გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ეკონომისტი და ეპიდემიოლოგი დევიდ სტექლერი (David
Stuckler) და ამერიკის შეერთებული შტატების ფიზიკოსი და ეპიდემიოლოგი სენჯაი
ბასუ (Sanjay Basu) აკვირდებოდნენ ეკონომიკური დაღმასვლებისა და კრიზისის
ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ეს კვლევა გამოქვეყნდა სათაურით:
„ადამიანის სხეულის ეკონომიკა: რატომ კლავს
„მოჭერილი ქამრების“ პოლიტიკა?!”
ევროპაში დაწყებული ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცის, გამკაცრების
პოლიტიკის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ეს მიმდინარე პროცესია და მისი
შედეგებიც გზადაგზა იჩენს თავს. CNN–ის განცხადებით, ისინი აკვირდებოდნენ
მოსახლეობის ჯანმრთელობას, ხედავდნენ, „შემოჭერილი ქამრების“ პოლიტიკისგან ევროპაში როგორი ნელი მოქმედებით წარმოიქმნა საშინელება. ეს იმ დროს, როცა პოლიტიკოსები
თვალსაჩინო შედეგებზე კვლავ თვალს ხუჭავდნენ.
თავდაპირველად, ბიუჯეტის
ხარჯების გამკაცრების სქემა იმისთვის შეიქმნა, რომ შემცირებულიყო ვალები. 3
წლის შემდეგ, ევროპაში ბიუჯეტის შემცირება დაიწყო, შედეგი ასეთია: მწვავე, შერეული შემცირებები საბიუჯეტო პროგრამებში არ არის გამოსავალი, უფრო პრობლემის ნაწილია
და ადამიანები დიდ დანაკარგებს განიცდიან (საუბარია არამატერიალურ დანაკარგებზე).
აშშ–სა და ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში,
იტალიაში, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში 10,000-ით მეტი თვითმკვლელობის
შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე რამდენიმე წლით ადრე, ეს რიცხვი კი ისტორიულ
ტენდენციას ბევრად აჭარბებს. სუიციდის ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა ყველაზე ცუდ ეკონომიკურ მდომარეობაში მყოფ ქვეყნებში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური დაღმასვლის დროს
თვითმკვლელობისა და დეპრესიების ზრდის თავიდან აცილება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია: ქვეყნები, რომლებშიც ბიუჯეტი
შემცირდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტების ხარჯზე, ნათლად აჩვენებდა
უარეს შედეგს, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებშიც მთავრობამ სხვა სტიმულს მიმართა.
მაგალითად, საბერძნეთი საზოგადოების ჯანმრთელობის მხრივ კატასტროფის
წინაშეა. იმასთვის, რომ დაეკმაყოფილებინა ბიუჯეტის დეფიციტის ის მოთხოვნები, რომლებიც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ევროპის კომისიამ და საერთაშორისო
სავალუტო ფონდმა წაუყენა, საბერძნეთმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი
თანხა 40%–ზე მეტით შეამცირა.
როგორც საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, „ეს არა სკალპელით, არამედ ყასბის დანით მიყენებული ჭრილობებია“. საერთო
დანახარჯები სახელმწიფოს მხრიდან მშპ–ს 6%–მდე დავიდა (გაერთიანებული სამეფო- 8%,
გერმანია– 9%). ამის შედეგად, HIV ინფექციები, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით,
200%–ით გაიზარდა, ძირითადად ნარკოტიკის მომხმარებელთა ხარჯზე, რადგან მათ მიერ
გამოყენებადი ნემსების გავრცელების პროგრამა ბიუჯეტში შეკვეცეს (გაანახევრეს).
ქვეყანაში მალარიის ეპიდემიაც გავრცელდა –ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მწვავე –
მას შემდეგ რაც კოღოების საწინააღმდეგო სპრეის პროგრამა ბიუჯეტიდან ამოიღეს.
ეს კრიზისი შეეხო წამლებსაც, რადგან სახელმწიფო პროგრამების
შემცირებასთან ერთად, მათი მომხმარებლის რიცხვიც დაეცვა. 2008 წლიდან იმ ხალხის
რაოდენობა, რომლებსაც არ აქვს საშუალება ჯანმრთელობას მიხედოს, 40%–ით
გაიზარდა, ძირითადად პენსიონერთა ხარჯზე. პაციენტები კერძო დაწესებულებებში
მკურნალობას ვეღარ ახერხებდნენ, თანხიდან გამომდინარე, ამან კი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში
მყოფ საავადმყოფოებში დატვირთვა 24%–ით გაზარდა. ამ ყველაფერს მოჰყვა ექიმებისა და
კლინიკების გადატვირთვა. ბავშვთა სიკვდილიანობა კი 2008–დან 2010 წლამდე 40%–ით
გაიზარდა. საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებმა,
ექთნებმა და ექიმებმა დაკარგეს სამუშაო. ამ ყველაფრის ფონზე, მათი რიცხვი 35 ათასს აღწევდა. იმედდაკარგულმა მოსახლეობამ
დაიწყო იაფასიანი წამლების გამოყენება. ანტიდეპრესანტების მოხმარებამ პიკს მიაღწია. ევროპაში თვითმკვლელობის მაჩვენებელმა საგრძნობლად
იმატა.
საყურადღებოა, იყო კი ეს შედეგები საბერძნეთის კრიზისისთვის
აუცილებლად თანმდევი?! შეიძლებოდა თუ არა მათი თავიდან აცილება?! არავინ დაობს,
რომ საბერძნეთის ფინანსურმა და პოლიტიკურმა ელიტამ დაუშვა შეცდომები, არც
ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მხრივ გადადგმული ნაბიჯები იყო გამართლებული,
მაგრამ იმ პირობებში ბერძნების გასაჭირი, შეიძლება ითქვას, გარდაუვალი იყო.
თუ ქრონოლოგიურად და დეტალურად გავაანალიზებთ კორელაციას კრიზისსა და
ჯანდაცვის პრობლემებს შორის, დავინახავთ, რომ ამ სფეროში მდგომარეობა ყველაზე მწვავე არა 2008 და 2009
წელს, არამედ 2010 წელს იყო, როდესაც ბიუჯეტის შეზღუდვები დაიწყო.
ეს გვაჩვენებს, რომ კრიზისთან ერთად, ადამიანები თავად ამ ფაქტის გამო კი არ
ხდებიან ცუდად, არამედ ფისკალურ პოლიტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშნელობა და სახელმწიფოს
ხელში ის მომაკვდინებელ იარაღად შეიძლება იქცეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 1930–იან წლებში, დიდი დეპრესიის დროს,
სიკვდილიანობის დონე 10%–ით დაეცა. ეს იმ ფონზე, როდესაც თვითმკვლელობათა რიცხვმა დაუსაქმებელ ადამიანთა შორის საგრძნობლად იმატა 1929
წლიდან 1932 წლამდე. მაგრამ ეს მაჩვენებელი გადაწონა სიკვდილიანობის კლებამ, რაც გამოიწვია
ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებამ, მოსახლეობა, საწვავის ეკონომიის მიზნით, ნაკლებად
გადაადგილდებოდა.
აღმოსავლეთ აზიის ფინანსურ კრიზისსაც (1997–1998 წწ.) მოჰყვა მსგავსი ტიპის პრობლემები. ინდონეზია, ტაილანდი და მალაიზია
– სამი დიდი ბაზარი ჩავარდა, ფულის
ერთეული გაუფასურდა, მშპ დაეცა და უმუშევრობის დონემ განსაკუთრებით იმატა.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსები განსხვავებულად მოეკიდნენ საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის დაცვას. ინდონეზიამ და ტაილანდმა დასახმარებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართეს, დიდად
შეამცირეს HIV–ს პრევენციაზე გამოყოფილი თანხები. მალაიზიამ კი აირჩია
განსხვავებული გზა, მან დაავადების პრევენციულ ღონისძიებებში ფულის ინვესტირება ამჯობინა. შედეგად,
ინდონეზია და ტაილანდი იტანჯებოდა პნევმონიისა და ტუბერკულოზის კერების
გამძაფრებით, მალაიზიამ კი მოახერხა ამ ეფექტების თავიდან აცილება.
საყურადღებოა კიდევ ერთი საკითხი, თუკი ბიუჯეტის ხარჯვის გამკაცრება
არ მუშაობს, უფრო მეტიც – პრობლემებს ქმნის, კვლავ რატომ მიმართავენ მას ევროპელი
ლიდერები?
ისტორიულად ბევრი ძლიერი ქვეყანაა ერთმანეთთან დაკავშირებული ფულადი
სახსრების მოძრაობითა და გაცვლა–გამოცვლით, გადაუხდელი ვალებიც ახსოვს ისტორიას,
ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული. გლობალიზაციის პირობებში ფულადი
ნაკადების მოძრაობა შეიძლება ისეთი იყოს, რომ ერთი ქვეყნის ფულმა მეორე
გააძლიეროს. ამის მაჩვენებელი შეიძლება გახლდეთ შექმნა საერთო ფონდების, რომლებშიც
სპონსორებზე გადადის ძირითადი სესხები. ფული სახელმწიფოსთვის ძალიან საფრთხილოდ
დასახარჯია, ამიტომ მან უნდა დააბანდოს იქ, სადაც ჭკვიანურად იბრუნებს ფული.
ძირითადად, ეს არის სამუშაო ადგილების გაზრდის მიმართულებით დახარჯული. როგორც
კვლევამ აჩვენა, თითოეული ევრო, დახარჯული საზოგადოების ჯანდაცვაში, მოიტანს 3
ევროს თუ სწორად არის დაბანდებული. თუკი ეს სფერო დაზარალდება, საბოლოოდ შეიძლება ისეთი ზარალის მომტანი
გახდეს, რომ სხვა სფეროდან მოტანილმა სარგებელმა საბოლოოდ მაინც ვერ გადაწონოს.
სალომე მაისურაძე
წყარო:
No comments:
Post a Comment