ეთიოპიელ სამხედროებთან, აფრიკული კავშირის სამშვიდობო და ამერიკულ საჰაერო ძალებთან ერთად,  ისლამისტების შეჩერება შეძლო.  თუმცა 2008 წელს ასპარეზზე კოალიციური მთვარობაც გამოჩნდა. სომალის ტერიტორია ძალაუფლებისათვის მებრძოლი პოლიტიკური და სამხედრო ძალების პოლიგონად იქცა. რამდენიმე პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სომალელებისათვის ყოველდღიურობა გახდა.
დღეს სომალში ინფრასტრუქტურა, თითქმის მთლიანად, მოშლილია. მთავრობა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, მხოლოდ დედაქალაქს და რამდენიმე რაიონს აკონტროლებს, სხვაგან კი ისლამისტური დაჯგუფებები და სეპარატისტები ლიდერობენ.
მძიმე პოლიტიკური ფონის გარდა, მსოფლიოს ყურადღებას სომალი შიმშილობის მაჩვენებლებითაც იქცევს. ქვეყანაში შიმშილისგან ყოველ ოთხ წუთში ერთი ბავშვი იღუპება. გაუსაძლისი სოციალური პირობები, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, წყლის და საკვების დეფიციტი, მუდმივი ომი, აფეთქებები, თავდასხმები, კრიმინალის მაღალი დონე, ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევა - ეს ყველაფერი სომალელებისათვის რეალობაა.  
დღეს ქვეყანაში ვითარება უკიდრუსად მძიმეა. შეტაკებები გახშირებულია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც კი ერიდებიან სომალის ტერიტორიაზე შესვლას.  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სომალს სტაბილური მთავრობა, ფაქტობრივად, არ ჰყოლია. ასეთად მხოლოდ ფედერალური მთავრობა შეიძლება ჩაითვალოს, ისიც მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობდა. სამოქალაქო ომი სომალელების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. იბრძვის ყველა, ყველას იარაღი აქვს. Youtube-ზე ბევრ ვიდეოს წააწყდებით სომალელი ქალების შესრულებით. ისინი თავიანთ რელიგიასა და სამშობლოს იცავენ. არასრულწლოვანი ბავშვებიც ჯარისკაცების გვერდით დგანან.
ამდენად, სომალი დღეს ყოველმხრივ შველასა და დახმარებას საჭიროებს. სანამ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მსურველები ომს ომზე იწყებენ, ადამიანის უფლებები აშკარად ირღვევა, ბავშვები შიმშილით იხოცებიან, სომალი სულ უფრო და უფრო „იძირება ჭაობში“, საიდან ამოსვლა ქვეყნისთვის საკმაოდ რთული იქნება.

მარიამ ჩარკვიანი
ფოტოები:
1. http://www.bbc.co.uk/news/world-africa-22380352
2. http://www.theepochtimes.com/n2/world/somali-government-officially-recognized-by-us-after-decades-337368.html
3. http://www.africanews.com/documents/d5/d1/d5d10ab9019132b035a97dd51d6452a2.jpg
 
 

Saturday, August 3, 2013

რუსული დემოკრატია და ევროპული სამართლიანობა დაძმობილდნენ



ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  2013 წლის  25 ივლისის დადგენილებით,  ყოფილი მაგნატის, მიხეილ ხოდორკოვსკისა და, მისი ბიზნეს პარტნიორის, პლატონ ლებედევის სასამართლო წესით დევნა და ბრალდება არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას  საპროცესო ნორმები დაირღვა. ეს მიზნად ისახავდა საქმის ბრალდებულების წინააღმდეგ გადასინჯვის შესაძლებლობის გამოყენებას.
ხოდორკოვსკი და ლებედევი დააპატიმრეს 2003 წელს. მათ ბრალი წაუყენეს თაღლითობისა და გადასახადების დამალვისათვის. საქმის განზოგადების შემთხვევაში, ხოდორკოვსკისა და ლებედევის დაპატიმრება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური სადამსჯელო ღონისძიება ხოდორკოვსკის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინისთვის კონკურენციის გაწევის სურვილის გამოთქმის გამო. აღსანიშნავი და ლოგიკურია, რომ რუსეთის ხელისუფლება   აღნიშნულ მტკიცებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
ხოდორკოვსკისა და ლებედევს 2005 წელს მიესაჯათ 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთა. 2010 წელს ისინი კვლავ ერთად გასამართლდნენ მეორე საქმისათვის, რომელიც კომპანია „იუკოსი“–დან ნავთობის მოპარვასა და დოკუმენტების გაყალბებას ეხებოდა. გასული წლის  დეკემბერში, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ხოდორკოვსკისა და ლებედევს შეუმცირა პატიმრობის ვადა 13–დან 11 წლამდე. მსჯავრდებულები 2014 წელს განთავისუფლდებიან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებაში აღწერილია,  2005 წელს, პირველი სასამართლო პროცესისას, არ იყო გარანტირებული მხარეთა თანასწორობა და ადვოკატებზე ზეწოლა ხდებოდა. აღნიშნული დადგენილება, ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, წარმოადგენს პატიმრობაში მყოფი ხოდორკოვსკისა და ლებედევის განთავისუფლების საფუძველს.
რია ნოვოსტის ცნობით, 2013 წლის 25 ივლისს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  ახალი ინფორმაციით, შესაძლოა,  პირველ საქმესთან დაკავშირებული  გადაწყვეტილება გაუქმდეს. ეს კი საქმის ხელახალი გადასინჯვის საფუძველი გახდება.
„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ შეუძლია დაამტკიცოს პირი დამნაშავეა თუ არა, ის უბრალოდ აწესებს მინიმალურ სტანდატრებს სასამართლო პროცესისათვის. სწორედ რამდენიმე ასეთი სტანდარტი იყო დარღვეული“, – აცხადებს ხოდორკოვსკის ადვოკატი, კატარინა მოსკალენკო, The Moscow Times-თან სატელოფონო საუბრისას.
„ჩვენ ამის (დადგენილების) მისაღებად ვიბრძვით 2005 წლიდან. აღნიშნული დადგენილება ძალაში უნდა შევიდეს 3 თვის განმავლობაში. ძალიან საინტერესოა რას მოიმოქმედებს რუსეთის ხელისუფლება, რამდენადაც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში ცალსახად გაწერილია შემთხვევები, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამტკიცებს დარღვევებს. შედეგი, მათ შორის, შეიძლება იყოს პროცედუალური ნორმების დარღვევით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება“, – აცხადებს მოსკალენკო.
ვლადიმერ კრასნოვი, პლატონ ლებედევის ადვოკატი, რია ნოვოსტისთან საუბარისას აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების გათვალისწინებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საქმის ხელახალი გადასინჯვა.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა, თუმცა რუსეთს კვლავ რჩება სამართლებრივი საშუალება, დადგენილება სასამართლოს უმაღლეს პალატში გაასაჩივროს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხოდორკოვსკისა და ლებედევის რუსეთის შორეულ საპატიმროებში მოთავსება უკანონოდ მიიჩნია, რადგან პატიმრებს  თავიანთ ოჯახებთან ვეღარ აქვთ ურთიერთობა.
ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ სცნო მეშჩანსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ხოდორკოვსკის ფედერალური საშემოსავლო სამსახურისთვის 17.3 მილიარდი რუსული რუბლის გადახდა დაევალა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ხოდორკოვსკის სასარგებლოდ, მორალური ზიანისთვის, რუსეთის სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს 10 ათასი ევრო. ლებედევთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, თუმცა მას არაადამიანურად არ  მოპყრობიან. ამდენად, ლებედევის ადვოკატების მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
საგულისხმოა, რომ ეს არ ყოფილა ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ხოდორკოვსკისა და ლებედევთან დაკავშირებით მიღებული პირველი დადგენილება. 2011 წლის სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება აღიარებდა, ხოდორკოვსკის დაპატიმრება,სასამართლოს მიერ ბრალდებულად ცნობამდე, საპროცესო უფლებების დარღვევა იყო. თუმცა სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივაცია არც ამ შემთხვევაში დადასტურებულა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის დადგენილებას ეხმაურება ხოდორკოვსკის დედა, ლუდმილა ხოდორკოვსკაია. BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ იმედგაცრუებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს კომპეტენციას, საქმის პოლიტიკური მოტივაციის დადგენასთან დაკავშირებით. ლუდმილა ხოდორკოვსკაია ასევე ადანაშაულებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსეთის ხელისუფლების ზედმეტ შემწყნარებლობაში. ანალოგიურ პოზიციას იზიარებს, ვეტერანი უფლებადამცველი და ჰელსინკის ჯგუფის მოსკოვის ხელმძღვანელი, ლუდმილა ალექსეევა, რომლის აზრითაც, სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება „...იყო არამარტო შემწყნარებლური, არამედ ლაჩრულიც კი....“
„ჩემი შეფასება დადგენილებისადმი არის უარყოფითი. თუ ისინი აღნიშნულ საქმეში ვერ ხედავენ პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველს, მათ აქვთ მხედველობის პრობლემა“, - აღნიშნავს ალექსეევა.
 დავით ჩიქოვანი

ფოტოები: 
1. © PATRICK HERTZOG / AFP
2. http://letthemgonow.org/
3. © Антон Голубев/Reuters