Thursday, September 5, 2013

რელიგიური უთანხმოება სოფელ ჭელაში

 
2013 წლის აგვისტოში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები საკმაოდ აქტუალური თემა გახდა ინტერნეტ-სივრცესა თუ მედიაში. სოფლის მოსახლეობის ნაწილი მუსლიმია, ნაწილი კი მართლმადიდებელი ქრისტიანი. შესაბამისად, სოფელში არსებული მეჩეთის მინარეთის დემონტაჟს, ორივე მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 
26 აგვისტოს სოფელ ჭელაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობა ცდილობდა ხელი შეეშალა ხელისუფლებისათვის, რათა მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი არ განეხორციელებინათ. გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობი იტყობინებოდა, რომ პოლიციამ რამდენიმე პირი სცემა და, დაახლოებით, თორმეტი ადამიანი დააკავა.  სოფელი ბლოკირებული იყო პოლიციის მიერ, რომლის დიდი ნაწილი მობილიზებული გახლდათ მეჩეთთან, სადაც მიმდინარეობდა მინარეთის დემონტაჟი.  დემონტაჟის შემდეგ პოლიციამ სოფელი დატოვა, ადგილობრივი მუსლიმები კი ახალციხეში ჩავიდნენ და პროტესტის გამოხატვა განაგრძეს. 
საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ქრისტიანი მოსახლეობის მხრიდანაც, რომელთაც სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. მათ მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, რადგან კანონი მოითხოვდა, რომ მოხსნილი მინარეთი უნდა დაეტოვებინათ ჭელაში, სანამ მართლმადიდებელ და მუსლიმ ხალხს შორის შეთანხმება არ მოხდებოდა.
აღნიშნული ნაგებობა ადიგენის საკრებულომ, ადგილობრივი ხელისუფლების
ნებართვის გარეშე, 2013 წლის ივლისში უკანონოდ ააშენა.  თავდაპირველად დემონტაჟის საფუძვლად ადიგენის საკრებულოს გადაწყვეტილება დასახელდა.  მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ამ ქმედების უკან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იდგა.  26  აგვისტოს, საღამოს, შემოსავლების სამსახურმა  გაავრცელა წერილი,  რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დემონტაჟი სამინისტროს ექსპერტიზის მიზნებს ემსახურებოდა, იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამებოდა მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც საქართველოში თურქეთიდან მისი შემოტანისას საბაჟოზე იყო დეკლარირებული.
 „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზირება და შესაბამის სამსახურებს მიეცეთ საშუალება სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო ექსპერტიზა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქართველ მუსლიმთა კავშირმა დაგმო მინარეთის დემონტაჟი და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, უზრუნველეყო კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების უპირობო დაცვა. 
აღნიშნულ მიმართვას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ- მინისტრი, რომელმაც განაცხადა,  სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს რელიგიურ შეუწყნარებლობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
"ვიამაყებთ იმით, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითი არ მოიძებნება. მე ღრმად მწამს, რომ ეს ტრადიცია არსად გამქრალა, რადგან ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია მშვიდობიანი თანაცხოვრება, რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიური გრძნობების პატივისცემა. ეს არამხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა", - განაცხადა მან.
ადიგენში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომელიც აღნიშნულზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ეს ვერ შეძლო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი აზრით, 26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის მოშლით და პოლიციის  მიერ მუსლიმი მოსახლეობის ფიზიკური შეურაცხყოფით დაირღვა ამ უკანასკნელთა უფლებები.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც ცხადი ხდება,  მუსლიმების მიერ მინარეთის განბაჟებისას სახელმწიფოს არ განუცდია ფინანსური ზარალი, თუმცა მისი არსებობის შემთხვევაშიც სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნდათ მინარეთის დემონტაჟის უფლებამოსილება. არასამთავრობო ორგანიზაციები მომხდარის თაობაზე გამოძიების წარმოებასა და იმ მოხელეთა პასუხიგებაში მიცემას ითხოვენ, რომელთა ქმედებებმაც შელახეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
მართალია, საპროტესტო აქციები შეწყდა და ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ საპატრიარქოსა და მუსლიმურ საზოგადოებას შორის მიღწეულმა  შეთანხმებამ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი მხარს უჭერს მინარეთის სოფელ ჭელაში შენახვას, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ნაგებობა ახალციხეში უნდა გადავიდეს.
საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მთავარი მოთხოვნა მინარეთის სოფელ ჭელაში დაბრუნებაა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დააბრუნებენ ნაგებობას სოფელში, მაგრამ  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ამასთან დაკავშირებით, განცხადებები უკვე კეთდება.
სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებუფლებადამცველმა ორგანიზაციებმა  გააპროტესტეს და გააცხადეს, რომ მინარეთის დემონტაჟი არაკანონიერი იყო და ამით დაირღვა მუსლიმი მოსახლეობის უფლებები. ისინი მიიჩნევენ, რომ ნაგებობისათვის ექსპერტიზის ჩატარება მისი დემონტაჟის გარეშეც შესაძლებელი იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სიტუაციას უფრო ამძაფრებს პოლიტიკოსების განცხადებები, ამიტომ მოუწოდებენ მათ, საზოგადოებრივი მღელვარება არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისათვის.
მინარეთთან დაკავშირებულ მოვლენებს რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობად აფასებს საპატრიარქო. სასულიერო პირები ორივე მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, რომ არ აყვნენ პოლიტიკური ძალების  პროვოკაციებს, რომელიც აშკარადაა მიმართული რელიგიური უთანხმოების წარმოშობისაკენ.
ამდენად, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე საპატრიარქო, მომხდარის საფუძვლიანად გამოძიებასა და დამნაშავე პირებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვენ. ხოლო კვლავ აღიმართება თუ არა  სოფელ ჭელაში მინარეთი, ეს უკვე დამოკიდებულია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ყველა დიდი ინტერესით ელოდება.  

მარიამ ჩარკვიანი

ფოტოები:
1. http://www.civil.ge/geo/article.php?id=27258
2. http://sknews.ge/index.php?newsid=2104#.UiXMsNIwoag
3. http://www.tabula.ge/ge/story/74141-bidzina-ivanishvili-minaretis-asheneba-kanondarghvevit-moxda

 




 

 

No comments:

Post a Comment